Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიღებენ თუ არა საქართველოში მყოფი ჩეჩენი დევნილები მონაწილეობას ჩეჩნეთის პრეზიდენტის არჩევნებში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, დსთ-ს მასშტაბით კიდევ ორი არჩევნები ტარდება - საპრეზიდენტო არჩევნები 5 ოქტომბერს ჩეჩნეთში, 15 ოქტომბერს კი - აზერბაიჯანში.

დსთ-ს იალტის სამიტზე პრეზიდენტმა პუტინმა თავის კოლეგა პრეზიდენტებს ჩეჩნეთის არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის თხოვნით მიმართა. პრეზიდენტ შევარდნაძის ფრთხილი პროგნოზით, იგი კომპეტენტური არ არის შეაფასოს, თუ რა სარგებელს მოუტანს საპრეზიდენტო არჩევნები ჩეჩენ ხალხს და რუსეთის ხელისუფლებას.
ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, როგორ უყურებენ ჩეჩნეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში მყოფი ჩეჩენი დევნილები.

პრეზიდენტ შევარდნაძისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილი ჩეჩენი დევნილები საკმაოდ პესიმისტურად არიან განწყობილნი ჩეჩნეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიმართ - მათ უმრავლესობას არ სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ ჩეჩნეთში მშვიდობა დაისადგურებს. შესაბამისად, საქართველოში მყოფი ჩეჩენი დევნილები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ.
კავკასიური ინსტიტუტის თანამშრომელი მექა ხანგოშვილი უარყოფს რუსული ტელეკომპანიებით გავრცელებულ ცნობებს, თითქოს 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის პანკისში საარჩევნო უბანი იხსნება.
[მექა ხანგოშვილის ხმა] "ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მოითხოვენ პანკისში მცხოვრები დევნილები, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ ჩეჩენი დევნილები არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებენ მონაწილოებას ამ არჩევნებში, რადგან ეს არის ფარსი, ეს არის მორიგი ძალადობა ჩეჩენი ხალხის მიმართ".
ომარ უდამოვი ორწელიწადნახევარია თბილისს აფარებს თავს. ის სამხედრო ექიმია. ომის პერიოდში, საექიმო ეთიკის დაცვით, ეხმარებოდა ყველა დაჭრილს, ჩეჩენი იქნებოდა თუ რუსი. მისთვის ცხოვრების ერთი ეტაპი მაშინ დასრულდა, როცა რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს და რამდენიმე თვე ხანკალის ბანაკში გაატარა:
[ ომარ უდამოვის ხმა] "ტყვეობაში ვიყავი 2000 წელს. მაგრამ მხოლოდ ექიმი ვიყავი. ჩემს ხალხს ვეხმარებოდი. ისე მაწამეს, როგორც არსად არ აწამებენ. საცდელი ბაჭიასავით მექცეოდნენ. ფეხებზე ფრჩილები დამაძვრეს".
ომარის ოჯახის წევრების ნაწილი დღეს ჩეჩნეთში ცხოვრობს, ნაწილი - 6 ძმა და 2 და, პანკისის ხეობაში არიან. მისი ინფორმაციით, პანკისში ჩეჩენი დევნილების რაოდენობა ბოლო დროს საგრძნობლად შემცირდა - დღესდღეობით 300-ს არ აღემატება. ჩეჩნეთში დარჩენილ ოჯახთან მას სატელეფონო კავშირი აქვს. შესაბამისად, იცის, რა ხდება სამშობლოში:
[ომარ უდამოვის ხმა] "გუშინ, ღამის პირველის ნახევარზე დამ დამირეკა.აიძულებენ ხმა მისცენ კადიროვს. ჩვენ არ ვაღიარებთ კადიროვს. ჩვენ ვაღიარებთ, ჩვენ ვემორჩილებით ასლან მასხადოვს".

როდის დასრულდება ომი ჩეჩნეთში? მექა ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ ომის შეწყვეტისთვის აუცილებელია პუტინისა და მასხადოვის შეხვედრა:
[მექა ხანგოშვილის ხმა] "ჩეჩნეთს ჰყავს პრეზიდენტი, ლეგიტიმური ხელისუფლება, კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტი მასხადოვი. მე სხვა პრეზიდენტი არ მყავს. რუსეთის პრეზიდენტი უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე მასხადოვთან. სხვა შემთხვევაში ჩეჩნეთში ომის არ შეწყდება. ჩეჩნებს დასაკარგი არაფერი დარჩათ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს. და სანამ ერთი ჩეჩენი ცოცხალია, მანამ იბრძოლებს თავისუფლებისთვის".
სხვა ვერსიას გამოთქვამს ომარი - იგი დარწმუნებულია, რომ ომი ჩეჩნეთში მხოლოდ და მხოლოდ ნავთობის გამო მიმდინარეობს. სხვათა შორის, მსგავსი მოსაზრება გამოთქვა 22 სექტემბერს მოსკოვში გამართულ საპროტესტო მიტინგზე - მიტინგის 3 ათასამდე მონაწილე აპროტესტებდა ჩეჩნეთში მიმდინარე ომს - რუსეთის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარემ ივან რიბკინმა. მან განაცხადა, რომ ჩეჩნეთის მთელი ომის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, აეფეთქებინით ნავთობის ეშელონები, მაშინ, როცა სამგზავრო მატარებლების აფეთქებები ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული.
ცნობისთვის: ჩეჩნეთის ომის განმავლობაში დაიღუპა 70 ათასი მშვიდობიანი მოსახლე და 18 ათასი რუსი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG