Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება


დღეს დილით გამთენიისას ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები აფეთქების ძლიერმა ხმამ გამოაღვიძა. მოგვიანებით გაირკვა, რომ "დემოკრატიული აღონძინების კავშირის"

ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის ოფისთან უცნობმა პირებმა ხელყუმბარა ააფეთქეს. იმის გამო, რომ დილის ხუთ საათზე ოფისი ცარიელი იყო, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. თუ მომხდარს რამდენიმე დღის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ფრიდონ ინჯიას მეუღლის გატაცების მცდელობასაც დავუმატებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საარჩევნო დაპირისპირება და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნელ-ნელა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. რასთან გვაქვს საქმე, ვინ ძაბავს სიტუაციას და სადამდე შეიძლება მივიდეთ?

მართალია, ფრიდონ ინჯიას შემთხვევის მსგავსად, ამჯერადაც არავინ დაშავებულა, მაგრამ "აღორძინების" აქტივისტები კვლავაც პოლიტიკურ დევნასა და ტერორზე საუბრობენ. მათ, მომხდართან დაკავშირებით, საპროტესტო აქციაც კი გამართეს.
[აქციის მონაწილე მამაკაცის ხმა] "ეს იყოს გამაფრთხილებელი. ახლა ჩვენ შევდივართ ყველას მდგომარეობაში და მოვხსნით ამ აქციას და ესეთი გაგრძელდება სისტემატურად, თუ გაგრძელდება ჩვენი დევნა და ადამიანების ასე დაუცველობა. ჩვენ უარესებს ჩავიდენთ".

მომხდართან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ნაძალადევის რაიონში "აღრძინების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გელა ნიორაძეს ვთხოვე.
[ავტორის ხმა] "ეს არს ზეწოლა არჩევნების წინ?"
[გელა ნიორაძის ხმა] "რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! შეშინება, დაშინების მიზნით იყო ეს ყველაფერი, თორემ ჩემ მოსაკლავად რომ ყოფილიყო, დღე მომკლავდნენ".

"ლეიბორისტების" მსგავსად, "აღორძინების" თბილისის ოფისში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ზეწოლას მათი პარტიის წევრებზე ხელისუფლება ახორციელებს, თუმცა სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია ჩემთან საუბარში აცხადებს, რომ ზეწოლისა და ტერორის მიზანს ვერ ხვდება.

[ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმა] "ჩვენ ხელისუფლებას რაც არ უნდა დააბრალო, უგუნურებას ნამდვილად ვერ დააბრალებენ. ნამდვილად წარმოუდგენელია ან აფეთქება, ან ვინმეს მეუღლის მოტაცება რატომ უნდა აწყობდეს არჩევნების წინ ხელისუფლებას, ან კაცმა რომ თქვას, რას აძლევს ან ერთი და ან მეორე ნებისმიერ შემთხვევაში".


წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო შეშფოთებას თავად პოლიტიკოსებიც გამოთქვამენ. "მრეწველთა" ლიდერები - გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე ამასთან დაკავშირებით ამბობენ:

[გოგი თოფაძის ხმა] "ამ ამ არჩევნებმა შეიძლება მიგვიყვანოს სამოქალაქო ომამდე. იმდენ რეგიონშია დაპირისპირება და ისეთი ფორმა მიიღო ამ დაპირისპირებამ, რომ ეს უკვე პოლიტიკური ბრძოლის ფორმებს აცდა რა".

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] "საერთოდ ის, რაც ხდება, ის არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროდ, შეიძლება ცუდი პროგნოზი გაკეთდეს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ძალადობის ნიშნები გამოჩნდება. ამაზე, ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ".

კონკრეტული ინფომაცია, თუ ვინ შეიძლება ატერორებდეს პოლიტიკურ ორგანიზაციებს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში აქვთ, თუმცა ეჭვებს იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს თავადვე უწყობენ მსუბუქ, უმსხვერპლო ტერაქტებს, სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი, პაატა გომელაურიც იზიარებს:

[პაატა გომელაურის ხმა] "ჩვენ საერთოდ მსგავს საკითხებზე არ ვაკეთებთ კომენტარს, თუმცა, კონკრეტულად ამ შემთხვევას არ ვგულისხმობ, მაგრამ ძალიან ბევრი რამე ამ დროში უკავშირდება არჩევნებს".
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG