Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მორიგი გაფართოების წინ


გასული კვირის ბოლოს ლატვიაში წარმატებით ჩატარებული რეფერენდუმი, რომელზეც მოქალაქეებმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ევროკავშირში გაწევრიანებას, შეიძლება ითქვას,

ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მიმართულებით ევროკავშირის გაფართოების პროცესში. 10 კანდიდატი ქვეყანა მზადაა შეურთდეს ევროკავშირს მომავალი წლის გაზაფხულზე. მაგრამ თავად ევროკავშირის შიგნით გარკვეული დუღილის პროცესს აქვს ადგილი, რაც ახალი წევრების მიღებისთვის აუცილებელი პროცედურების შექმნასთანაა დაკავშირებული. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრეფნი ორურკი ვარაუდობს, ამან, შესაძლოა, დააბრკოლოს გაფართოების პროცესი. გაგაცნობნთ ბრეფნი ორურკის მიერ მომზადებულ მასალას ევროკავშირის გაფართოებაზე.


ლატვიაში წარმატებით ჩატარებული რეფერენდუმი უკანასკნელი იყო რეფერენდუმთა იმ სერიაში, რომელიც სხვადასხვა ინტერვალით კანდიდატ ქვეყნებში გაიმართა და მიზნად ისახავადა მოსახლეობის აზრის გაგებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთის, უნგრეთის, ესტონეთის, ლიტვის, მალტის, სლოვენიისა და სლოვაკეთის მოსახლეობამ უფრო ადრე გასცა დადებითი პასუხი რეფერენდუმზე გამოტანილ ამავე შეკითხვას. კვიპროსი კი მზადაა რეფერენდუმის გარეშეც დაუჭიროს მხარი გაწევრიანებას.

მიუხედავად თავდაპირველი ეჭვებისა, რომ ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანაში გაწევრიანების პროცესი შეიძლებოდა შეფერხებულიყო, რეგიონის ხალხებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი კავშირში გაწევრიანების იდეას. და ზოგიერთი ამჟამინდელი წევრი ქვეყნის უკმაყოფილების მიუხედვად, კავშირი მოხარულია ჰყავდეს ახალი წევრები, რითაც, როგორც ხატოვნად განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ეინარს რეპსემ, ევროპა შვებას იგრძნობს:

[ეინარს რეპსეს ხმა] "ხალხები, რომლებიც დაუსხლტნენ საბჭოთა კავშირს, ახლა ევროპის კავშირისკენ მიილტვიან. საბჭოთა კავშირი ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, ეს იყო კომუნისტური რეჟიმი, ეს იყო იმპერია. ევროპის კავშირი კი ეს არის წევრი სახელმწიფოების კავშირი. ასე რომ, მსოფლიო იგივე დარჩა, მაგრამ არსი მნიშვნელოვნად შეიცვალა".

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ევროპის სახლი, რომელიც თავის საზღვრებში 25 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, გაფართოების პროცესს მთლად მომზადებული ვერ ხვდება. ევროკავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც, სპეციალური კონვენციის შესაბამისად, ვალერი ჟისკატ დე სტენის მიერ მომზადდა, კვლავ სადაოდ რჩება და მოსალოდნელია, რომ ამ დოკუმენტის ირგვლი ფიცხელ დაპირისპირებას 4 ოქტომბრისთვის დანიშნულ, რომის სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე ექნება ადგილი. უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ანალიტიკოსის პალ ტამაშის შეფასებით, ეს კონფერენცია გააძლიერებს კანდიდატი ქვეყნების პოზიციას და მათ აქტიურობისკენ ბიძგებს.


[პალ ტომეშის] " ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, ვინაიდან კანდიდატი ქვეყნების უმრავლესობაში საზოგადოებრივი აზრისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ისინი ახლა აქტიური მოთამაშეები არიან, რომ მათაც აქვთ სათქმელი და მხოლოდ პასიური წევრობისთვის არ მიუწვევიათ ევროპის კლუბში".


ფაქტია, რომ მცირე და საშუალო სიდიდის ქვეყნებმა, ისევე, როგორც ევროკავშირის ძველმა და მომავალმა წევრებმა ინიციატივა საკუთარ თავზე უკვე აიღეს. მათ ჩამოაყალიბეს ე.წ. "თანამოაზრეთა" 17 წევრისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც რომის სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე აპირებს უფრო უკეთესი შედეგი მიიღოს პროექტისგან, რომელიც ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნების აზრით, დიდი ქვეყნების სასარგებლოდაა შექმნილი.

მაგრამ გერმანია, საფრანგეთი და იტალია აცხადებენ, რომ მათ არანაირი სურვილი არა აქვთ, რომ ჟისკარ დესტენის პროექტი კრიტიკის ქვეშ მოექცეს, რადგან დარწმუნებული არიან, რომ დოკუმენტი სრულყოფილია. მაგრამ ევროკავშირის სხვა, დიდი თუ მცირე, დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის სახელმწიფოები კი მრავალი ცვლილების შეტანას შეცდებიან. ეს შეეხება როგორც თავდაცვის ღონისძიებებს და ძირითადი ინსტიტუტების დაკომპლექტებას, ისე ხმის მიცემას, რომლის მიხედვით ევროკავშირი სხვადასხვა წონით კატეგორიად არის დაყოფილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG