Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური რეკლამა საქართველოს ელექტრონულ მედიაში


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 25 სექტემბერს ამოიწურა ვადა, რომელშიც საქართველოს ტელე- და რადიოკომპანიებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის უნდა წარედგინათ მონაცემები პოლიტიკური რეკლამისათვის

განკუთვნილი საეთერო დროისა და სარეკლამო ტარიფის შესახებ. განახლებული საარჩევნო კოდექსი ავალდებულებს ელექტრონულ მედიას, თანაბრად გაუნაწილოს საეთერო დრო ამის მოსურნე საარჩევნო სუბიექტებს და, ამასთან, პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი დრო არ აღემატებოდეს დღე-ღამეში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 15%-ს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვადის დარღვევის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას მიმართავს თხოვნით, დამრღვევს მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვას. მაგრამ, როგორც გავარკვიეთ, სინამდვილეში მედია-ორგანიზაციებს ასე მკაცრად არ მოეპყრობიან.

სახელმწიფო ტელევიზიისაგან განსხვავებით, კერძო ტელეკომპანიები არ არიან ვალდებულნი, უფასოდ გამოუყონ თუნდაც შეზღუდული დრო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს. ეს 15% მედია-კომპანიებმა უნდა გაყიდონ, ოღონდ ყიდვის ყველა მსურველს მიჰყიდონ თანაბარ ფასში. ალბათ, საგანგებოდ უნდა აღნიშნოს, რომ ეს დრო მხოლოდ სარეკლამო დროა და შეზღუდვა არ ვრცელდება, მაგალითად, პოლიტიკური დებატების მოწყობაზე.

აღმოჩნდა, რომ რეგიონული ტელეკომპანიების საგრძნობი ნაწილი არ იყო ინფორმირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სარეკლამო ტარიფების წარდგენის ბოლო ვადის შესახებ. გორის ტელეკომპანია "თრიალეთის" გენერალურმა დირექტორმა, ბადრი ნანეტაშვილმა მითხრა, რომ ბოლო ვადის ამბავი 25 სექტემბერს გაიგო და თბილისში სასწრაფოდ მოუხდა მონაცემების გაგზავნა. მე ვკითხე ბადრი ნანეტაშვილს, რა ფასი ექნება ტელეკომპანიაში სარეკლამო დროს.

[ნანეტაშვილის ხმა] "როგორ გითხრათ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასად გავყიდით: დღის საათებში ძალიან იაფია, საღამოს საათებში - იმატებს. ჩვენი მაქსიმუმი სექტემბერში 80 დოლარია, ოქტომბერში - 100 დოლარი წუთში. მაუწყებლობა დღე-ღამეში დაახლოებით 18 საათს გრძელდება".

ახალციხის ტელეკომპანიის - "ლომსიას" ხელმძღვანელმა, ზაზა პეტრიაშვილმა სულაც რადიო "თავისუფლებისგან" შეიტყო, რომ ტარიფების წარდგენის ვადა 25 სექტემბერს იწურება, მაგრამ ამ ამბავს დიდად არ შეუშფოთებია.

[პეტრიაშვილის ხმა] "მე ჯერ არ გამომიცხადებია სარეკლამო დრო იმიტომ, რომ ჯერ მუშაობა არ არის. კლიენტი არ მყავს და არ მეჩქარება. ეგებ, სულაც ერთი თვის შემდეგ ვაპირებ სარეკლამო კამპანიის დაწყებას?! რახან პოლიტიკური პარტიები ჩვენს რეგიონში არ ჩქარობენ პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, არც ჩვენ ვჩქარობთ".

რაც შეეხება საკუთრივ ტარიფებს, ისინი ახალციხის ტელევიზიაშიც წუთში 40-დან 100 დოლარამდე მერყეობს.

გავრცელებული ცნობა, თითქოს ვადის გადაცილების შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას დამრღვევი მედია-კომპანიისათვის მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის მოთხოვნით, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. მარეგულირებელი კომისიის წევრმა, დავით პატარაიამ მითხრა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია ლიცენზიის მხოლოდ შეჩერება მოითხოვოს.

[პატარაიას ხმა] "შეჩერება ნიშნავს, რომ მაუწყებელს უნდა მივცეთ ვადა ამ დარღვევის გამოსასწორებლად. თან ეს ვადა 3 თვეზე მეტი არ უნდა იყოს. პრაქტიკულად, მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენმა კომისიამ არჩევნების წინ მიიღოს ვინმეს ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა საშუალებას მივცემთ მაუწყებლებს, დარღვევების გამოსასწორებლად".
XS
SM
MD
LG