Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ ამომრჩეველთა სიები გამოაქვეყნა


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როგორც იქნა, საზოგადოებას ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნების შესახებ ამცნო. ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, სიები 75 საარჩევნო ოლქის ყველა

- 2862 უბანში უნდა იყოს გამოკრული, გარდა ამისა, სავალდებულოა ამომრჩეველთა მონაცემების ინტერნეტში განთავსება. ყოველივე ამას კანონი ითხოვს, მაგრამ რა მდგომარეობაა რეალურად?

დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკური პარტიები, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს ახორციელებენ და თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები თანხმდებიან იმაზე, რომ გამოქვეყნებული სიები არაზუსტია. იმის შესახებ, თუ რა სახის უზუსტობებს აქვს ადგილი, "სამართლიანი არჩევნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი თამარ ჟვანია აცხადებს:

[თამარ ჟვანიას ხმა] "სიებში დიდი რაოდენობით ამომრჩეველი ფიქსირდება, არიან ძალიან ბევრი გარდაცვლილები, მაგრამ, ამასთან, აკლია ცოცხალი ამომრჩევლები".

იმას, რომ სიები გაბერილი და არაზუსტია, ჩემთან საუბარში ნაძალადევის საოლქო კომისიის წევრი ზურაბ ჯალიაშვილიც ადასტურებს:

[ზურაბ ჯალიაშვილის ხმა] "სიები გადმოგვცა ცესკომ ჩვენ, რაც გადმოგვცა ის გამოქვეყნდა, თან უბნები ამუშავებენ, იმიტომ, რომ რაღაც-რაღაც გაორებები არის. პასპორტი რომ შეცვალა ადამიანმა, კომპიუტერმა, რაკა სხვადასხვა ეწერა, ვერ დააფისქირა".

უზუსტობის გარდა, პარტიებისა და დამკვირვებლების შეშფოთებას იწვეს ის გარემოება, რომ ზოგიერთ საუბნო კომისიაში ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება გვიანდება. ამ ფაქტს ცესკოს თავმჯდომარე ნანა დევდარინიც არ უარყოფს:
[ნანა დევდარიანის ხმა] "არის უბნები, სადაც არ არის, მოვიდა ეს ინფორმაციები დღეს და გაშვებული მყავს ხალხი, რომ ადგილზე გადააკონტროლონ, არის უბნები, სადაც გამოკრულია. წესით, ყველგან უნდა იყოს გამოკრული".

არადა, მონაცემებში ცვლილების შეტანის ვადა შეზღუდულია. მოქალაქეებმა საკუთარი შენიშვნებით საოლქო კომისიებს 19 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ამომრჩევლები ვერ ახერხებენ ინტერნეტში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერზე გამოქვეყნეული სიების შემოწმებას. მიზეზი ბანალურია, ყოველ შემთხვევაში, გიორგი ზესაშველი - საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, აცხადებს: [გიორგი ზესაშვილის ხმა] "ეს არის ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით. სიჩქარე გვაქვს 33 კილობიტი წამში.
-რას ნიშნავს ეს, პოპულარული ენით რომ ვთქვათ, რამდენ მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად მოინახულოს…
-ერთს! ერთს შეუძლია კარგად მოიხმაროს. სიჩქარე უნდა გაიზარდოს, ეს არის 700 დოლარის, თუ რაღაც ამდენი… უნდა გაიზარდოს 128-მდე მინიმუმ".

ნანა დევდარიანი შექმნილი პრობლემის გადაწყვეტას მსოფლიო ბანკის დახმარებით აპირებს.
[ნანა დევდარიანის ხმა] "მსოფლიო ბანკის პროექტმა შემოგვთავაზა თავისი პორტალი, რომელიც ტექნიკურად არის ძალიან კარგი და, შეიძლება, უბრალოდ იქ ჩავსვა.
-მოესწრება ეს, როგორ ფიქრობთ?
-უნდა მოესწროს, სხვა გზა არ არის. ყველაფერი არის ცაიტნოტურ რეჟიმში. მე რომ მქონოდა რაღაც თვეები მაინც მანამდე, ამის დალაგება უპრობლემოდ მოხერხდებოდა და ახლა მეხანძრის რეჟიმში ხდება ეს ყველაფერი".

როგორც ჩანს, სიებში აღმოჩენილი უზუსტობა იმდენად დიდია, რომ ამ ფაქტმა სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებიც კი შეაწუხა. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერი, ვანო ზოდელავა იმუქრება:

[ვანო ზოდელავას ხმა] "ყველა კორპუსი, ყველა ოჯახი იქნეს შესწავლილი. მე, მაგალითად, თუ ესეთ ფაქტებს ექნება ადგილი, პირველ რიგში დავუდგები ოპოზიციას გვერდით".

ვადების დარღვევისა და ბევრი უზუსტობების მიუხედავად, ცესკოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ

[ნანა დევდარიანის ხმა] "იმდენი დაზღვევის მექანიზმია ჩადებული, რომ, წესით, ამან ყველაფერმა უნდა იმუშაოს. ყოველ შემთხვევაში, ის რაც იყო, მე თვითონ რაც მაქვს გავლილი არჩევნები, იმისნაირი ნამდვილად არ იქნება".
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG