Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა პასუხისმგებელი ორგანიზაცია IFES-ი ამომრჩეველთა სიების სისწორეზე


წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ საგნად არის ქცეული ამომრჩეველთა სიებში დაშვებული უზუსტობები. სიებს ბევრი ამომრჩეველი აკლია, ზოგი კი რამდენჯერმეა შეტანილი.

ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა განსაკუთრებული აღშფოთება და მწვავე რეაქცია კი საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაბადების თარიღს - 1800-ს წელს მოჰყვა. ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად სიებში ე.წ. "მკვდარი სულები" შეიყვანა. ვინ გააყალბა ამომრჩეველთა სიები?

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის ზაფხულში გამოცემული განკარგულებით, ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვება და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამომრჩეველთა სიებში დაშვებულ უზუსტობებს არაპირდაპირ, მაგრამ მაინც ერთმანეთს აბრალებს.

ჩნდება ეჭვი, რომ სიების დამახინჯება მისი ელექტრონული ვერსიის შემდგენთა დამსახურებაა. მით უმეტეს, სახელისუფლებო ბლოკის ლიდერები თითს სწორედ სიების კომპიუტერიზაციით დაკავებული ინსტიტუტისკენ იშვერენ. მათი აზრით, ამომრჩეველთა მონაცემების ელექტრონიზაციაზე არაოფიციალურ კონტროლს ზურაბ ჟვანია ახორციელებდა და სწორედ მან მოახდინა სიების გაყალბება.

სიების კომპიუტერიზაციაში საქართველოს ხელისუფლებას ტექნიკური დახმარება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გაუწია. IFES-ი [აი-ეფ-ი-ესი] კი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტორია, რომელიც ცენტრალური სააჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე ამომრჩეველთა სიების ელექტრონულ ვერსიას ამზადებს.
მე ამ ორგანიზაციის პროექტის დირექტორის მოადგილეს გიორგი სეხნიაშვილს ვკითხე, თუ როგორ გაჩნდნენ ამომრჩეველთა სიაში 1800 წელს დაბადებული ამომრჩევლები.

[გიორგი სეხნიაშვილის ხმა] "1800 წელი ეს არის სპეციალური კოდი, რომელიც მიენიჭა ყველა იმ მოქალაქეს, რომელზეც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან არ იყო გადმოცემული ზუსტი დაბადების თარიღი. საქმე იმაშია, რომ მონაცემთა ბაზა ისეა შექმნილი, რომ ის არ იღებს ცარიელ ველებს, უნდა შეივსოს რაღაცა ოთხნიშნა ციფრით."

გიორგი სეხნიაშვილის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების ინტერნეტში გამოქვეყნებამდე თავისუფლად შეეძლო მარტივი კომპიუტერული ბრძანებით 1800-ის სიიდან ამოღება და მასთან დაკავშირებული უხერხულობის თავიდან აცილება. ხოლო რაც შეეხება სიაში გამორჩენილ ამომრჩეველთა პრობლემას, სეხნიაშვილი ირწმუნება, რომ ზუსტად ის მასალა გარდაქმნეს ელექტრონულ ვერსიად, რაც შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მიაწოდეს. IFES-ის წარმომადგენლის განმარტებით, ამომრჩეველთა ელექტრონული ბაზის სრულყოფა 1005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აქვთ დავალებული.

[გიორგი სეხნიაშვილის ხმა] "ახლა შექმნილი აჟიოტაჟი, დავუშვათ, განცხადებები იმის შესახებ, რომ ასობით ათასი კაცი ზედმეტია სიაში ან ნაკლებია სიაში, სხვადასხვა მხარე სხვაგვარად აცხადებს. სადღაც საწყენია ის, რომ დიდი რაოდენობის ხალხი დღეს მუშაობს ამ მონაცემების შესწორებაზე და იმედი მაქვს, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური სახით მოხერხდება ამ სიების ამობეჭდვა." (სტილი დაცულია)

მისივე თქმით, სიების შევსება-დაზუსტება უწყვეტი პროცესია და ამის გაკეთება ნებისმიერ ამომრჩეველს, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის მიუხედავად, მაინც შეუძლია.
XS
SM
MD
LG