Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგულარული მისია, პაოლო ნოიჰაუზის მეთაურობით, საქართველოში თავის ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის ბოლოს ფონდის

დირექტორთა საბჭომ საქართველოს „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა" მოუწონა, ემისრების საქმიანი შეხვედრები ხელისუფლებასთან საკმაოდ დაძაბული იქნება, რის საფუძველსაც უკვე ტრადიციული საბიუჯეტო პრობლემები და შეუსრულებელი რეკომენდაციები იძლევა.

გასული კვირის ბოლოს ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის მოწონების შემდეგ პაოლო ნოიჰაუზის მისია თბილისს ესტუმრა. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოში ფონდის მიერ პროგრამული დაფინანსების შეჩერების ფონზე, ბევრისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა „სიღარიბის დაძლევის პროგრამის" მოწონება ავტომატურად ფონდის კეთილგანწყობას და დაფინანსების გაგრძელებას ნამდვილად არ ნიშნავს. ამჟამინდელი მისიის შეხვედრების ძირითადი თემა, სავარაუდოდ, მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის თქმით, ფონდი გარკვეულ შეფასებას მისცემს ამჟამად არსებულ მდგომარეობას და 2004 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებითაც გამოთქვამს მოსაზრებებს. მომავალი წლის ძირითადი ეკონომიკური კანონის პროექტი ფინანსთა სამინისტროს პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ნოიჰაუზის „რევიზიის" შემდეგ ამ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კორექტირებული იქნება.

გიორგი ისაკაძე ვარაუდობს, რომ ფონდთან პრობლემების მიზეზი, შესაძლოა, ბიუჯეტის ფისკალურ ნაწილში არსებული გარღვევა გახდეს. სხვათა შორის, ფისკალურ პრობლემებსა და სუსტ ადმინისტრირებაზე იმავე დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზეც მიგვითითეს. დღეს უკვე ცნობილია, რომ ოქტომბრის ვიზიტს პროგრამის დაფინანსების აღდგენა არ მოჰყვება და ამჟამინდელ სტუმრობას ე.წ. შუალედური ხასიათი აქვს. უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სავალუტო ფონდის მისიასთან დეკემბერში მოლაპარაკების დაწყებას.

"დეკემბერში მოლაპარაკებების დაწყება უნდა გახდეს მომავალი წლის გაზაფხულზე პროგრამის აღდგენის საფუძველი", - აღნიშნავს ისაკაძე. ანუ საქართველო ამ საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან ახალ ტრანშს, უკეთეს შემთხვევაში, მომავალ წლამდე არ უნდა ელოდეს.

სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის მიმართ სხვა მსხვილი დონორების კეთილგანწყობილების ხარისხი. ასევე ფონდთან მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული მომავალ წელს საქართველოს საგარეო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის თემაც. ფონდის მხარდაჭერისა და პარტნიორობის გარეშე საქართველოს მეტისმეტად გაუჭირდება „პარიზის კლუბის" ეგიდით კრედიტორებთან მოლაპარაკება, რაც ავტომატურად გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში ვალების გასასტუმრებლად დაგეგმილი თანხების სერიოზულ ზრდას.
XS
SM
MD
LG