Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ბიზნესმენების რეაქცია მიხაილ ხოდორკოვსკის


ანდრო ეული, პრაღა ერაყიდან ახლა გადავინაცვლოთ რუსეთში, სადაც დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი ამ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.







მრავალი მიმომხილველი არ უარყოფს, რომ, შესაძლოა, საფუძვლიანი იყოს რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოსის" პრეზიდენტისადმი წაყენებული ბრალდებები სახელმწიფო ქონების დატაცებისა და ბეგარის გადაუხდელობის მუხლებით, რაც, ბრალდების თანახმად, 90-იანი წლების შუა პერიოდში მოხდა. თუმცა, მიმომხილველები აღნიშნავენ ამასთანავე, რომ იგივე ბრალდება ემუქრება ასობით რუს ბიზნესმენსაც, თუკი გამოძიება ეგრეთ წოდებული "განუკითხავი 90-ანი წლებით" დაინტერესებდა, როცა ბიზნესის სფეროში კანონიერი საქმიანობა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. საკანონმდებლო ვაკუუმმა სწრაფად გამდიდრების შესაძლებლობა მისცა ერთ მუჭა საქმოსნებს და იმავდროულად ეს უკანასკნელნი დევნა-შევიწროების რეალურ ობიექტებადაც აქცია, - როგორც წესი, კონკურენტი ბიზნესმენებისა თუ პოლიტიკური მეტოქეების წაქეზებით.

ისინი, ვისაც შეხება აქვს რუსულ ბიზნესთან, აცხადებენ, რომ ქვეყნის პოსტ-საბჭოური კანონმდებლობა იმდენად განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ შეუძლებელია, უბრალოდ, ამა თუ იმ კანონის შესრულება უნაკლოდ, დარღვევების გარეშე. უფრო მეტიც, ამბობენ ეს ადამიანები, ამგვარი კანონდებლობა ხელისუფლების წისქვილზე ასხავს წყალს, ვინაიდან მას აძლევს შესაძლებლობას განსხვავებული ინტერპრეტაციით აამოქმედოს, როცა კი მოესურვება ესა თუ ის კანონი. რაც შეეხება კომპანია "იუკოსის" მფლობელს მიხაილ ხოდორკოვსკის, რომელიც შაბათს დააპატიმრეს მოსკოვში, ის ბრალდება, მას რომ წაუყენა გამოძიება, ასევე მიესადაგება ნებისმიერ რუს ბიზნესმენსა თუ მეწარმეს, ვინც 90-იან წლებში განხორციელებული პრივატიზაციის დროს გაისქელა ჯიბე; პრივატიზაციისა, "წაგლეჯად" რომ მონათლა ხალხმა.

მრავალი ბიზნესმენის აზრით, იმას, რაც "იუკოსის" მესვეურებმა მოიმოქმედეს ვერ უწოდებ თაღლითობას, არამედ ეს იყო მოგება არასრულყოფილი კანონმდებლობის ხარჯზე. რუსეთის საქმიანი წრეები აღაშფოთა მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებამ. მრეწველებისა და ბიზნესმენთა კავშირმა და რუს საქმოსანთა დაჯგუფება "დელოვაია როსიამ" კვირას გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც "ხელისუფლების მიერ დაშვებული მიუტევებელი შეცდომაა" დაგმობილი. მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულს კრემლმა კამპანია გააჩაღა "იუკოსის" წინააღმდეგ, რუსი მრეწველებისა და ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ იგორ იურგენსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "იუკოსის" წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ მწვანე შუქი მისცა სამართალდამცავ უწყებებს, მოულოდნელი იერიში მიიტანონ ბიზნესმენებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ არ აპირებს თანამედროვე პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან ეგრედ წოდებული "იუკოსის საქმის" განხილვას. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა [ვლადიმირ პუტინის ხმა]: "არავითარი შეხვედრები და არანაირი ვაჭრობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით არ მოხდება, თუკი ეს ორგანოები, რა თქმა უნდა, რუსეთის კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქმედებენ."

მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა ასევე წვრილ ბიზნესმენთა გაერთიანება "ოპორამ". როგორც ამ გაერთიანების წარმომადგენელმა სვეტლანა ნუგუმანოვამ განაცხადა, წვრილი ბიზნესების მფლობელებს მიაჩნიათ, რომ თავად არიან იმ პრობლემების წინაშე, რასაც "იუკოსის" პრეზიდენტი დაუპირისპირდა [სვეტლანა ნუგუმანოვას ხმა]: "მსხვილი და წვრილი ბიზნესის პრობლემებს შორის განსხვავება მხოლოდ ერთი შეხედვით არსებობს. სინამდვილეში ეს პრობლემები საერთოა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რამდენად ერევა სახელმწიფო მსხვილი თუ წვრილი ბიზნესის საქმიანობაში."

ხოდორკოვსკის შემთხვევაში, როგორც მიმომხილველებს მიაჩნიათ, დაწყებული რეპრესიები ალბათ საპასუხო რეაქციაა იმაზე, რომ "იუკოსის" მფლობელი პრეზიდენტ პუტინის პოზიციის შესუსტებას შეეცადა. იელცინის დროს გამდიდრებულმა ოლიგარქებმა არ დაარღვიეს პუტინთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირობები; ისინი დროზე იხდიდნენ ბეგარას და პოლიტიკასაც გაემიჯნენ. ხოლო "იუკოსის" მფლობელმა დაუფარავად დააფინანსა გრიგორი იავლინსკის ოპოზიციური პარტია "იაბლოკო" და გამოწვევაც გამოუცხადა ნავთობისა და გაზის მილსადენებზე სახელმწიფოს მონოპოლიას. ნაწილი მიმომხილველებისა არც იმას გამორიცხავს, რომ ხოდორკოვსკის დაპატიმრება "იუკოსის" ხელში ჩაგდების მცდელობაა; ნავთობკომპანიისა, რომელიც 200 მილიონად იყიდა ბიზნესმენმა 1994 წელს, დღეს კი 14 მილიარდ დოლარად ფასობს.

ხოდორკოვსკი სულაც არ არის პირველი ოლიგარქი, ვინც კრემლის პოლიტიკურ ამბიციებს ემსხვერპლა. 2000 წელს გამოძიებამ სახელმწიფო სახსრების მითვისებაში დაადანაშაულა საინვესტიციო კომპანია "ინტერროსის" მფლობელი ვლადიმირ პოტანინი. მეორე ყოფილი ოლიგარქი, "ინკომბანკის" მმართველი ვლადიმირ ვინოგრადოვი იმაში სცნეს დამნაშავედ, რომ რუსული რუბლის კრიზისის დროს, 1998 წელს, თავისივე ბანკიდან ფულადი სახსრები დაიტაცა. მაგრამ ხოდორკოვსკისგან განსხვავებით, არც პოტანინი და არც ვინოგრადოვი არ დაუპატიმრებიათ. პოტანინმა გაისტუმრა ის თანხა, რომელსაც მისგან სახელმწიფო ითხოვდა, ხოლო ვინოგრადოვმა რუსეთი დატოვა. რაც შეეხება ხოდორკოვსკის, მას კრემლის მიმართ ანტიპათია არასოდეს დაუმალავს, და ალბათ არც მომავალში შეიცვლის პოზიციას. ეს კი მას კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს.
XS
SM
MD
LG