Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდის მისია საქართველოს უკომენტაროდ ტოვებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ბოლო პერიოდის ტრადიცია არ დაარღვია და თავისი ვიზიტის შედეგები კომენტარის გარეშე დატოვა. თუმცა, თუ ქართული მხარის მწირი შეფასებებით ვიმსჯელებთ,

ამ საფინანსო ინსტიტუტთან გართულებული ურთიერთობის რადიკალურად გამოსწორების პერსპექტივა წელს ნაკლებად რეალური უნდა იყოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის მისია საქართველოს ზედმეტი კომენტარების გარეშე ტოვებს. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ პაოლო ნოიჰაუზის ვიზიტი შუალედური ხასიათის იყო და იგი რეკომენდაციების დატოვებას ან პროგრამის დაფინანსების აღდგენის საკითხის გადაწყვეტას არ ისახავდა მიზნად.

კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტთან - შემდგომ კი სახელმწიფო მინისტრთან - გამართული შეხვედრის შემდეგ ძუნწ შეფასებებს მხოლოდ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები აკეთებდნენ, თუმცა ამ მწირი კომენტარითაც ცხადი ხდება, რომ ფონდის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ხელისუფლებას სერიოზული ძალისხმევის გაღება მოუწევს.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ პრობლემები საფინანსო ინსტიტუტებთან მოგვარდება, რადგან, მთავრობის წარმომადგენელთა რწმუნებით, ფონდის მისიის ხელმძღვანელმა პაოლო ნოიჰაუზმა ქვეყანაში დაფიქსირებული რამდენიმე დადებითი ასპექტი გამოყო. მათ შორისაა ეკონომიკური ზრდა და სამ მსხვილ საწარმოში - "მადნეულში", "საქართველოს რკინიგზასა" და "ფოთის პორტში" - საერთაშორისო აუდიტორების შესვლა 2001-2002 წლების ფინანსური ანგარიშის შესამოწმებლად.

თუმცა ამ პოზიტივზე მეტად ფონდის მისიის ვიზიტის ირგვლივ, ძირითადად, დამაფიქრებელი განწყობა სუფევდა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის განცხადებით, სავალუტო ფონდის შუალედურმა მისიამ საქართველოში არანაირი დასკვნითი დოკუმენტი არ წარმოადგინა და ფონდი თავის შეფასებას მხოლოდ კვირის ბოლოს სამახსოვრო ჩანაწერების სახით დააფიქსირებს.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ფონდის მისიის წევრებმა სინანული გამოთქვეს სექტემბრის თვის ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო და შენიშვნები დააფიქსირეს 2004 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. "ფონდის აზრით, ბიუჯეტი არა ამბიციური, არამედ რეალისტური უნდა იყოს", - აზუსტებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

უკვე ნათელი ხდება, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში გადაგზავნილ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს სერიოზული კორექტირება ელის. სავალუტო ფონდთან მომავალ წელს პროგრამის დაფინანსების აღდგენის ერთ-ერთი წინაპირობა რეალური ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი შესრულება გახლავთ. ნოიჰაუზის ამჟამინდელ ვიზიტზე მნიშვნელოვნად მთავრობაში ემისართა შემდგომ სტუმრობას მიიჩნევენ, რომელიც არჩევნების შემდეგ შედგება და რომელმაც მომავალი წელს პროგრამის აღდგენას უნდა ჩაუყაროს საფუძველი, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას თავად საქართველოს მთავრობა მისცემს ამ საფინანსო ინსტიტუტს.
XS
SM
MD
LG