Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების სრულიად აშკარა

და მოურიდებელმა გაყალბებამ გამოიწვია, კვლავაც მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. როგორც გაზეთ "ვაშინგტონ ტაიმსის" მიმომხილველი ჯეფრი კუნერი აღნიშნავს, შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები აშკარა დარღვევებით ჩატარდა, რის გამოც "საქართველოს მრავალმა მოქალაქემ ვერ ისარგებლა კონსტიტუციური უფლებით - მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტიისათვის მიეცა ხმა". ამერიკელი ჟურნალისტი დასძენს:

"შევარდნაძემ, რომელმაც დასავლელი ლიბერალების გული მოიგო, როცა მიხაილ გორბაჩოვს ამოუდგა მხარში საბჭოთა კავშირში დაწყებული "პერესტროიკის" დროს, თანდათანობით დაკარგა როგორც თავისი თანამემამულეების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობაც. შევარდნაძის მთავრობაში კორუმპირებული, არაკომპეტენტური და ნაკლებად კვალიფიცირებული პირები მსახურობენ. წლების მანძილზე დასავლეთი ვეებერთელა დახმარებას აწვდიდა შევარდნაძის კორუმპირებულ რეჟიმს. იმის ნაცვლად, რომ ყოველივე ეს მოსახლეობას მოხმარებოდა, მიღებულ თანხას, თითქმის მთლიანად, მთავრობის წევრები ინაწილებდნენ. ბატონ შევარდნაძის მმართველობა დამანგრეველი აღმოჩნდა საქართველოსთვის, და რაც უფრო მალე გადადგება იგი, მით უკეთესი".

საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში" გამოქვეყნებულია თბილისის მკვიდრის, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ირაკლი ჩხენკელის კომენტარი ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. იგი წერს:

"როგორც საქართველოს მოქალაქე, მოუთმენლად ველოდი ამ არჩევნებს შიშითა და იმედით შეპყრობილი. შიში იმით იყო გამოწვეული, რომ წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში მთავრობის რამდენიმე უწყება იყო ინტენსიურად ჩაბმული, და ეჭვი შემეპარა იმაში, რომ არჩევნები სამართლიანი და ღია იქნებოდა. ხოლო იმედი აღმიძრა იდეამ, რომ სწორი არჩევანით ჩვენ, ქართული საზოგადოების შეცვლა შეგვიძლია.

არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ჩემს საარჩევნო უბანში მივედი, თბილისში, იმის დასადასტურებლად, რომ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიაში ვარ შეტანილი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი გვარი არ იყო სიაში. უმალვე დავწერე განცხადება თხოვნით, რომ ამომრჩეველთა სიაში შეეტანათ ჩემი გვარი. უბნის კომისიის წევრებმა მითხრეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით მე, სხვა გამოტოვებულ პირებთან ერთად შეტანილი ვიქნები ამომრჩეველთა სიაში. და აი, ორ ნოემბერს, არჩევნების დღეს, მივედი ჩემს საარჩევნო უბანში, მაგრამ სიაში არ აღმოვჩნდი. როგორც გამოირკვა, სულ სხვა რაიონებში მცხოვრები სამოცამდე პოლიციელი ირიცხებოდა იმ სიაში, სადაც ჩემი გვარი უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი პოლიციელი ჩემი ძველი ნაცნობი აღმოჩნდა, თანაც სულ სხვა რაიონში მცხოვრები. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების მიზნით, ძალოვან უწყებათა ოფიცრები, ხმის მისაცემად, ერთი საარჩევნო უბნიდან მეორეში მიჰყავდა ავტობუსებით. მივიღე დადასტურებული ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო უბნებში მომხდარი დარღვევების: საარჩევნო ყუთების დატაცების, ხალხის დაშინების, ძალადობისა და ათასნაირ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესახებ. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა დაგვანახა, რა დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი, ვიდრე საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული სტრუქტურები და კანონის უზენაესობა დამკვიდრდება".

გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" შევარდნაძეს ურჩევს - თავი დაანებოს რუსეთისა და შეერთებული შტატების ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობას და, ამის ნაცვლად, საქართველოს პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს.
ამჟამინდელი კრიზისის განმუხტვის მიზნით ედუარდ შევარდნაძემ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს. ისტორიული ნაბიჯი გადადგა შევარდნაძემ, როცა ყოფილ საბჭოთა კავშირში მწვანე შუქი მისცა დემოკრატიას; ხოლო დღეს, შევარდნაძემ, არ უნდა დაამუხრუჭოს დემოკრატიული განვითარების შემდგომ ეტაპი საქართველოში.
XS
SM
MD
LG