Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ზაზა ბურჭულაძის ბლოგი ფილმზე „ვარდის ბუჩქის კრეჭა“
ზაზა ბურჭულაძის ბლოგი ფილმზე „ვარდის ბუჩქის კრეჭა“

რამდენიმე თვეა, ვერაფერს ვკითხულობ. ფილმებს უფრო ვუყურებ ხოლმე. ძირითადად კი ვიწყებ და ვეღარ ვაგრძელებ. ადრე ვერაფერს ვტოვებდი შუა გზაზე, უთუოდ ბოლომდე უნდა ჩამემთავრებინა წიგნიც და ფილმიც. მაგრამ როგორღაც მივეჩვიე, ხუთ-ათ წუთში მიგდებულ ფილმებს მუღამიც კი დავუჭირე.

ისე მივეჩვიე, უფრო მეტს აღარც ვითხოვ კინოსგან. ვიწყებ ყურებას და ცოტა ხანში მკვდარივით მეძინება. ამ მარათონში მაინც გამოერევა ხოლმე რამე ისეთი, თვალს რომ ვერ მოწყვეტ. ასე შემომეყურა „ბექრუმსიცა“ და „შეპყრობილიც“.

ორივე ობიექტურად კარგია და ორივე ფენომენია. თითოეულმა დაახლოებით მილიარდამდე მოგება მოუტანა სტუდიებს.

„ბექრუმსმა“, ათმილიონიანი ბიუჯეტით, ოთხას მილიონამდე დოლარი გააკეთა, „შეპყრობილი“ კი ნახევარ მილიარდს ასცდა ნახევარმილიონიანი ბიუჯეტით. ეს ლამის შაურიანი ფილმებია, ნოლანს ამათი ბიუჯეტი ერთ სცენაზე არ ეყოფოდა, მაგრამ, ნოლანს რომ არ დაესიზმრება, ისეთი მაგრებია. ორივე ეს ფილმი მათი რეჟისორებისთვის ფაქტობრივად დებიუტია. და ეს ეტყობა თვითონ ფილმებს, მეტი თავისუფლება აქვთ, მეტად ავანტიურულები არიან, უფრო ახლოს მიდიან „ახალ“ მაყურებელთან.

შეიძლება ამიტომაც ვერ მივიდა ამ მაყურებლის გულამდე სპილბერის „გამოაშკარავების დღე“? რა თქმა უნდა, ეს არ არის დიდი კაცის საუკეთესო ნამუშევარი, საუკეთესო კი არა, ისერაც ვერ არის, მაგრამ, მოდი, ნურც იმას დავუკარგავთ, რომ კინოს პატრიარქი 80 წლისაა.

კარი ბარკერი, „შეპყრობილის“ რეჟისორი, სულ ოცდაექვსისაა. კეინ პარსონსი კი მთლად 21 წლის გახდა. ორივეს შესანიშნავი დასაწყისი აქვს.

იყო ბოლო დროს კიდევ რამდენიმე გამონათება, ისეთი, რომ არ მიგაძინებს. საუკეთესო მათ შორის ნამდვილად ალექს რასელის „ლარკერია“ (Lurker). ეს შესანიშნავი, შემაწუხებელი და ატმოსფერული ფილმი არის ტყვეობაზე. ისეთი, უხერხულობაში რომ ჩაგაგდებს ყურებისას, მაგრამ წამითაც ვერ მოეშვები.

არის კიდევ Wasteman, ქართულად ალბათ უმაქნისი გამოდის, უსარგებლო ან წარუმატებელი ადამიანი. ვისაც ციხის დრამები უყვარს, იმისთვის მისწრება იქნება. და ვისაც არ უყვარს - მით უმეტეს, კარგი ტვისტი ელის ფილმის ბოლოში. იმდენად მოულოდნელი არა, როგორც ეფექტური, მაგრამ ყურებად ღირს. მეტიც ღირს.

მალე გამოვა ეკრანებზე დიდი ლი ჩან დონის ახალი ფილმიც, რეჟისორის ექვსწლიანი დუმილის შემდეგ. მისი „ალმოდებული“ როგორღაც უსამართლოდ ჩაიკარგა. საერთოდ, რამდენიმე ისეთი ფილმი ჩაიკარგა ბოლო დროს, გული რომ მოგიკვდება.

პირადად მე მოუთმენლად ველი ნა ჰონჯინის „იმედს“ (Hope). სამხრეთ კორეული კინო ისედაც მიყვარს, მაგრამ ამის ფილმები რაღაც სხვანაირად მეხება. ამით სხვებს კი არ ვაკნინებ, თუნდაც იმავე ლი ჩან დონს, ან პარკ ჩან ვუკს, ორივეს კინოს მოუთმენლად ველი ხოლმე, მაგრამ ნა ჰონჯინს აქვს ხოლმე დამატებით რაღაც, რაც უმნიშვნელო დეტალებში გამოიხატება და რაც სრულიად ბანალურ ნერვებზე მირტყამს, ისე რომ, ცოტა სხვანაირად მაფორიაქებს.

წლევანდელია „ვარდის ბუჩქის კრეჭაც“ (Rosebush Pruning). აი, ეს კინო კი ცოტა სხვაგან დგას. მთელი ამხელა შესავალიც, პრინციპში, ამის გამო დამჭირდა.

ჩამოთვლილთაგან ეს ალბათ ყველაზე დურაკული რამეა. ჩამოუთვლელ ფილმებშიც ბევრია ამაზე უფრო აზრიანი და ღრმა. და მაინც, არის „ვარდში“ ის, რაც არ არის სხვაგან. უფრო სწორად, არ არის ისეთი, როგორიც არის აქ. პირველ ყოვლისა, ესაა ატმოსფერო - ფერები, ფაქტურა , განათება, კომპოზიცია, ხმა. ეს არც არის ფილმი, ეს უფრო დიდი კლიპია. ვიდეორგოლი, სრულიად დურაკული, მაგრამ იმდენად ლამაზი, რომ თვალს ვერ მოწყვეტ. მარტო „სებაგოს“ მფრინავი ფეხსაცმელები რად ღირს.

მსახიობები ცალკე ამბავია. აქ მარტო ჯეიმი ბელი კი არ არის, რომელიც ნებისმიერ, ყველაზე დურაკულ როლშიც კი გულს აგიჩუყებს, რამეთუ მუდამ მოგაგონებს იმ ბიჭუნას, ლოყები რომ უწითლდებოდა, როცა მონდომებით ცეკვავდა „ბილი ელიოტში“. აქვეა ელ ფანინგიც, თავისი ალბათ საუკეთესო როლით. 

და აქ არის უბრალოდ ბრწყინვალე პამელა ანდერსონი, დამაბრმავებლად ქათქათა კბილებით, რომელსაც აშკარად მეორე, ასე ვთქვათ, უკეთესი სუნთქვა გაეხსნა „მაშველების“ შემდეგ. ჩვენ კი „უკანასკნელი შოუგერლი“ ჩავუთვალეთ ბოლო დიდ მიღწევად. სულ ტყუილად. პამელა „ვარდში“ უბრალოდ დაუვიწყარია. შეუძლებელია თვალი მოწყვიტო მის მანათობელ პირს, ან ფეხს, როცა მგლები გლეჯენ.

აქვეა კალუმ ტერნერიც და რაილი კიოც. კრისტობალ ბალენსიაგა და დონატელა ვერსაჩეც - ფილმის არსებითი პერსონაჟები. ცოტა ბოტეგა ვენეტაც. მაგრამ, რაც მთავარია, აქ არის ოჯახის მამა. ვინც დააბრმავა პამელას კბილების ბრწყინვამ. ესაა შესანიშნავი ტრეისი ლეტსი. სულ რომ არაფერი, ამ კაცმა დაწერა „აგვისტო: ოსეიჯის ოლქი“, დიდებული პიესა, პულიცერის ლაურეატი. ეკრანიზებაც არის ამ პიესისა, მერილ სტრიპით, თუმცა ნახვა არ ღირს. ჰოდა, არა მარტო დაუვიწყარ გმირს ქმნის ეს ლეტსი „ვარდში“, არამედ სრულიად დაუვიწყარ სიკვდილსაც. ესაა უბანალურესი და აქედან ულამაზესი ნახტომი მარადისობაში, სიკვდილის წინ ხელის მოქნევით გაფორმებული, ფეთ შოპ ბოისის ფონზე.

ფილმის რეჟისორი ხომ არა და არ არის უბრალო კაცი. ვინც კინო ოდნავ მაინც იცის, იცის კარიმ აინუზიც.

„ვარდის ბუჩქთა კრეჭას“ აქვს მოწონების კატასტროფული 17% რეიტინგი. კინოს მოყვარულისთვის შეუძლებელია ამ ფილმის ყურება, მაგრამ სავალდებულოა იმისთვის, ვისაც უყვარს სილამაზე.

ფილმის დასაწყისში ერთ-ერთი მთავარი (აქ ყველა მთავარია) გმირი და მთხრობელი ამბობს: „ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებდა მარტო მუსიკა და მოდა. ჩვენ ყველანი ვართ ზარმაცები, უფერულები, ცარიელი ეგოისტები. ჩვენ ყველანი“.

ვინც ასეთი არ არის, პირველად იმან არ ნახოს „ვარდის ბუჩქთა კრეჭა“.

ზაზა ბურჭულაძის ბლოგი პოეტ ტარიელ ჭანტურიაზე
ზაზა ბურჭულაძის ბლოგი პოეტ ტარიელ ჭანტურიაზე

ბოლო დინოზავრიც გადაშენდა.​

ყველას აღმოაჩნდა თავისი საყვარელი ლექსი და კუპლეტი ტარიელის პოეზიიდან.​

ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, ჩემს პირველ რომანს, რომელიც იმდენად უვარგისია, რომ საჯაროდ ვაცხადებ უარს მის ავტორობაზე, ტარიელის ლექსიდან პწკარი წავუმძღვარე ეპიგრაფად: „სისულელეა ყველაფერი სისულელეა!“​ ​პრინციპში, ეს ერთი პწკარია მთელი ლექსი, რომლის სათაურიც ყველაფერს ამბობს: „ალბერ კამიუს თუთიყუში“. და რომელიც, აბსურდულზე უფრო დადაისტურია. ან ორივე ერთად.​

ეგებ ჩემი ტექსტი არ ვარგოდა, ტარიელს კი ეამა, რომ მისი პწკარი ვიღაცის სამყაროში შესასვლელი გასაღები აღმოჩნდა. დამირეკა და რაღაც თბილი კალამბური მომიძღვნა. მე კი ისე ავღელდი, ვერ დავიმახსოვრე. მერე კი მომერიდა თხოვნა, რომ შეეხსენებინა. საერთოდ, სულ მაქვს გაბნეული ტარიელის ციტატები ჩემს ტექსტებში.​

არასდროს გვიმეგობრია, მეტისმეტად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. თუმცა იცოდა ხოლმე შემორეკვები. მეც ვაძლევდი ამის საბაბს. ტელევიზორში რაღაც სისულელეს ვიტყოდი და ტარიელის ზარიც უცებ გაისმებოდა ხოლმე. ერთხელ მისი თაობის სხვა პოეტზე რაღაც აუგი ვთქვი (დიდ პოეტზე, მთლად მთაწმინდაზე რომ დაკრძალეს მერე), მაშინვე დამირეკა, პირდაპირ ჩემი სათქმელი თქვიო. სხვა თაობა იყო, ვერ ამბობდა ხმამაღლა გულისნადებს. მაგრამ უხაროდა, სხვა თუ იტყოდა.​

როგორც ბოლოს გამოირკვა - დებულების თანახმად,​

ყველაფერში უნდა ვიყო დებილების თანახმა!​

მონაა თუ თანამონა, ყმა არის თუ თანაყმა,​

ყველაფერში უნდა ვიყო ყმის და მონის თანახმა!​

თან - ცაში და თან - მიწაზე, თან - დაღმა და თან - აღმა,​


სადაც უნდა ვიყო, ვიყო უნდა მათი თანახმა!

რო გავჩუმდი, როგორ ფიქრობ - მე არ მქონდა განა ხმა?

მაგრამ რა ვქნა! - უნდა ვიყო მეც ყველაფრის თანახმა!

ბოღმამ ტვინი შემიშუპა, დარდმა გული დანაღმა!

თანახმა ვარ! კი ბატონო!

თანახმა ვარ!

თა-ნა-ხმა!

სულ მხიარული გეგონებოდა. მაგრამ, რომ გაიცნობდი, ამ მხიარულების მიღმა სევდას იგრძნობდი. მარტოობასაც კი, იმის მიუხედავად, რომ მეგობრები არ აკლდა. არ აკლდა ხალხი კაცს, რომელიც მარტოსულებზე წერდა - იმათზე, ვისაც ღამით სხვისი ძილი უკვირს. ან როგორ არ გაუკვირდებოდა, როცა თვითონ არ ეძინა. ან რა დააძინებდა კაცს გულის შუილებით? ვისი ბიოლოგიური საათიც სხვა რიტმით წიკწიკებს. „დრო კი, ძვირფასო, დრო კი, მიახრიგინებს ვნებებს, როგორც პატიმარს დროგი!“ ვინც მზად იყო, ქრისტე გაეცვალა სატანაში, გოლგოთაზე მიხმარებოდა ოღონდ ის ჯვრის ატანაში.​

ერთხელ მომიყვა, როგორღაც დუმბაძეს ვკითხეო, ჩემო ნოდარ, რა გირჩევნია, ჯიბეში ასმანეთიანი გედოს თუ ასი მანეთის ხურდა გეყაროსო. ჩაფიქრდა ნოდარი. მიხვდა, რასაც ვეკითხებოდიო, და მითხრა, იცი რა, ჩემო ტარიელ, ასი მანეთის ხურდა მირჩევნიაო.​

არც თვითონ ტარიელი ყოფილა მაინცდამაინც ასმანეთიანის კაცი, მაგრამ არც მთლად ხურდისა იყო. როგორღაც ახერხებდა, თავისი კერძო კუპიურა მოეჭრა, ასმანეთიანსა და ასი მანეთის ხურდა ერთად რომ ყოფილიყო, ერთიანი მთელი. თუმცა კარგად იცოდა თავისი ფასიც. უამისოდ, მგონი, ვერ დასვამ კაცი ამდენი ძახილის ნიშანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

შენ დღედაღამ ითვლი ფულს!​

მე დღედაღამ ვითვლი პულსს!​

მაინც შურით უცქერი​

ტრაპეზს ჩემსას, ღარიბულს!​

ერთი ჰოლივუდური ფილმია, კიმ ბესინგერით მთავარ როლში. ასეთი სცენაა, ბესინგერი რაღაცას ყიდულობს სუპერმარკეტში, მოლარეს ჯერ ათასკარატიან ბრილიანტს დაუდებს ხელისგულზე. რაზეც მოლარე ეუბნება, ბრილიანტებს არ ვიღებთო. მაშინ ბესინგერი ათასდოლარიან კუპიურას გაუწვდის. ის კი ეუბნება, უფრო პატარა ფული არ გაქვთო? მაშინ ბესინგერი ათასდოლარიანს ჩააბრუნებს ჩანთაში, დააპატარავებს და იქიდან საფოსტო მარკისხელად ქცეულ კუპიურას ამოიღებს და მოლარეს გაუწვდის. იმ ფილმში ბესინგერი უცხოპლანეტელია. ​

ტარიელსაც ჰქონდა ასეთი ჯადოსნური აბგა, სადაც დიდ პოეზიას ჩაიდებდა და აპატარავებდა, მცირე ზომის კუპიურებს გვაჩეჩებდა ხელში. ტარიელი არასდროს ყოფილა უცხოპლანეტელი, ძალიან მიწიერი იყო. ძალიან ადამიანი. ცბიერიც კი. ქართული პოეზიის ღმერთი ტარიელი არ ყოფილა, ეგებ უფრო „უკუღმერთი“, როგორც თვითონ იტყოდა. ერთხელ თქვა, ჩვენ, ახალი თაობა, გალაკტიონს მხრებზე დავეყრდენით და უფრო შორს გავიხედეთო. ხმამაღალი ნათქვამია, ტარიელისეული. შორს გახედვა არ ნიშნავს მაინცდამაინც უკეთესს. ალბათ უფრო სხვანაირს, უფრო სადასაც, უორნამენტოს, ეპიკურობის გარეშე.​

ერთს გეტყოდა, შენ კი იმას გაფიქრებინებდა, რაც თვითონ არ თქვა. „არც ჩაპლინზე ვფიქრობ ახლა და არც ლენე კლერზე! კაი გოგო კი ხარ, მარა ფიქრობ მხოლოდ ლუდზე!“ რა შუაშია აქ ლუდი? მისი „არ მაძლევს ეს ქალი“ მთლიანად ასეა აგებული. არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალიო, იმეორებს და უცებ ამთავრებს, მოსვენებასო. სხვაგანაც აწვალებს იგივე მოტივს, წარმოუდგენლად არ მაძლევს კარტი: განსაკუთრებით - კარტებში - ქალიო. უხამსობის ზღვარზე ისე გაივლიდა, როგორც ბეწვის ხიდზე. საერთოდ, სავსეა ტარიელის პოეზია ეროტიკით. და ღმერთით. ან, როგორც თვითონ იტყოდა, „შემკრთალი ღმერთით“. ზოგჯერ მარტო სათაურშიც ჩაატევდა სათქმელს: „გშვენის ლოყაზე ხალილუია“. სხვაგან იტყვის, ექიმი მირჩევს მოვიწვა ხალიო, და შენც უნებურად გონებაში ამ ხალთა შორის თაღს კრავ.​

ალბათ, არ არსებობს ქართველი, ვისაც ერთხელ მაინც არ შეურხია გულში სიმები ტარიელის „ვიღაცამ ევას ასაკი ჰკითხა“, თუნდაც ყრმობაში, როცა გული სხვანაირად ძგერს და არც სიმები დამწყდარა ჯერ, როგორც ძველ გიტარაზე.​

რაღაცნაირი ხელის ჩამორთმევა იცოდა, ჩიტივით. ისე მოგიჭერდა - გატკენდა. კოცნაც ისეთი იცოდა, ლოყას კი არ მოგადებდა ლოყაზე, იმ ლოყაზე უთუოდ ტუჩებით გაკოცებდა, ცოტა ულვაშებსაც შეგასობდა კანში.​

ბევრმა გაიხსენა მისი ლექსები, პწკარები იმ ლექსებიდან. ბარემ იყოს ეს ერთი კუპლეტიც აქვე, როგორც მისი შეფარული ავტოპორტრეტი:​

მარტო ის რად ღირს, ღამით რომ​

საყვავილესთან ჩავივლი.​

თუ საყვავილე სხვისია,​

ჩემი ერთი ყვავილი!​

​ფერმილეული ყვავილი!​

ულამაზესი ყვავილი!​

პააატარა ყვავილი!​


ასეთივე იყო ტარიელიც. იმდენად პააატარა, რომ შეუძლებელი იყო მისი არშემჩნევა. ერთი მისი ძველი ლექსი ასე მთავრდება: „კასპაროვი უგებს კარპოვს“. შეიძლება არაა პოეზია სპორტი, მაინც ბევრს მოუგო ტარიელმა. ზოგს წინასწარ, ბევრ ისეთსაც, ვისაც წერაც კი არ დაუწყია ჯერ. დინოზავრებმა იცოდნენ ასე, გადაჭამდნენ ირგვლივ ყველას. ტარიელი კი გვატყუებდა, სათამაშო დინოზავრი ვარო, პლუშისა.​

ვწერ სიხარულებს!​

ვწერ ტანჯვას!​

ვწერ საღამო ხანს!​

ვწერ დილით!​

ცხოვრების წიგნი მთავრდება,​

აკლია მხოლოდ წერტილი...​

ჩემი ფავორიტი მაინც სხვა ლექსია. რამდენჯერ აღარ შემცვლია გემოვნება, რამდენი ვინმე გადამყვარებია, რამდენი რამ გამცრეცია, „უხერხულია შენ გერქვას ცოლი“ კი დღემდე მომყვება, საიდანაც ვერაფერს გამოარჩევ, რამეთუ, იმდენად ბანალურია, იმდენად მაზალო და გოიმურიც კი, რომ უკვე შესანიშნავია, და ყველაფერი, რაც მასში ზედმეტია, არის ხელუხლებელი. განსაკუთრებით კი ფინალი, მით უფრო, დღეს, როცა აღარც დამბაჩებია და აღარც დუელები ამ ფუტურო ეპოქაში:​

უხერხულია, შენ გერქვას ცოლი,​

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.​

აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!​

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...​

მაშინ, დიდი დინოზავრების ეპოქაში, იყო ერთი პააატარა მცენარეჭამიაც, ორფეხა დინოზავრი, მიკროცერატუსი. იმ გიგანტების ფონზე ეს მინიატურული არსება არც ჩანდა, სამოციოდე სანტიმეტრიღა იქნებოდა. ეს დინოზავრი კი არა, უკვე დინოა, ბავშვები როგორც ეძახიან. დინო, რომელმაც კარგად იცოდა ადამიანის ფასი. ტარიელს უთქვამს, სხვას კი არა, ვენაცვალე კარგ კაცს - დედამიწის კარკასსო... და მაინც, ტარიელი იმ გიგანტების ნათესავი იყო, მასაც დინოზავრების სისხლი ედგა. ასეც ამბობდა: მე ვარ შოთას შვილის შვილის შვილის შვილის შვილის შვილიო.​

და აი, ეს ბოლო დინოც გადაშენდა. ფერმილეული დინო. ულამაზესი დინო. პააატარა დინო. მისთვისაც გაიჭრა მიწა, მასაც მიაყრიან ბოლო ყვავილებს. სიოც წაიღებს მერე სადღაც მიწიდან ნაჩურჩულევს: „ცოცხალ საფლავს ცოცხალი ყვავილები მიყროდა, საფლავიც და ყვავილიც - მიქრო-მიქრო-მიქროდა!“​

ბოლოს და ბოლოს ამ დინომაც დასვა თავისი ბოლო წერტილი. რასაკვირველია, არავინ დააწერს ეპიტაფიად ოდნავ გადაკეთებულ მისივე სიტყვებს, მე კი მგონია, რომ ამაზე საუკეთესო არაფერი იქნებოდა: „სიკვდილ-სიცოცხლის დამთავრდა რალი“.​

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG