Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უსაფრთხოების სისტემის თავსატეხი


საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში საქართველოს გარდამავალ ხელისუფლებას აწუხებს ორი ძირითადი პრობლემა, რომელთა მოგვარებაზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული,

შეძლებს თუ არა ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის თავიდან აცილებას. ეს პრობლემებია ამომრჩეველთა დაუზუსტებელი სიები და რევანშისტული ძალების მოსალოდნელი გააქტიურება. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები სხვადასხვა მოსალოდნელ საფრთხეზე გამოთქმული ახალ-ახალი ვერსიების აკომპანემენტის ქვეშ ჩატარდება.

როგორც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებიც საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი და შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტებული ამომრჩეველთა სიების საფუძველზე ჩატარდება. თუმცა, როგორც სამშაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისულმა არასამთავრობო ორგანიზაციათა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, სიების შედგენას უხელმძღვანელებს ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით კოდუა და მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ინფორმატიზაციის სამმართველო, ხოლო, მათთან უნისონში, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემა უნდა უზრუნველყოს კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა დოღონაძემ, რომელსაც ძალინ ბევრი საყვედურის მოსმენა მოუხდა საელჩოების მიერ დაშვებული მასობრივი გაყალბების გამო. განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება ეპიზოდი, დაკავშირებული რუსეთის ქალაქ სვეტლოგრადთან, რომელიც, "ფონდ ღია საზოგადოება -საქართველოს" პრეზიდენტ კახა ლომაიას მტკიცებით, რუკაზეც კი არ აღმოჩნდა.

[კახა ლომაიას ხმა] "თქვენ ხომ არ იცით სად არის ქალაქი სვეტლოგრადი? მე არ ვიცი. მე ექვსი წელი ვცხოვრობდი მოსკოვში, ბევრს ვკითხე, მაგრამ ვერავინ გაიხსენა. სვეტლოგორსკი ვიცი, სმოლენსკთან არის, სვეტლოგრადი არ ვიცი. იქ თურმე 1974 რეგისტრირებული ამომრჩეველია, რომელთაგან არც ერთს ოპოზიციური პარტიისათვის არ მიუცია ხმა."

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა და საგარეო უწყებებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ დარჩენილ დროში მოესწრება სრულფასოვანი სიების შედგენა. მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კი კომისიის თავმჯდომარე გამოდის ინიციატივით, დროზე შეიქმნას დამატებითი მექანიზმი. კერძოდ, არ გამოირიცხება დამატებითი სიების პრაქტიკის ამოქმედებაც იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სიებში კვლავ ვერ იპოვიან საკუთარ თავს.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "პირველი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ვნახოთ, რა ამომრჩეველთა სიები გვაქვს. დავხლიჩოთ იგი უბნებად. ამ კვირაში მოასწრებს საარჩევნო ადმინისტრაცია დავაკომპლექტოთ უბნები, დაურიგდეს ეს ყველაფერი უბნებს, უბნებმა გადაამოწმონ და დავიდეთ გარკვეულ ბაზისზე. ეს სიები არ იქნება სრულყოფილი, მაგრამ როგორც კი გვეცოდინება, რა მდგომარეობა გვაქვს, შევიმუშავებთ დამატებით მექანიზმს."

ყველაფერთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების დროს წესრიგის დაცვის ფუნქციაც ეკისრება. ამ თვალსაზრისით კი, ქვეყანაში არანაკლებ ქაოსური მდგომარეობაა, ვიდრე ამომრჩეველთა სიებში. უსაფრთხოების პირველ ეშელონში მყოფი საქართველოს უშიშროების სამინისტრო უკვე ხმამაღლა ალაპარაკდა ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური ტერორის ალბათობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტები მოსალოდნელია ყოფილ თუ ამჟამად მოქმედი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ. თავის მხრივ, საგანგაშო ოპერატიულ ინფორმაციას ფლობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელმაც რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ დესტაბილიზაციის ტალღის ასაგორებლად მტრულმა ელემენტებმა აქცენტი, შესაძლოა, პარამილიტარისტული დაჯგუფებების გამოყენებაზე გააკეთონ.

[გიორგი ბარამიძის ხმა] "როგორც წესი, ნებისმიერ დესტაბილიზაციის სცენარში ამგვარი ჯგუფების გამოყენება არის გაანგარიშებული და გათვლილი. ჩვენ შევეცდებით, რომ შესაბამისად ვიმუშაოთ ამ ჯგუფებთან, რათა არ მოხდეს ისე, რომ ამ ტიპის ადამიანები რაღაცნაირად აიყოლიონ და ჩართონ ამ პროცესებში."

მაგრამ ლაპარაკი მოსალოდნელ დესტაბილიზაციასა და ტერორზე მხოლოდ პრევენციულ ელფერს ატარებს - პოლიციისა და უშიშროების გამომძიებლებმა ჯერჯერობით ზუსტად ვერ დაადგინეს, თუ ვინ აპირებს მღვრიე წყალში თევზის დაჭერას. ამით კი კარგად სარგებლობენ სატელეფონო ხულიგნები. მათ სამშაბათს ფეხზე დააყენეს პოლიციელები და გამნაღმველები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაშ ამაოდ ეძებდნენ ნაღმს საქართველოს პარლამენტის შენობაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG