Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ხელისუფლება მოქალაქეებისთვის გამჭვირვალე ხდება


დავით პაიჭაძე, თბილისი გახსნილობა, ღიაობა, გამჭვირვალობა, ხალხთან სიახლოვე და ამ რიგის სხვა ცნებები ხშირად გაისმის ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. სიმბოლურ ნაბიჯს - სახელმწიფო

კანცელარიის ირგვლივ რკინის მესერის მოხსნას - ხელისუფლებამ მორიგი ჟესტი მოაყოლა: პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი არველაძემ 2 დეკემბერს საგანგებოდ მიიწვია ჟურნალისტები და რამდენიმე საგულისხმო დაპირება მისცა. რას უწოდებს ხელისუფლება თავისი საქმიანობის გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას?

საზოგადოებაში მეტი ნდობის აღსაძვრელად ხელისუფლება მოკრძალებული თვითლუსტრაციით იწყებს: გიორგი არველაძე აცხადებს, რომ საჯარო სამსჯავროზე გამოიტანს მისდამი რწმუნებული სამსახურის ფინანსურ მდგომარეობას.

[არველაძის ხმა] "ვცდილობ, მოვიზიდო დამოუკიდებელი, სოლიდური და მაღალი რეპუტაციის მქონე აუდიტორული ორგანიზაცია და სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურს ჩავუტაროთ სრული აუდიტი იმისა, თუ როგორ ხდებოდა ფინანსების განკარგვა აქამდე. დამერწმუნეთ, დასკვნა იქნება ძალიან მკაცრი და ძალიან ზუსტი. თან ეს დასკვნა იქნება მალე მას შემდეგ, რაც მუშაობას დაიწყებენ."

ერთი დღით ადრე სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო კანცელარია უღრანი ტყეა, რომელშიც პარალელური ფუნქციების მქონე რამდენიმე სამსახური, სამმართველო თუ განყოფილება არსებობს. გიორგი არველაძე ამბობს, რომ გაითვალისწინებს ჟურნალისტების თხოვნას, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგინოს სახელმწიფო კანცელარიაში განთავსებული სამსახურების ნუსხა და მათი კოორდინაციისა თუ სუბორდინაციის სქემა, რათა ცხადი წარმოდგენა შეიქმნას, როგორ ცხოველმოქმედებდა წინა ხელისუფლება. ასევე, სასურველია მთავრობამ მალე წარმოადგინოს კანცელარიის სტრუქტურის გარდაქმნისა და გამარტივების გეგმა.

ხელისუფლების მომავალ მუშაობას რაც შეეხება, გიორგი არველაძე ამბობს, რომ შეიცვლება მთავრობის სხდომათა ჩატარების წესი.

[არველაძის ხმა] "მთავრობის სხდომის აქამდე არსებული ფორმატი, ალბათ, მთლიანად შეიცვლება. რაც აქამდე ხდებოდა, არ იყო მთავრობის სხდომა. ეს იყო თითქოს პარლამენტის ალტერნატივა, რაღაც ექსჰიბიციონისტური შოუ, რომელიც არაფრით არ ჰგავდა მთავრობის სხდომას. ეს აუცილებლად შეიცვლება. მთავრობის სხდომა იქნება გაცილებით მცირერიცხოვანი, ქმედითი და საქმიანი. ამასთან, უფრო სამუშაო გარემოში ჩატარდება."

ჯერ არავის დავიწყებია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორშაბათობით რადიოინტერვიუს აძლევდა საქართველოს სახელმწიფო რადიოს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პრესმდივანი ირწმუნება, რომ ეს ტრადიციაც შეიცვლება.

[არველაძის ხმა] "მიუღებლად მიგვაჩნია, პრეზიდენტის რადიოინტერვიუ იწერებოდეს ერთი კონკრეტული არხისთვის, ერთი კონკრეტული ჟურნალისტის მიერ და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით. ეს, ალბათ, ძალიან გახსნილი პროცესი უნდა იყოს, როცა დაისმება რეალური შეკითხვები და ყველა სააგენტოს ექნება საშუალება, შეკითხვით მიმართოს პრეზიდენტს ან უმაღლესი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს."

მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფო კანცელარიაში აკრედიტებულ ჟურნალისტებს სამუშაო პირობების შემსუბუქებას და, რაც მთავარია, მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ჰპირდებიან.
XS
SM
MD
LG