Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ აპირებს თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას


აჭარის მეთაურმა მოსკოვში მოსალოდნელზე დიდხანს დაყო. იქ მიმდინარე მისი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია თბილისში, ძირითადად, რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ

გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. "აჭარა და მისი მეთაური არ ცნობს საქართველოს ახალ ხელისუფლებას და ბოიკოტს უცხადებს მის მიერ დანიშნულ არჩევნებს. აჭარა არ დაუშვებს მის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაციას. აჭარის მეთაური ითხოვს რუსეთის მერ აჭარასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას და გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებზე დაელაპარაკოს, გაარკვიოს, რა უნდა იქნეს არჩეული: ფედერაცია, კონფედერაცია თუ უნიტარიზმი?" - ასეთ ცნობებს ამ დღეებში რუსეთის საინფორმაციო წყაროები ავრცელებდნენ. მოსკოვში აბაშიძის გამოსვლებისთვის თბილისში მაინცდამაინც სერიოზული ყურადღება არ მიუქცევიათ. დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლები დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მით უფრო, როცა წინ ბათუმში ასლან აბაშიძესთან შეხვედრა ელით.

აჭარის ლიდერმა სამშობლოში დაბრუნება საგრძნობლად დააყოვნა, რასთან დაკავშირებითაც მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: "აჭარაში სრული წესრიგია, იქ კარგა ხანია არც ერთი სერიოზული დანაშაული არ მომხადარა, აქედან საკმაოდ მშვიდად და აუღელვებლად შემიძლია ვაკონტროლო, როგორ სრულდება აჭარის ბიუჯეტიო".

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ასლან აბაშიძემ 22-23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დატოვა - მას მერე, რაც ავტონომიის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა, ჩოლოქი ჩაკეტა და თბილისსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც უმკაცრეს კონტროლს დაუქვემდებარა. აჭარაზე საქართველოს ახალი რეალობა ასე აისახა. რა იქნება შემდგომ, როგორ და რამდენად მოგვარდება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის ურთიერთობა, ბათუმში გასამართ შეხვედრებზე უნდა გაირკვეს. ასლან აბაშიძესთან შეხვედრასა და მასთან მოლაპარაკებას მარტო დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გეგმავენ. ბათუმში ჩასვლას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც აპირებენ - მათ შორის, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ყოფილი თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია და "ტრადიციონალისტთა" ლიდერი აკაკი ასათიანი. მიზნები ცოტა განსხვავებული უნდა იყოს. ირინა სარიშვილი- ჭანტურია აცხადებს, რომ აქტიურად იმუშავებს 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებისთვის, თუნდაც იმ მიზეზით, რომ არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევა არჩევნებში აჭარის მონაწილეობის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, სარიშვილ-ჭანტურიას და ასლან აბაშიძის შეხვედრა თანამოაზრეთა შეხვედრა უნდა იყოს. რაც შეეხება აკაკი ასათიანს, ის შეეცდება აბაშიძესა და ბურჯანაძე-ჟვანიას ხელისუფლებას შორის ერთგვარი საშუამავლო ფუნქცია შეასრულოს და აჭარის მეთაური კომპრომისების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ასათიანი აცხადებს, რომ ცენტრის მხრიდან კომპრომისი საპარლამენტო და არა საპრეზიდენტო არჩევნების გადადება შეიძლება იყოს.

[აკაკი ასათიანის ხმა] "საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეიძლება კომპრომისის მიღწევა. მით უფრო, რომ ლოგიკურია მისი მოთხოვნა. ამას ბევრი იზიარებს და ყველას გვესმის, რომ ასე მალე ვერ მოესწრება ობიექტური არჩევნების ჩატარება. გადადება იქნება ერთგვარი კეთილი ჟესტი და უნდა გადაიდოს."

მაგრამ ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების გადადებასაც ითხოვს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ორივე არჩევნების 7 თვით გადავადების მიზანშეწონილობა აღნიშა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების ბოიკოტირებით დაიმუქრა. აკაკი ასათიანი მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებზე მეტ მნიშვნელობას მასა და აბაშიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ანიჭებს, ამბობს, რომ მასთან საუბრისას აჭარის მეთაურს არაფერი უთქვამს საპრეზიდენტო არჩევნების გადადების თაობაზე. მოსკოვში მყოფ აჭარის ლიდერთან სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დაწინაურებულ ზურაბ ჟვანიასაც ჰქონდა. აბაშიძის თქმით, ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მას მოუხდა განმარტება, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოკლე ვადებში ჩატარება იქნება ფარსი და მეტი არაფერი.

სავარაუდოდ, ბათუმში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ასლან აბაშიძეს შორის გასამართ შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საკითხიც წამოიწევს, რადგან ასლან აბაშიძე ამ საკითხზე დიალოგის გამართვას ითხოვს. მოსკოვში მან თქვა, რომ გასარკვევია, რას აირჩევს საქართველო: ფედერაციას, კონფედერაციას თუ უნიტარიზმს. - ცნობილი ხდება, რომ რუსეთის მხარე აპირებს საქართველოსთვის ქვეყნის ფედერალური მოწყობის გეგმის შეთავაზებას. არადა, რუსეთის ჩარევის გარეშეც არსებობს საქართველოში ფედერალიზმისადმი ჩამოყალიბებული მიდგომები - ერთი მხრივ, სიმეტრიულის, მეორე მხროვ, ასიმეტრიულის სასარგებლოდ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ფიქრობს, რომ ფედერალური მოწყობა არ იქნება ცუდი და მისი დანერგვა ხელს შეუწყობს ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს, სრულყონ საკუთარი კეთილდღეობა.
XS
SM
MD
LG