Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კმარა" ბათუმში


დავით პაიჭაძე, თბილისი 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის უნივერსიტეტში მისულ ასლან აბაშიძეს უნივერსიტეტის კედლებზე დახვდა წარწერები "კმარა დაუნიზმი. გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს!"

მე შევეცადე გამერკვია, რამდენად შეაღწია მოძრაობა "კმარამ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში.

ასლან აბაშიძეს, მართლაც, ჰქონდა, ასე ვთქვათ, დაუგეგმავი შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული სიტყვით გამომსვლელთა ვინაობა. ეს მითხრა ჩვენმა კოლეგამ, გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტმა ეთერ თურაძემ. მისივე თქმით, უნივერსიტეტში არ დაუნახავს არავითარი წარწერა კედლებზე. თუმცა "კმარას" თბილისელი აქტივისტი თეა თუთბერიძე მეუბნება, რომ ბათუმში "კმარას" ჰყავს თანამგრძნობნი:

[თუთბერიძის ხმა] "ბათუმში ნამდვილად არის ეს ჯგუფი, მაგრამ ჯერჯერობით კონსპირაციულად მოქმედებს. ღია გამოსვლებს იქ ვერ დაიწყებენ. მათი პირველი ნაბიჯები იქნება სწორედ წარწერების გაკეთება, სააგიტაციო ფურცლების გავრცელება და ა.შ."

თეა თუთბერიძე არ ამხელს ბათუმელი კმარელების ვინაობას. მეტიც, არ ამხელს მათთან კავშირის დამყარების ხერხებს, მხოლოდ აღნიშნავს, რომ სატელეფონო კომუნიკაციასაც კი ერიდებიან ბათუმელი კმარელების უსაფრთხოების დასაცავად.

[თუთბერიძის ხმა] "როცა ისინი ჩვენი წევრები ხდებოდნენ, გვქონდა საუბარი, რომ ეს ნამდვილად საშიში იქნებოდა და არც იმდენად იოლი, როგორც თბილისში. მათ ეს საფრთხე გაცნობიერებული აქვთ და მზად არიან გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ასლან აბაშიძისნაირი დიქტატორი ჩამოაშორონ აჭარას. ჩვენც, როგორც შეგვეძლება, დავეხმარებით."

ჯერჯერობით ბათუმში კმარელების საქმიანობა უფრო იატაკქვეშა რევოლუციონერთა აქტივობას ჰგავს. ეს გასაგებია: თბილისი ერთადერთი ადგილია, სადაც "კმარას" წევრებს ფიზიკურად არ შეხებიან.

რაც შეეხება შეხვედრას ბათუმის უნივერსიტეტში, იქ ასლან აბაშიძეს მხოლოდ მომხრეები არ დახვედრიან. ეთერ თურაძის თქმით, პროფესორი ნუგზარ მგელაძე და ისტორიკოსი გიორგი მასალკინი ასლან აბაშიძეს მტკიცე პოზიციებით დაუხვდნენ.

[თურაძის ხმა] "ნუგზარ მგელაძემ აბაშიძეს განუცხადა, რომ ის არის დიქტატორი. ასლან აბაშიძემ პასუხად კაგებეს აგენტი უწოდა და დასძინა, რომ მგელაძეს არაფერი გაუკეთებია, თავად კი ასეთ აღმშენებლობას ეწევა."

"კაგებეს" აგენტობაში ბრალდების მიუხედავად, ნუგზარ მგელაძე არ შეეპუა მეთაურს (აბაშიძეს აჭარაში ასე იხსენიებენ) და, გიორგი მასალკინთან ერთად, განუცხადა, რომ მისი პოლიტიკური კურსი საქართველოსთვის მიუღებელია. იმავე დღეს პროფესორმა ნუგზარ მგელაძემ გაზეთ ბათუმელებს განუცხადა, რომ ასლან აბაშიძის ნაბიჯები აჭარის განკერძოებისაკენ მიმავალი გეგმის ნაწილია. ""აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებს შორის გაუცხოება რომ მომხდარიყო, ამის პროცესი აღორძინების მეშვეობით თანდათანობით მიდიოდა. მე ვიცი, რომ არა პირადად აბაშიძეს, არამედ იმ შეხედულებებს, ბოლო დროს რომ ავითარებს, მხარდაჭერა არა აქვს უნივერსიტეტში," - განაცხადა პროფესორმა ნუგზარ მგელაძემ.
XS
SM
MD
LG