Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

65 მილიონი გოგონა დაწყებითი განათლების გარეშე რჩება


ჩვენს გადაცემებში ხშირად გიამბობთ ხოლმე საანგარიშო მოხსენებებზე,

რომელთაც ყოველ წელს აქვეყნებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის - ადამიანის უფლებების შესახებ - "ამნესტი ინტერნეშენალი", "ჰიუმან რაითს უოჩი", კორუფციის შესახებ - "ტრანსპარენსი ინტერნეშენალი", ეთნიკური კონფლიქტებისა თუ სხვა პრობლემების შესახებ - გაეროს სხვადასხვა უწყება. ერთი ასეთი საანგარიშო მოხსენებაა ყოველკვირეულ პროგრამა "ქალი და მსოფლიოს" დღევანდელი თემაც: კერძოდ, გაეროს ბავშვთა ფონდის, უნისეფის ანგარიში მსოფლიოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ, რომელშიც წელს ყურადღებას ამახვილებენ გოგონებსა და მათი განათლების პრობლემაზე.

ის, რაზეც უნისეფი იუწყება, დამაიმედებლად ნამდვილად არა ჟღერს - განსაკუთრებით გოგონებისთვის და ყურადღებაც ამის გამოა მათზე გამახვილებული. თავად განსაჯეთ: სკოლაში არ დადის 121 მილიონი ბავშვი, მათ შორის ბიჭები და გოგონები. მაგრამ გოგონები 9 მილიონით მეტნი არიან - ანუ, მსოფლიოში განვლილი წლის მანძილზე მოპოვებული ინფორმაციით, 65 მილიონი გოგონა არ სწავლობს წერას, კითხვას, არითმეტიკას, სხვა საგნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

უნისეფს საკმაოდ დრამატული დასკვნა გამოაქვს (ერთი შეხედვით, შესაძლოა, მეტისმეტად დრამატულიც): თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა და მომდევნო ორი წლის მანძილზე საგრძნობლად არ იმატა გოგონების დაწყებითი განათლების მაჩვენებელმა (ამ მხრივ მძიმეა ვითარება უწინარეს ყოვლისა აზიასა და აფრიკის სამხრეთ რეგიონებში) - განვითარებად ქვეყნებში სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

გამოდის, რომ გოგონების განათლებაზე უშუალოდ არის დამოკიდებული მთელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა. მართლაც ასეა თუ არა? ამ შეკითხვას პასუხობს უნისეფის პრეს-მდივანი დამიენ პერსონა [პერსონას ხმა] "განათლება არა მარტო წერა-კითხვას, ან ანგარიშის ცოდნას ნიშნავს: ის ნიშნავს, რომ განათლების მქონე ადამიანი მოგვიანებით თავის შვილებს აძლევს უკეთეს განათლებას და მას უკეთ იცავს ისეთი საფრთხისაგან, როგორიც არის შიდსი და შიდსის გამომწვევი ვირუსი, სხვა დაავადებები. თუ გაიმეტებ ინვესტიციას გოგონას სკოლაში გასაგზავნად, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ეს ფუჭად არ ჩაივლის, ვინაიდან გოგონა მოგვიანებით დედა გახდება. ეს დედა კი შვილებს, მთელს ოჯახს უკეთეს განათლებას მისცემს".

ამ პერსპექტივაზე არანაკლებ შთამბეჭდავია უნისეფის სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელთა თანახმად, დედების განათლება უშუალო კავშირშია მათი შვილების სიკვდილობის მაჩვენებელთან: ქალის განათლების თითოეული წელი 5-10 პროცენტით ამცირებს მისი 5 წლამდე ასაკის შვილის სიკვდილის საფრთხეს.

და მაინც, დონორი ქვეყნები ფეხს ითრევენ განვითარებად ქვეყნებში განათლების სისტემის ხელშეწყობაზე. უნისეფის პრეს-მდივნის განმარტებით, იმის გამო, რომ ვერ ხედავენ ასეთი ხელშეწყობის სწრაფ შედეგებს: [პერსონას ხმა] "ჩვენ კი ვცდილობთ, მათ ავუხსნათ, რომ განათლებაში ინვესტიცია ნამდვილად ღირს, რადგან განათლება არის სოციალური სფეროს ნაწილი, რომელიც ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ეკონომიკურ განვითარებას ვერ გამოაცალკევებ სოციალური განვითარებისაგან, განათლება კი სოციალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. სულ ამას ვეუბნებით დონორ ქვეყნებს. 2001 წლიდან გარკვეულ ცვლილებებს ვხედავთ. დონორი ქვეყნები ახალ პრიორიტეტებს სახავენ, ცოტა უფრო მეტ ფულს იძლევიან განათლების სფეროსათვის. თუმცა, გაცილებით მეტია საჭირო".

მიზნად უნისეფის საანგარიშო მოხსენებაში დასახულია უფასო დაწყებითი განათლება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში, ვთქვათ, როცა ღარიბ ოჯახს რომელიმე განვითარებად ქვეყანაში ფულის გადახდა უწევს შვილების სკოლაში გასაგზავნად, ფულს ან მხოლოდ ვაჟიშვილებისთვის იმეტებს, ან - კიდევ უარესი - საერთოდ უარს ამბობს შვილების განათლებაზე! როგორც უნისეფის პრეს-მდივანი დამიენ პერსონა ამბობს: [პერსონას ხმა] "განათლების ყველაზე აშკარა ბარიერი არის სიღატაკე. ღატაკ ქვეყანაში მცხოვრები ოჯახი, რომელშიც 4-5 ბავშვია, როგორც წესი, ჯერ ბიჭებს აგზავნის სკოლაში და მხოლოდ ამის შემდეგ გოგონებს, ვინაიდან ითვლება, რომ გოგონები დედას უნდა დაეხმარონ, უმცროს და-ძმას მოუარონ. გარდა ამისა გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს გოგონები, რახან მათ ადრევე ათხოვებენ, ბიჭებზე უკეთეს მდგომარეობაში არიან. ასეთი დამოკიდებულების მაგალითად სამხრეთი აზია გამოდგება".

აზიის ამ და დანარჩენ რეგიონებში, ისევე როგორც აფრიკაში მნიშვნელოვანია რელიგიის ფაქტორიც: [პერსონას ხმა]
"ბევრი რელიგიური ლიდერი სულაც არ მიიჩნევს აუცილებლად გოგონების სკოლაში სიარულს. ეს, შესაძლოა, ყველაზე ძნელად დასაძლევი ბარიერი იყოს, რაზეც ვმუშაობთ სამხრეთი აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის რეგიონებში. ვცდილობთ ყველას დავანახოთ, რომ სკოლაში გოგონას გაგზავნა არათუ არ ეწინააღმდეგება რელიგიურ მოძღვრებას, არამედ პირიქით, უკეთესია ყველასთვის - ოჯახისათვის, მთელი საზოგადოებისათვის" .

უნისეფის ამ მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია, მაგალითად, ავღანეთში: ქვეყანაში, სადაც თალიბანის რეჟიმის დროს (2001 წლის მიწურულამდე) გოგონებს სკოლაში, ქალებს - უმაღლეს სასწავლებლებსა, თუ სამუშაოზე სიარულს უკრძალავდნენ. დღეს კი ავღანეთის სკოლებში გოგონები მოწაფეების (სულ 4,2 მილიონი ბავშვის) მესამედს შეადგენენ. [შარად საპრას ხმა] "ბიჭებისა და გოგონების ეს თანაფარდობა უფრო ახლოსაა თანასწორობასთან, ვიდრე თალიბანის რეჟიმამდე იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავღანეთის მთავრობამ და განათლების სამინისტრომ, საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშეწყობით, სულ 18 თვეში შეძლეს იმ უთანასწორობის მოსპობა, რომელსაც თალიბანი ამკვიდრებდა გოგონებსა და ბიჭებს შორის. გარდა ამისა, ავღანეთში არასოდეს უვლია სკოლაში იმდენ ბავშვს, რამდენიც ახლა დადის. რაც შეეხება ისევ გოგონებს - გასული წლიდან მოყოლებული დაწყებით სკოლაში 360 000-ზე მეტი ბავშვი მიიღეს", ამბობს ავღანეთში უნისეფის წარმომადგენელი შარად საპრა, რომელსაც ტელეფონით დაუკავშირდა ჩვენი რადიოს თანამშრომელი ეუჯენ ტომიუკი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, საპრას შეფასებით, მაინც ის არის, რომ სულ უფრო მეტი ავღანელი მიიჩნევს სწორად და საჭიროდ გოგონების განათლებას... [შარად საპრას ხმა] "ჩვენთვის ცნობილია შემთხვევები, როცა უკიდურესად კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანები გოგონებს დამუქრებიან, "სკოლაში არ იაროთო!" მაგრამ საინტერესოა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ნათესავებისა თუ მეგობრების უმრავლესობა გოგონას მხარეს იჭერდა - მას, გოგონას, თუ ქალს ეხმარებოდა სწავლის, მუშაობის გაგრძელებაში..."
XS
SM
MD
LG