Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს პოლიტიკურ პარტიათა დიდი უმცირესობა უცხადებს


ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სოციოლოგიურ კვლევითი ჯგუფის BSG-ის უკანასკნელი კვლევების მიხედვით,

4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოსახლეობის 68 პროცენტი მიიღებს მონაწილეობას. გამოკითხვა, საგანგებო მდგომარეობის გამო, არ ჩატარებულა აჭარაში, რომელიც ჯერჯერობით პოლიტიკურ დაუმორჩილებლობას უცხადებს ქვეყნის დროებით ხელისუფლებას. პოლიტიკურ ძალთა ერთი ნაწილის პროგნოზით, ცენტრის ასლან აბაშიძესთან შეთანხმების რეზერვი ჯერაც გამოუყენებელია და უახლოეს ხანში რადიკალური ძვრებია მოსალოდნელი. თუმცა ფაქტია, რომ არჩევნებისადმი აჭარის შესაძლო ბოიკოტმა უკვე განსაზღვრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის პოზიცია. დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე პოლიტიკური ძალა არჩევნებში მონაწილობას არ მიიღებს.

4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, დღევანდელი მონაცემებით, 2 პოლიტიკური გაერთიანება უცხადებს ბოიკოტს. ესენი არიან "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" და "საქართველოს ლეიბორისტული შრომის პარტია". ეს უკანასკნელი კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენასა და ხელისუფლების ლეგიტიმაციას თავისი ხერხებით, სასამართლოს გზით, ცდილობს. უზენაეს სასამართლოში უახლოეს დღეებში შედგება ლეიბორისტთა სარჩელის განხილვა. სარჩელი უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ანულირებას ისახავს მიზნად, რომლის ძალითაც 2 ნოემბრის პროპორციული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად, "ლეიბორისტები" არ აპირებენ შეცვალონ 4 იანვრის არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილება.
არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, არც სოციალისტური პარტია მიიღებს. თუმცა მოსალოდნელია არა აქტიური ბოიკოტი, არამედ პროტესტის ისეთი ფორმა, რომლის შესატყვისი პოლიტიკური ტერმინი, შესაძლოა, არც კი არსებობდეს.

[ირაკლი მინდელის ხმა] "ჩემი წინადადებაა, რომ აქტიურად ჩატარდეს მონიტორინგი არჩევნების. თუმცაღა მხარი არ დავუჭიროთ არც ერთ კანდიდატს. და, უბრალოდ, ვნახოთ, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, რომელიც წინაპირობა იქნება პარლამენტის არჩევნების ჩატარების. მაგრამ გაკონტროლება არჩევნებისა შევეცდებით, რომ მოვახდინოთ. რომ არჩევნები ჩატარდეს კანონის ფარგლებში. რომ არ მოხდეს სიების ფალსიფიკაცია და ხმების გაყალბება."( სტილი დაცულია)

ეს გახლდათ სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი მინდელის პირადი მოსაზრება, რომელსაც იგი პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომაზე წარადგენს. სხდომა 18 დეკემბერს გაიმართება და, სოციალისტთა ახალი თავმჯდომარის არჩევის გარდა, პარტიის მოკლევადიან სამოქმედო სტრატეგიასაც დასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ, არადემოკრატიული საარჩევნო კანონისა და კანდიდატთა არათანაბარ პირობებში ჩაყენების საბაბით, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობს ეგრეთ წოდებული პასიური პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი, მათი პოზიცია მაინც არ შეიძლება ბოიკოტად შეფასდეს. ამ სპექტრიდან დღეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარის თამარ ჩხეიძის მოსაზრებას შემოგთავაზებთ:

[თამარ ჩხეიძის ხმა] "შეიძლება მაგ ტერმინი ამ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ, მაგრამ, პრინციპში, შინაარსით მაინც დაახლოებით იგივეა. თუმცა ეს არ იქნება აქტიური ბოიკოტი იმიტომ, რომ გვესმის, რომ სხვა გამოსავალი დღევანდელ დღეს არ არსებობს და ეს აუცილებლად გასავლელი ეტაპია, რომ დალაგდეს სიტუაცია."( სტილი დაცულია)


ქვეყნის კონსტიტუციურ კალაპოტში მოქცევის პრაგმატული მიზნისადმი ერთგულების ნიშნად, შეიძლება ითქვას, რომ 4 იანვრის არჩევნების ბოიკოტის მოსურნე პოლიტიკურ ძალთა რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელია. მათ რიცხვში არ არის ირინა სარიშვილ-ჭანტურიას, ჯერჯერობით არარსებული, პოლიტიკური მოძრაობა. ამ მოძრაობის კიდევ ერთი პრეზენტაცია მიმდინარე კვირაში იგეგმება. შეძლებს თუ არა ირინა სარიშვილი-ჭანტურია პოლიტიკური პარტნიორების შეკრებას ამჯერად მაინც, ძნელი სათქმელია; სამაგიეროდ, ყველასათვის უკვე ცნობილია, რომ მოძრაობა 4 იანვრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
XS
SM
MD
LG