Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას ქართული პრესა კვლავ დაუბრუნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემას. "ცალმხრივი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასულ კვირას ქართული პრესა კვლავ დაუბრუნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემას. "ცალმხრივი დათმობების დრო წავიდა", - წერს 19-25 დეკემბრის გაზეთი "ახალი ეპოქა",

რომლის შენიშვნითაც, უახლოეს დღეებში დაგეგმილ ნინო ბურჯანაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის უკან იკითხება ამ უკანასკნელის სურვილი, თავად გაერკვეს რა ხდება საქართველოში და როგორ ურთიერთობას აპირებს ურჩი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ყოფილ მეტროპოლიასთან. გაზეთის აზრით, რევოლუციურ თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის "ისტორიული ვიზიტის" შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უპირველესად, გაქრა იმედი, რომ რუსეთის ხელისუფლება სამხრეთელ მეზობელთან სამომავლოდ ცივილიზებული ურთიერთობის გზას აირჩევს. გაზეთი წერს:



"რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთან ახალი ურთიერთობის დაწყება "სუფთა ფურცლიდან" უნდა - ხან აჭარასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებით ცდილობს წყლის ამღვრევას, ხანაც საქართველოსთან "ბოევიკების" დაკავშირებით სურს თბილისზე ზემოქმედება.
ძველი ილეთებით ახალი ურთიერთობის დამყარება არ გამოდის. მით უფრო, როცა ურთიერთობა მხოლოდ ერთი მხარის, რუსეთის, ინტერესებს ითვალისწინებს და არაფრად აგდებს მეორე, სუვერენული, ქვეყნის მისწრაფებებს. თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება წინამორბედივით კომპრომისის მიღწევას მხოლოდ ცალმხრივი დათმობებით აპირებს, მაშინ ძალიან გაუჭირდება როგორც რუსეთთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობის დამყარება, ისე საკუთარ თანამემამულეთა იმედების გამართლება."




"რევოლუციურ ეიფორიაში ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება, რომ ახალმა ხელისუფლებამ პირველივე დღეებში გამოხატა თავისი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პოსტულატი", - წერს 16 დეკემბრის "დილის გაზეთი", რომელსაც სამაგალითოდ მოჰყავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება, საქართველო ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ გზას რუსეთის პარალელურად და რუსეთთან ერთად განაგრძობსო. გაზეთის დასკვნით, მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცევა. "დილის გაზეთი" წერს:



"რუსები თანხმობას აცხადებენ უახლოეს მომავალში მიიღონ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იციან: 4 იანვარს საქართველოს უკვე სხვა პრეზიდენტი ეყოლება. ამის მიზეზია თვით ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას "წონა" ახალ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე: მოსკოვში არ გამოეპარათ ის გარემოება, რომ მათი გუნდი ძალზე გავლენიან პოზიციებს შეინარჩუნებს 4 იანვრის არჩევნების შემდეგაც. როგორც მოელიან, ჟვანია პრემიერ-მინისტრად დაინიშნება, ამ თანამდებობაზე კი იგი თავისი გუნდით მოდის. ნინო ბურჯანაძე, თუ ნაციონალ-დემოკრატების რეიტინგს გავითვალისწინებთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უეჭველად დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, ანუ, კონსტიტუციის შესაბამისად, სახელმწიფოს მეორე პირი გახდება.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რუსეთის ხელისუფლება უკვე ემზადება საჭადრაკო დაფის "გადასაწყობად" და მასთან ახალი პარტიის წამოსაწყებად. მოსკოვში კარგად ესმით, რომ უახლოესი 5 ან 10 წლის განმავლობაში სწორედ მასთან და მის თანამოაზრეებთან ექნებათ საქმე."




ყველა გაზეთი გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენციას, რომელმაც ამომრჩეველს რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდა. 19 დეკემბრის "მთავარი გაზეთის" აზრით, პრესკონფერენციაზე პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტები გამოიკვეთა. კერძოდ:



" 4 იანვარს პრეზიდენტობის კანდიდატის სტრატეგიული პარტნიორი მხოლოდ და მხოლოდ ხალხი იქნება, რომლის, სულ მცირე, 70-მა პროცენტმა საპრეზიდენტო არჩევნების სამართლებრივი სრულყოფილება უნდა უზრუნველყოს. ამიტომაც სააკაშვილი არჩევნების უპირობოდ ჩატარებაზე ამახვილებს ყურადღებას. 4 იანვარს აჭარაში არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში, პრეზიდენტობის კანდიდატის გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება: თუკი აბაშიძე თავს საკონსტიტუციო სივრცის მიღმა დაიტოვებს, უმკაცრესად დაისჯება.
მიხეილ სააკაშვილის სამოღვაწეო გეგმების მეორე ეპატი კი 4 იანვრის შემდეგ დაიწყება: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საკადრო პოლიტიკაში, კერძოდ, მთავრობის დაკომპლექტებაშიც ჩაერევა.
4 იანვრის შემდეგ იგი ყველა კორუმპირებულის გამოვლენას ისახავს მიზნად, ვინც ქვეყნისა და ხალხის ქონება პირად კეთილდღეობას მოახმარა. სააკაშვილის პირველი უჩვეულო გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით კირვალიძეს შეეხება. თუ დადასტურდება, რომ პურის ფასი კონტრაბანდული ფქვილის შემოტანის მიზეზით იზრდება, დაისჯებიან ისინიც, ვინც რევოლუციის შემდეგ თავი საზღვარგარეთს შეაფარა და, ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა სააკაშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობის საწინდარია, კანონი ედუარდ შევარდნაძის ნათესავებსაც უმკაცრესად შეეხება. თუმცა ექს-პრეზიდენტის დევნას სააკაშვილი სულაც არ აპირებს. შევარდნაძისგან განსხვავებით, მომავალი პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში განსაზღვრულ პოლიტიკას ჩამოაყალიბებს."



"რევოლუციის მატარებელი საკადრო ჩიხისკენ უხვევს", - წერს 20 დეკემბრის გაზეთი "ხვალინდელი დღე", რომლის ცნობითაც, 23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულთ მტრებიც მოუმრავლდნენ და "მოკეთეებიც". გაზეთის ცნობით, რეგიონებში ბევრ თანამდებობაზე ძველი ჩინოვნიკები ინიშნებიან, რაც ხალხის უკმაყოფილებას იწვევს. უკვე ბევრი რიგითი მოქალაქე გამოთქვამს პროტესტს და ამბობს, რომ არჩევნებზე საერთოდ არ წავა. რაც დრო გადის, უფრო მეტად იქმნება საფრთხე, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალოს. მით უფრო, რომ უკვე ამ საფრთხის რეალობად ქცევის ბევრი კერა გამოჩნდა. კერძოდ:




"წყალტუბოში, ქუთაისში, სიღნაღში და საქართველოს კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქში კონკრეტული მაგალითები არსებობს, როგორ ინიშნებიან "ბურჯანაძე-დემოკრატებში" ახლად გაწევრიანებული ძველი ჩინოვნიკები თანამდებობებზე.
რევოლუციის შემდეგ წყალტუბოში ერთბაშად დაიშალა და დაიფანტა მემარჯვენეების, აღორძინების, მრეწველებისა და ლეიბორისტების პარტიული წარმომადგენლობები. ერთმა ნაწილმა "ინამუსა" და შინ წავიდა, ბევრი კი დემოკრატების პარტიულ ოფისებს "მიეტმასნა" და თანამდებობებსაც გამოჰკრა ხელი. ხალხი ხედავს, რომ ბურჯანაძე-დემოკრატები ძველებურ რიტმში განაგრძობენ გარიგებების დადებას, რომ მათი რიგები ადრინდელზე მეტად "დაბინძურდა".
თუ დუშეთში ლეიბორისტები და "ბურჯანაძე-დემოკრატები" უპირისპირდებიან ერთმანეთს, სიღნაღში ამ უკანასკნელს კონფლიქტი უკვე უშუალოდ ნაციონალებთან მოუვიდა. ორივე პოლიტიკურ ძალას გამგებლად საკუთარი კანდიდატი სურს.
მოვლენების ამგვარად განვითარება, რა თქმა უნდა, არ უნდა ახარებდეს უკვე თითქმის პრეზიდენტად მიჩნეულ სააკაშვილს. თუ ასე გაგრძელდა, მიუხედავად ამომრჩევლის წინასწარი რეგისტრაციის წესის შემოღებისა, არჩევნების ჩაშლის საფრთხე რეალური გახდება. ფაქტია, რომ მთავარმა ნაციონალმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს "კონტრზომების" მიღება.
XS
SM
MD
LG