Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპორტაჟი საარჩევნო უბნიდან


დავით პაიჭაძე, თბილისი რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე თბილისში? მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები მთელი დღის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეთა აქტივობა,

შესაძლოა, საკმარისი არ ყოფილიყო, საარჩევნო უბნებს თბილისში ამომრჩეველი ნამდვილად არ აკლდა.

[ისმის ხმაური საარჩევნო უბანზე]

ვითარება საარჩევნო უბნებზე ძალაუნებურად აჩენდა სურვილს, შეგედარებინა ის 2 ნოემბრის საარჩევნო სიტუაციასთან. პირველი თვალშისაცემი განსხვავება ის გახლდათ, რომ უბნებში, პრაქტიკულად, არ ყოფილა კონფლიქტები ამომრჩეველსა და კომისიის წევრებს, დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის, აგრეთვე თავად კომისიის შიგნით. მართალია, ლეიბორისტებისა და "აღორძინების" ბოიკოტმა საარჩევნო კომისიებს ადამიანური რესურსი დააკლო, მაგრამ, საუბნო კომისიათა თავმჯდომარეებს თუ ვერწმუნებით, დანაკლისის მიუხედავად, მუშაობა არ ფერხდებოდა. თავმჯდომარე და მოადგილე კომისიის რიგით წევრთა ფუნქციებსაც ითავსებდნენ.

მართალია, ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა წინასწარი რეგისტრაცია გაიარა, არცთუ ცოტა აღმოჩნდა ისეთი, ვინც რეგისტრაციის გაუვლელად მივიდა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად. აი, რა მითხრა თბილისის საბურთალოს რაიონის 29-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ იაქაშვილმა:

[იაქაშვილის ხმა] "ბევრია ხალხი, ვისაც რეგისტრაცია წინასწარ არა აქვს გავლილი. ამ ცოტა ხნის წინ გადავამოწმე: ხმა მიცემული ჰქონდა 300 კაცს და აქედან 70-ს რეგისტრაცია წინასწარ არ ჰქონდა გავლილი."

მე გავესაუბრე ამომრჩევლებსაც. მაინტერესებდა, ხომ არ წვალობდნენ ხმის მიცემისას ისე, როგორც 2 ნოემბერს. ძირითადად, ასეთ პასუხებს ვისმენდი:

[ამომრჩეველი ქალბატონის ხმა] "არაჩვეულებრივად, ძალიან კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული. რაღაც წუთები დამჭირდა. ყველაფერი მშვიდად და გასაგებად წარიმართა. რიგში 10-15 წუთს ვიდექი. მარკირებას რაც შეეხება, მართალი გითხრათ, რაღაც უსიამო შეგრძნება მაქვს, როცა უცნობ ნივთიერებას მასხურებენ, მაგრამ არა უშავს"...

საარჩევნო დღის მანძილზე უბნებში რამდენჯერმე შეიქმნა ვითარება, როცა მოქალაქეებმა დიდი რაოდენობით მოიყარეს თავი. საბურთალოს მეექვსე უბანზე, არჩევნების დაწყებიდან 6 საათში, 50-კაციანი რიგი იდგა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ხმაური, მღელვარება და შეკითხვები იმატებდა.

[ისმის ხმაური]

მე-6 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დავით აბაზაშვილმა მითხრა, რომ 4 იანვარს, მისი დაკვირვებით, ამომრჩევლის აქტივობა მეტი იყო, ვიდრე 2 ნოემბერს. 1218 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან დღის 2 საათისთვის ხმა მიცემული ჰქონდა 690-ს. ამას ემატება ათეულობით მანამდე დაურეგისტრირებელი ამომრჩეველი. დავით აბაზაშვილი ირწმუნება, რომ საარჩევნო პროცედურები უმტკივნეულოდ წარიმართა.

[აბაზაშვილის ხმა] "ამომრჩეველი მოწესრიგებულად მოდის. რიგში დგას. ესმის, რომ ასეა საჭირო. არაფერი სერიოზული არ მომხდარა და არც მოსალოდნელი არ არის. ხალხს ესმის."
XS
SM
MD
LG