Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აჭარაში ცენტრის სერიოზულ აღშფოთებას იწვევს


მეორე დღეა საქართველოს მოსახლეობის ყურადღება მიპყრობილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისკენ, სადაც, უფლებათდამცველი ორგანიზაციების შეფასებით, უკანონო პატიმრობაში რჩებიან

საზოგადოება "კმარას" აქტივისტები და მათი ახლობლები. ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობს რეპრესიებით შეასუსტოს საქართველოს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გააქტიურებული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ოთხშაბათს აჭარის საკონონმდებლო ორგანომ ცენტრთან შეუთანხმებლად გააგრძელა საგანგებო მდგომარეობის მოქმედება ავტონომიის ტერიტორიაზე, რის გამოც ვითარება აჭარაში კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ 5 ნოემბერს დააკანონა მხოლოდ მცირე ხნით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს გაუქმდა. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მოძრაობა "კმარას" აქტივისტებმა ბათუმის ქუჩებში ასლან აბაშიძის რეჟიმის საწინააღმდეგო მოწოდებების გავრცელება დაიწყეს, საკანონმდებლო ორგანომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კვლავ განუსაზღვრელი ვადით გააგრძელა საგანგებო მდგომარეობის მოქმედება.
გავრცელებული აზრით, საგანგებო ზომებს აჭარის ხელისუფლებამ მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლების თავიდან ასაცილებლად მიმართა. ცნობისათვის: აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში მეორე დღეა იმყოფებიან "კმარას" აქტივისტების ოჯახის წევრები - რომან ჩხარტიშვილი და ირაკლი ხაჟომია. აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, დაპატიმრებულებს პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებთ და ისინი დაისჯებიანო.

[ჯემალ გოგიტიძის ხმა] "ისინი არიან დამნაშავეები და არანაირ პოლიტიკას არ უკავშირდებიან. მათ სჭირდებოდათ სარჩულად პოლიტიკაში ყოფნა და მეტი არაფერი. ისინი დაისჯებიან."

ღირს გავიხსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ აჭარის სამართალდამცველებს ხულიგნობის შეთითხნილი ბრალდებით ჰყავდათ დაპატიმრებული ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ასლან აბაშიძემ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდეგ გაათავისუფლა.
განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანების დაკავების ფაქტმა და აჭარის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ხელახალმა გამოცხადებამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საზოგადოების წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია. ასლან აბაშიძის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" დამფუძნებელმა თამაზ დიასამიძემ. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, გამოითხოვოს ასლან აბაშიძის ოთხშაბათის განკარგულება, რის გამოც სარჩელის განხილვა 14 იანვრამდე გადადო. ამავე დროს, 8 იანვარს აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. მინისტრის მოადგილე გიგი უგულავამ ჩვენთან საუბარში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.

[გიგი უგულავას ხმა] "საგანგებო მდგომარეობა 48 საათში უნდა დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის მიერ, რაც არ განხორციელებულა.შესაბამისად, ყველა ქმედება, ამ მიმართულებით განხორციელებული ასლან აბაშიძის მხრიდან, არის უკანონო და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას."

უგულავას თქმით, ის, რაც აჭარაში ხდება, არ არის მხოლოდ სამართლებრივი პრობლემა და ამგვარი საკითხები უსათუოდ პოლიტიკური დიალოგით უნდა გადაიჭრას. ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარის მიმართ სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმის შესუსტება მალე მოხდება და საჭირო არ არის პროცესების ფორსირება, ვინაიდან "ვარდების რევოლუციის" აჭარაში ექპსორტის მცდელობამ, პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს, შესაძლოა, საბოლოოდ დააკარგვინოს აფხაზეთი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG