Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა


15 იანვარს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. ოქმის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებიდან ხმების

მაქსიმალური რაოდენობა მიხეილ სააკაშვილმა დააგროვა, მინიმალური კი - ზურაბ ქელეხსაშვილმა. არჩევნებში გამარჯვებულმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 96, 27 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა თეიმურაზ შაშიაშვილმა - 1, 85 პროცენტი, მესამე ადგილზე კი, 0, 26 პროცენტით, როინ ლიპარტელიანი აღმოჩნდა. 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის კენჭისყრაში ცესკოს წევრთაგან მხოლოდ ლეიბორისტული შრომის პარტიის წარმომადგენელმა ბადრი ნიაურმა არ მიიღო მონაწილეობა. მან სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ლეიბორისტული შრომის პარტიის წარმომადგენლის ბადრი ნიაურის პროტესტის მიზეზი 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის დიდი უპირატესობით გამარჯვება არ ყოფილა. მან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, ძირითადად, ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესის გამო განაცხადა.

[ბადრი ნიაურის ხმა] " 96 პროცენტი გახლავთ სწორედ მონაწილეთა რაოდენობიდან და არა საერთო რაოდენობიდან. ანუ დღესაც თუ ვიკითხავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუ რა რაოდენობაა საჭირო იმისათვის, რომ თუნდაც დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები დადგეს დღის წესრიგში თეორიულად იმისათვის, რომ პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, ავირჩიოთ და ბარიერი გამოვთვალოთ, ეს ციფრი არ არსებობს. ამიტომ, უბრალოდ, ამ შოუში ვერ მივიღებდი მონაწილეობას და, მეტიც, იმთავითვე მოვასწავებდით, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა სწორედ ამ მეთოდებით და პრინციპებით, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა." (სტილი დაცულია)

ბადრი ნიაურის პასუხად ვიტყვით, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 იანვრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შემდეგ უკვე ოფიციალურად დაიწყო საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება. საარჩევნო სიების ფორმირების წესი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც პრაქტიკულად უცვლელი რჩება. სიების ბაზას წარმოადგენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა, რომელიც 2 მილიონ 231 986 ამომრჩეველს შეადგენს. ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდის რეზერვი საქრთველოს საარჩევნო ასაკს მიღწეულ იმ მოქალაქეებშია, რომლებმაც 4 იანვრისთვის არც წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს და არც დამატებით სიებში აღმოჩნდნენ - მოკლედ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს. მიუხედავად საარჩევნო სიების ფორმირების წესის შესახებ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში არსებული უკმაყოფილებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინოვაცია მხარდაჭერით სარგებლობს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ერთ-ერთი ამგვარი მხარდაჭერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 15 იანვარს მიიღო. მასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრისას ევროსაბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორი ჟან-ლუი ლორანი, ძირითადად, საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესით დაინტერესდა. საპარლამენტო არჩევნებისათვის, როგორც ჩანს, ორი ძირითადი სიახლეა მოსალოდნელი: საარჩევნო ბარიერის 7-დან 5 პროცენტამდე შემცირება და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "ჩვენი საბოლოო მიზანი უნდა იყოს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. ამიტომ, რაკი ამ მიმართულებით ვერ წავალთ, შეიძლება ვიფიქროთ თვითონ პარტიული დაკომპლექტების წესის შეცვლაზე, რათა საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს უფრო დაბალანსებული, მიეცეს საშუალება სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც, წარმოდგენილნი იყვნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გადაიხედოს თითოეული პარტიის კვოტა."

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაქტიკულად ადმინისტრაციების დაკომპლექტების ბეიკერისეული პრინციპის გაუქმებაზე საუბრობს. ამაზე უფრო ადრე, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებელთა მისია ალაპარაკდა.
XS
SM
MD
LG