Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების საბრძოლო პოტენციალი?


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება სერიოზულად ემზადება იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებს

ერთხელ და სამუდამოდ დაატოვებინოს ქვეყნის ტერიტორია. თუმცა ოფიციალური რუსეთისთვის ამ მოთხოვნის შესრულება არ იქნება იოლი, რადგან მოსკოვი საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ბაზებს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ფაქტორადაც მიიჩნევს.


საბჭოთა პერიოდში საქართველოში განლაგებული 50-ი ათასკაციანი საჯარისო დაჯგუფებიდან, ბათუმისა და ახალქალაქის ორ სამხედრო ბაზაზე დღესდღეობით 4 ათასი ჯარისკაციღაა დარჩენილი. აქედან, ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე დისლოცირებული მე-12 რუსული სამხედრო ბაზა 1700 ჯარისკაცს და რამდენიმე ათეულ მძიმე საბრძოლო ტექნიკასა და საარტილერიო დანადგარს ითვლის. ამას ემატება ხელვაჩაურის ცალკეული ნაწილი, კონსერვაციაზე მყოფი რამდენიმე ათეული საბრძოლო ტექნიკით.

გარეგნულად, ასეთი მწირი საბრძოლო პოტენციალი საკმარისია მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების დასაცავად და არა სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად რეგიონის მასშტაბით. მე-12 ბაზა, საშტატო შემადგენლობით, მხოლოდ მოტომსროლელი პოლკის შეიარაღებას უტოლდება. მაგრამ სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ სამხედრო ნაწილს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდეს - მაგალითად, სენაკის სამხედრო აეროდრომზე შევლა და იქ გარკვეული პლაცდარმის შექმნა დამატებითი ძალებისათვის:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "აქ არის მეორე გათვლა, რომელიც ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ის ტექნიკა, რომელიც ფარეხებში დგას, შეიძლება გადმოსროლილი იქნეს სენაკის მიმართულებით. რამდენიმე პიროვნებას ნანახი აქვს მე-12 რუსული სამხედრო ბაზის მეთაური, ოპერატიულ რუკაზე ასეთი გადაადგილებების აღმნიშვნელი სიმბოლოებით. ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს ამის შესახებ. მაგრამ ის, რომ რუსეთის მე-12 ბაზას აქვს ეს ფუნქცია, დარწმუნებული ვარ. ისევე როგორც, ახალქალაქში დისლოცირებულ 62-ე რუსული ბაზის ფუქცია არის გასვლა ბორჯომის მიმართულებით და იქ აღება იმ გვირაბისა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს."

რუსული სამხედრო ბაზების გარკვეულ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი. ექსპერტის თქმით, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არსებობს აზრი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს იძულებით ინტეგრირებას რუსეთის შემადგენლობაში და მოსკოვს სამხედრო ბაზები სწორედ ამ ჩანაფიქრის რეალიზების ინსტრუმენტად ესაჭიროება. თუმცა საქართველოს წინააღმდეგ კრემლის მხრიდან ნებისმიერი ძალისმიერი ბერკეტის ამოქმედების მცდელობას, ფელგენჰაუერის აზრით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ადეკვატური პასუხი მოჰყვება:

[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] "რუსეთში ანგარიშს არ უწევენ იმ გარემოებას, რომ სულ ახლოს იმყოფება თურქეთის მესამე საველე არმია. საკმარისია აღმოსავლეთ ანატოლიიდან გადმოსროლილი იქნეს იქ განლაგებული სამხედრო ძალების მცირე ნაწილი, რომელიც უეცრად შთანთქავს საქართველოში არსებულ რუსულ სამხედრო ძალას. ანუ მოსკოვში თითქმის არ ითვალისწინებენ იმ ფაქტორს, რომ საქართველოს გვერდით არის ძლიერი სამხედრო სახელმწიფო, რომელიც სამხედრო ძალით რუსეთს ათჯერ აღემატება აღნიშნულ რეგიონში და რომლისთვისაც ჩვენი პატარ-პატარა გარნიზონები არაფერს წარმოადგენს."

ეს, რაც შეეხება ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების საბრძოლო პოტენციალს. მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე, ქალაქ გუდაუთაში, არსებობს რუსეთის სამშვიდობო ძალების სარეაბილიტაციო ნაწილი, სამართალმემკვიდრე იმ სადესანტო ბაზისა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. ეს ბაზა, სტამბულის 1999 წლის ეუთოს სამიტის შეთანხმების თანახმად, რუსეთს 2001 წლის 1 ივლისს უნდა დაეშალა, მაგრამ საქართველოს ეჭვი აქვს, რომ რუსეთს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG