Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტი წალკის რაიონში


წალკის რაიონის სომეხი მოსახლეობა ქართველებს შევიწროვებაში ადანაშაულებს. თუმცა იქაური ქართველების აზრით, ყველაფერი პირიქით არის და "სომხობა" ხეშეუხებლობის ერთგვარ გარანტიად იქცა.

წალკელი ქართველები ამტკიცებენ, რომ ეთნიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება სომეხ მოსახლეობას აშკარად ათამამებს. ისინი დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობენ.

წალკის რაიონის სოფელ გუმბათში ორიოდე დღის წინათ მომხდარ ინციდენტს სხვადასხვანაირად აღწერენ. თუკი ერთნი ამ ფაქტს სომხების მხრიდან ქართველების მისამართით გამოვლენილ მორიგ და საკმაოდ სერიოზულ აგრესიად მიიჩნევენ, მეორენი ინციდენტს ჩვეულებრივი ახალგაზრდული ჩხუბის რანგში განიხილავენ. მიზეზთა გამო აზრს სწორედ ამგვარად აყალიბებს წალკის რაიონის გამგებელი ელდარ ხვისტანი და 28 იანვარს მომხდარ ჩხუბში ეთნიკური დაპირისპირების მისხალსაც ვერ ხედავს:

(ხვისტანის ხმა) "სოფელში ბიჭებს შორის მოხდა ჩხუბი. სომხებმა და ქართველებმა, მთვრალებმა ერთმანეთს სცემეს. მაინცდამაინც ისეთი არაფერი მომხდარა. ეს უბრალო ჩხუბი იყო. თბილისში, რა, ახალგაზრდები არ ჩხუბობენ?! ყოველდღე ჩხუბია და უბედურება. ეთნიკური რა შუაშია?!"

სამწუხაროდ, ჩხუბი და აყალმაყალი წალკის რაიონში აღარავის უკვირს. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 კვირის წინათ სომეხი მოსახლეობის ერთი ჯგუფი კაბინეტში სწორედ ელდარ ხვისტანს შეუვარდა, მისი გადადგომა კატეგორიულად მოითხოვა და, როგორც ამბობენ, სცემა კიდეც. მართალია თავად ხვისტანი ცემის ფაქტს უარყოფს, მაგრამ თვითმხილველთა თქმით, სომეხი ეროვნების თავდამსხმელებმა იმ დღეს გაუგონარი აგრესია გამოავლინეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დასჯილა და ადგილობრივ ქართველებს ნამდვილად არ გაუკვირდებათ, თუკი არც არავინ დაისჯება. მათი თქმით, სომეხი მოსახლეობა წალკის რაიონში სწორედ დაუსჯელობის სინდრომმა გაათამამა და სანამ ხელისუფლება კრიმინალებს საკადრისს არ მიუზღავს, ყველაფერი ძველებურად დარჩება.

მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის ერთერთ მთავარ გზას ხვისტანი წალკაში ქართველების დამკვიდრებაში ხედავს:

(ხვისტანის ხმა) "გამოსავალი ერთია: აქ ქართველების ჩასახლება რომ მიდის, ამას უნდა მიაქციოს მთავრობამ და ხელისუფლებამ მეტი ყურადღება. ამ ხალხისთვის ბერძნების მიერ გათავისუფლებული სახლები უნდა შეისწიდოს".

საგულისხმოა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში წალკის რაიონს აჭარიდან და სვანეთიდან წამოსულმა (სტიქიით დაზარალებულმა) 1300-მა ქართულმა ოჯახმა შეაფარა თავი. თუმცა თავადაც გაჭირვებულმა სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით მათგან მხოლოდ 100 ოჯახი დააკმაყოფილა. დანარჩენები კი, სხვის ჭერქვეშ, მართლაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

როგორც გაზეთ - "წალკის უწყებანის" მთავარი რედაქტორი ნაზი მეშველიანი ამბობს, ელდარ ხვისტანს ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა სწორედ ქართული ოჯახების ხელშეწყობისათვის გადაეკიდა. ყოველივე ეს ნამდვილად დასაფიქრებელია.
XS
SM
MD
LG