Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოსკოვში


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს მოსკოვში დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ორდღიანი ვიზიტი,

რამაც, როგორც მიმომხილველები იმედოვნებენ, დასაბამი უნდა მისცეს ახალ ეტაპს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.


ამ ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოთხშაბათს დაიწყება, როცა საქართველოს ახალი პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს შეხვდება, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრ მიხაილ კასიანოვთან, საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან, თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვთანა და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს მოლაპარაკებას.

მოსკოვში გამგზავრებამდე სააკაშვილმა კვლავ განაცხადა, რომ "მზადაა ყველა ღონე იხმაროს, რათა წერტილი დაესვას იმ სამარცხვინო ურთიერთობას", საქართველოს რომ ჰქონდა წლების მანძილზე თავის ჩრდილოელ მეზობელთან და დაჩქარდეს ხელმოწერა ორმხრივი ხელშეკრულებისა მეგობრობის შესახებ, რაც ესოდენ დაყოვნდა. პრესკონფერენციაზე თბილისში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სულაც არ მოელის ერთი ხელის მოსმით ორმხრივ ურთიერთობათა გაუმჯობესებას [მიხეილ სააკაშვილის ხმა]: "ჩვენმა სამინისტროებმა მოაზადეს სია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული საკამათო საკითხებისა, და ჩვენ სათითაოდ განვიხილავთ მათ. ახლავე მინდა ვთქვა, რომ არ ვამყარებ დიდ იმედებს ამ ვიზიტზე. არ მოველი, რომ სასწაულებს მოვახდენ ერთ დღეში. არ მგონია ჩვენ ყველა უთანხმოების მოგვარება შევძლოთ. მაგრამ ჩვენ პოზიტიურ ტენდენციას უნდა მივცეთ დასაბამი იმ წლების შემდეგ, როცა უარყოფით ტენდენციას ვხედავდით. ხოლო პოზიტიური ტენდენციის შექმნა მოგვცემს შესაძლებლობას მწვანე შუქი მივცეთ ურთიერთობათა შემდგომ გაუმჯობესებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოფიციალური პირები მოსკოვში აცხადებენ, რომ ურთიერთობათა ნორმალიზაცია საქართველოსთან პრიორიტეტული მნიშვნელობისაა რუსეთის მთავრობისთვის.

2 თებერვალს, სააგენტო ინტერფაქსმა გამოაქვეყნა რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ იური ბალუევსკის ნათქვამი იმის შესახებ, რომ საქართველოში შემორჩენილი თავისი ორი სამხედრო ბაზის გატანა რუსეთმა შესაძლოა 7-9 წელიწადში დაასრულოს, მაშინ როცა ადრე მოსკოვი ამ კონტექსტში 10-11 წელიწადს მოიხსენიებდა.

მოლაპარაკებისას ოთხშაბათს, სააკაშვილი და პუტინი უცილობლად შეეხებიან საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, აგრეთვე დაძაბულ ურთიერთობას თბილისსა და ბათუმს შორის, რაც აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის პრორუსული გამოხდომებითაა გამოწვეული.

იმ დროს, როცა სააკაშვილი მოსკოვს მიემგზავრებოდა, თბილისში, გაეროს ეგიდით, სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო საქართველოსა და აფხაზეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსეი ფედოტოვმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გააუქმოს საქართველოსთან მოქმედი სავიზო რეჟიმი, თუ თბილისი თავის მხრივ, მოსკოვთან ითანამშრომლებს ჩეჩნეთის საკითხში.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის გაზეთები აღიარებენ, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად სავსებით შესაძლებელია ორმხრივ ურთიერთობათა გაუმჯობესება საქართველო-რუსეთს შორის.
XS
SM
MD
LG