Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი ქართველი მინისტრებისა და მათი ოჯახის წევრების დამოკიდებულება სამხედრო ვალდებულების მიმართ


პარასკევს, როდესაც საზოგადოებას პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კანდიდატურას აცნობდა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა,

რომ მინისტრებისა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების შერჩევის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად სამხედრო ვალდებულებისადმი კანდიდატთა და მათი ოჯახის წევრების პირადი დამოკიდებულება უნდა იქცეს. ამ კრიტერიუმის მიხედვით მომავალ ქართველ მინისტრთა და გამგებელთა ბიოგრაფიის შესწავლის შედეგად, აღმოჩნდა, რომ, თუ საქართველოს პრეზიდენტი თავის მოთხოვნას არ შეარბილებს, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება, შესაძლოა, სერიოზული საკადრო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ამაღლება საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამის უმთავრეს ამოცანად "ვარდების რევოლუციის" დასრულებისთანავე გამოაცხადა. 2003 წლის 10 დეკემებერს, ვაზიანის ბაზაზე განლაგებული ელიტური ქართული ქვედანაყოფების მებრძოლებთან შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილი დაჰპირდა სამხედროებს, რომ სახელმწიფო ძირფესვიანად შეცვლიდა მიდგომას სამხედრო ვალდებულების მიმართ და მას თანამდებობებზე კანდიდატთა შერჩევის მთავარ კრიტერიუმად აქცევდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ერთი რამ მინდა ვთქვა: თუ მთავრობაში დაინიშნება რომელიმე თანამდებობის პირი, რომლის შვილიც არის გაწვევის ასაკის და არ გამოცხადდა გასაწვევ პუნქტზე,ეს ადამიანი უნდ მოიხსნას თანამდებობიდან. ისევე როგორც საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდება ისეთი ადამიანი, ვისი შვილი ან ძმა უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. საქართველოში უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ჯარში მხოლოდ უპატრონოებს უშვებდნენ. ჯარში უნდა მსახურობდეს ყველა, ვისაც ეხება, და ყველას მიმართ უნდა იყოს თანაბარი მიდგომა."

მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის ამ სურვილსა და რეალობას შორის უდიდესი უფსკრულია გაწოლილი. თუ გავიხსენებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის 14 წლიან გამოცდილებას, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მაღალი და საშუალო თანამდებობის პირთა, საზოგადო მოღვაწეთა და პოლიტიკურ ლიდერთა შვილებს კანონით დადგენილ ვადებში გაევლოთ სამხედრო სამსახური. ვინაიდან საშემოდგომო გაწვევის კამპანია ახალი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს, ჩვენ გადავამოწმეთ, ხომ არ გამოცხადდა გამწვევ საქალაქო განყოფილებებში რომელიმე თანამდებობის პირის შვილი. მაგრამ, როგორც პრეზიდენტის კანცელარიასთან არსებული გაწვევის სამსახურის უფროსმა კობა უღრელიძემ გვაცნობა, ასეთი ფაქტი მისთვის უცნობია. კობა უღრელიძის თქმით, გაწვევის გეგმა ისევ სოციალურად ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანების ხარჯზე და ისიც მხოლოდ 72 პროცენტით სრულდება, რადგან ბევრი სამხედრო ნაწილი კვლავ უარს ამბობს მიიღოს შევსება ელემენტარული პირობების უქონლობის გამო.

[კობა უღრელიძის ხმა] "გაწვევა გაჩერებულია, იმიტომ რომ 25-ე ბრიგადას და სასაზღვრო ნაწილებს სამხედრო ფორმა არ მიუღიათ, თორემ ჩვენი სამსახურები მზად არიან 100 პროცენტით დააკომპლექტონ ეს ნაწილები. ახლა მითხრეს, რომ ამ დღეებში შეიძლება დაურიგდეთ ფორმაო."

რაც შეეხება მინისტრობის ახალი კანდიდატების დამოკიდებულებას სამხედრო ვალდებულებისადმი, 15-დან 4 ქალია, დანარჩენი 11-დან, ცნობილია, რომ მხოლოდ სამი - თავად პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე და კონფლიქტების მოწესრიგების დარგში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი გოგა ხაინდრავა - საქართველოს ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეა. სხვების ბიოგრაფიაში, რომელიც ოფიციალური არხებით ვრცელდება, ამ გრაფაზე ყურადღება არ მახვილდება. რაც შეეხება მინისტრების შვილებს, უმეტესობა იმდენად მცირეწლოვანია, რომ სანამ სამხედრო ვალდებულების ასაკს მიაღწევენ, კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის.

თანაც საქართველოს კანონმდებლობა იმდენ კანონიერ ხვრელს ტოვებს სამხედრო სამსახურიდან თავის დასაძვრენად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სულ კეტითაც რომ სდიოს, ძნელია რომელიმე თანამდებობის პირს ან მის შვილს დეზერტირობა დააბრალო.

კანონით, სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალებას იძლევა 13-მდე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სამხედრო კათედრა ფუნქციონირებს. კათედრაზე სამხედრო პროგრამის გავლა კი გათანასწორებულია სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ზოგჯერ კურსდამთავრებულს სამხედრო წოდებაც ენიჭება. და, რაც მთავარია, საქართველოში 2 წელზე მეტია მოქმედებს 200-ლარიანი მოსაკრებელი, რაც ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას გადაივადოს ვალდებულება იმდენჯერ, რამდენჯერაც დასჭირდება. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა, პირველ რიგში, სამხედრო ვალდებულების კანონში უნდა შეიტანოს შესწორებები, თუ უნდა, რომ სამხედრო ვალდებულება მართლა იქცეს ქმედით კრიტერიუმად სახელმწიფო თანამდებობის მომავალი პრეტენდენტებისათვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG