Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკურ დანაშაულთან საბრძოლველად ფინანსური პოლიცია იქმნება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება, ძირითადად, ახალი მინსტრთა კაბინეტის შესაძლო კანდიდატების ირგვლივ მსჯელობისაკენ იყო მიპყრობილი. მიუხედავად იმისა,

რომ ამ დრომდე კონკრეტული პერსონალიების ვინაობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული, უკვე ნათელია, რომ მინისტრთა კაბინეტი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდება, განახლდება და ოდნავ სქესსაც შეიცვლის. ანუ პრემიერი ჟვანია შეეცდება პრეზიდენტ სააკაშვილს მის მიერვე გაცხადებული პრინციპის მიხედვით შესთავაზოს კანდიდატები. პრინციპი კი შემდეგნაირია: ახალი სახეები, ახალგაზრდები, პროფესიონალები და ქალები. ამ უკანასკნელთათვის კი, როგორც ჩანს, თანამდებობრივი კვოტა და კონკრეტული ადგილებია გამოყოფილი, რადგან ანი ახალკაცის მხრიდან შეთავაზებულ თანამდებობაზე უარის თქმის შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი პრინციპულად ისევ "სუსტი სქესის" წარმომადგენელს თამარ სულუხიას შესთავაზეს.

მინისტრების ძიების პარალელურად მთავრობას პარლამენტში ახალი სტრუქტურის პროექტი და მთელ რიგ ანტიკორუფციულ ცვლილებათა პაკეტი შეაქვს. პროექტის მიმართ ამჟამინდელი პარლამენტის მხრიდან რაიმე გართულება ნაკლებადაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ამ სტრუქტურის დამტკიცებასა და საკანონმდებლო ცვლილებების ლეგიტიმაციას წინ აღარაფერი დაუდგება.

ერთი ნოვაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ არის შეთავაზებული და ფინანსური პოლიციის შექმნას ითვალისწინებს. ამგვარი იდეა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მინისტრის პერიოდში არაერთხელ გამოკვეთილა, თუმცა ოპერატიული ფუნქციების ფინანსური უწყებისათვის დელეგირებას აქამდე რაიმე რეალური შედეგი არ გამოუღია.

ამ ინიციატივის ავტორები ფინანსური პოლიციის ჩამოყალიბების აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სადავეები ერთ სტრუქტურაში უნდა იყოს მობილიზებული. პროექტი ითვალისწინებს ფინანსური პოლიციისათვის შსს-ს მსგავსი ფუნქციების მინიჭებას - მას ექნება ოპერატიულ-საგამოძიებო ფუნქცია, ანუ ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენა და შემდგომ საქმის სასამართლოსათვის გადაცემის უფლება. ამ სამსახურის შექმნის შემდეგ გაუქმდება შსს-ს ე.წ. მეექვსე განყოფილება, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურა იყო.

დღევანდელი მდგომარეობით, ფინანსურ დანაშაულს ებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ნახსენები მეექვსე განყოფილება, ანალოგიური ფუნქციის შესრულება შეუძლია უშიშროების სამინისტროს და შეეძლო საგადასახადო ლეგიონს, ასევე საგადასახადო და საბაჟო უწყებებს. პარლამენტისათვის შეთავაზებული ვარიანტით, ამიერიდან ამ ტიპის დანაშაულს მხოლოდ ფინანსური პოლიცია შეებრძოლება. ექსპერტები, წინა წლების გამოცდილებისა და იმავე ლეგიონის მაგალითის შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ამ ტიპის, ფაქტობრივად, ძალოვანი სტრუქტურის შექმნა, რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს, მით უფრო, თუ ის იმ უწყების მზრუნველობის ქვეშ მოექცევა, რომელიც თავად წარმოადგენს ფინანსური ოპერაციების ფორპოსტს და ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის წარმმართველ ორგანოს. ამასთან, წინა წლების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით სწორედ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ არსებობდა ყველაზე მეტი პრეტენზიები. ანუ ფინანსურმა პოლიციამ თავისი რესურსების მობილიზება უნდა მოახდინოს იმ სისტემის მიმართ, რომლის ერთ-ერთ ნაწილსაც თავად წარმოადგენს.

ექსპერტები იმასაც იხსენებენ, რომ საგანგებო ლეგიონის შექმნისას ამ უწყებას მაშინდელი შემოსავლების მინისტრიც კორუფციასა და კონტრაბანდასთან ბრძოლის ერთ-ერთ პანაცეად გვისახავდა, ხოლო თუ როგორ დაამარცხა ლეგიონმა კორუფცია, ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ, თუ ფინანსურ დანაშაულთან მებრძოლი სტრუქტურის შექმნა ან არსებულის გაძლერება გვსურს, იგი ან დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს და პასუხისმგებელი იყოს პრეზიდენტის ან პარლამენტის წინაშე, ან უპრიანი იქნება მისი ისევ შსს-ში დატოვება, ოღონდ, თუ გამოირიცხება პარალელიზმი სხვა უწყებებთან.

პარალელური სტრუქტურები საქართველოს უახლესი ისტორიის, მართლაც, სერიოზული პრობლემა იყო და მისასალმებელი იქნება, თუ ამ ანომალიისაგან ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდებით, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა მხოლოდ ფინანსური პოლიციის ფუნქციებში გადავიდეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს განხორციელებული ხმაურიანი დაჭერების უშუალო მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა იყვნენ. ყველა ეს დაჭერა სწორედ ეკონომიკური დანაშაულის ნიშნით წარიმართა და ძნელი წარმოსადგენია, ამ უწყებებმა ეს ეფექტური ბერკეტი სხვას გადაულოცონ.

მოკლედ, ფინანსური პოლიციის, მისი ფუნქციებისა თუ სტრუქტურული დაქვემდებარების მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. თუმცა ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მაინც სავარაუდოა, რომ ამ უწყების შექმნის, მისი სტატუსისა და ფუნქციების მთავრობისეულ ვარიანტს საკანონმდებლო ხელისუფლებაში პრობლემა არ შეექმნება.
XS
SM
MD
LG