Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ესმის ახალ მთავრობას ქალების ადგილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში


აშკარაა, რომ "ვარდების რევოლუციამ" საქართველოს,

პოლიტიკურის გარდა, კულტურული ცვლილებებიც მრავლად მოუტანა. სტატიკური, უმოქმედო და ასაკოვანი მთავრობა დინამიკურმა, ენერგიულმა და ახალგაზრდამ შეცვალა; არაპოპულარული და ხალხისგან შორს მდგომი პრეზიდენტი - უმრავლესობისთვის საყვარელმა და უბრალო იმიჯის მქონემ. "ქართველობის" კულტურულ სტერეოტიპს მნიშვნელოვანი კომპონენტები შეემატა, უძველესი ევროპელობის და ცივილიზებული რევოლუციის მოხდენის შესაძლებლობის სახით; და რაც ძალიან საინტერესოა, საქართველოს განახლებულ პოლიტიკურ სივრცეში აშკარად გაცხადებული უპირატესობა ქალებს მიენიჭათ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "იქნება საშუალო ასაკის, ახალგაზრდობისკენ გადახრილი კაბინეტი, ეს შემიძლია გითხრათ; იქნება სიმპათიური; იქნებიან შიგ ქალები - რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია; ქალები და პროფესიონალები. ჩემი იდეალია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ქალი იყოს - ოღონდ ეს ბურჯანაძეს არ უთხრათ - ის, რა ჰქვია, პარლამენტის თავმჯდომარეც ქალი იყოს და, საერთოდ, მინისტრების უმრავლესობა იყვნენ ქალები. მართლა მიმაჩნია, რომ ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი. მოხდა ისე, რომ კაცი აირჩიეს ამჯერად; ესეც დროებითია ... "

იმ ქვეყანაში, სადაც სოციალურად აქტიურ ქალებს ხშირად "მამაკაცური ჭკუის მქონედ" ახასიათებენ, სადაც დიასახლისებს "სუფრის დამამშვენებლის" ამპლუაში ადღეგრძელებენ და სადაც ცნება "ფემინიზმი" აბსოლუტურ ცინიზმს თუ არა, სკეფსისს აღძრავს, პრეზიდენტის ეს განცხადება ჭეშმარიტ რადიკალიზმად შეიძლება მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ სიტყვებს საქმეც მოჰყვა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალები, მართლაც, მოვიდნენ. ახალ მთავრობაში წარმოდგენილი გენდერული თანაფარდობის სტატისტიკა, ძველთან შედარებით, ბევრად უფრო დემოკრატიულ სურათს ქმნის და ამით, შესაძლოა, პატრიარქალური ტრადიციების შესუსტების განცდაც გაჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვისთვისაც ამა თუ იმ ქვეყნის გენდერული პოლიტიკა პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებრივ ასპარეზზე მყოფი ქალების რაოდენობის სტატისტიკურ მონაცემებს.
თუმცა ისეთი ფემინისტებიც არსებობენ, ვისთვისაც რიცხვებს და ციფრებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და ვისთვისაც მთავარი ის არის, რომ პოლიტიკაში ქალების რეპრეზენტაცია "დეკორატიულ" ფუნქციას არ ატარებდეს. მიუხედავად იმისა, რომ "ფემინიზმის" სტერეოტიპი ხშირად ქალების უფლებების ცნებასთან და გენდერულ თანასწორობასთან იგივდება, ეს მოძღვრება ბევრ ისეთ მიმდინარეობასაც ითავსებს, სადაც ქალის და მამაკაცის "თანასწორობის" იდეა მეორეხარისხოვანია, თუ კულტურა პატრიარქალურ ნორმებზეა დამყარებული. "თანასწორობის მოთხოვნა შედარებას ემყარება. რასთან უნდა გათანაბრდნენ ქალები? მამაკაცებთან? ხელფასთან? საზოგადოებრივ პოზიციასთან?" - კითხულობს მესამე ტალღის ფემინიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლუს ირიგარე, და ამატებს, რომ სქესთა შორის რეალური თანასწორობა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი სიმბოლური და სოციალური ფასეულობების შეცვლით მიიღწევა. ამდენად, ამ კონტექსტში მთავარი არ არის, რამდენი ქალი და რამდენი მამაკაცია წარმოდგენილი ხელისუფლების ამა თუ იმ შტოში. თუ ქალი საზოგადოებრივ ასპარეზზე მამაკაცების "სანქციით" დაიშვება და მათ მამაკაცურ თვითდამკვიდრებას მოემსახურება, ის მეორეხარისხოვან როლს შეინარჩუნებს და "ბიჭების თამაშის" დეკორატიული ელემენტი იქნება. ამ მოსაზრებებს იზიარებს ხელოვნებათმცოდნე და გენდერის საკითხების ექსპერტი თეო ხატიაშვილი:

[თეო ხატიაშვილის ხმა] "მე ვერ ვიტყოდი, რომ ადეკვატური იყოს ეს პროცესები. თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრი ქალი არსებობს, რომელიც არანაირად არ იზიარებს, ვთქვათ, გენდერულ პოლიტიკას თავის საქმიანობაში. ეს ადასტურებს, რომ ერთმნიშვნელოვანი არ არის ის, რომ ქალების მოსვლა სახელმწიფო ასპარეზზე რამენაირად შეცვლის პატრიარქალურ სტრუქტურებს. თავისთავად ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, როდესაც ქალები მხოლოდ სახლში აღარ სხედან და აქტიურ საქმიანობას ეწევიან - მათ შორის, არა მხოლოდ ისეთ საქმიანობას, როგორიც არის, ვთქვათ, პედაგოგობა, ბიბლიოთეკარი და ასე შემდეგ, რომლებიც უფრო ქალურ საქმიანობად მიიჩნევა, არამედ სახელმწიფო ასპარეზზე გამოდიან. მაგრამ ვნახოთ, რას გააკეთებენ ისინი და რამდენად იქნებიან მონდომებულნი, რომ პატრიარქალური აზროვნება და სტრუქტურები შეიცვალოს. ჯერჯერობით მე ამის ვერანაირ სიმპტომს ვერ ვხედავ."

ძნელი სათქმელია, რა ფუნქციას იტვირთებენ ახალ მთავრობაში წარმოდგენილი ქალი მინისტრები. ნათელი ის არის, რომ მათ მამაკაცი კოლეგებისგან ერთი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებთ - თუ პირველთა პოსტებზე მოსვლის მიზეზად მხოლოდ ინტელექტუალური შესაძლებლობები და პროფესიული გამოცდილება სახელდებოდა, ქალების შემთხვევაში ეს ყველაფერი სხვა რამემ გადაწონა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მიყვარს ქალები და იმედია, რომ ვუყვარვარ ასევე მათ."

ეს განცხადება რომელიმე მაჩო როკ ვარსკვლავისგან რომ მოდიოდეს, ალბათ, არავის გააკვირვებდა. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ ასეთ განაცხადს კი სანქციას მხოლოდ ის კულტურა აძლევს, რომელშიც ქალის ერთ-ერთ უმთავრეს და მისაღებ ფუნქციად მამაკაცის თვითდამკვიდრების ობიექტად ყოფნა მოიაზრება. რაციონალური მამაკაცები პოლიტიკას ქმნიან, აგრესიულები და კუშტები არიან და ქალები უყვართ - სწორედ ამას ითხოვს მათგან არსებული კულტურული ტრადიციები. ქალების შესაძლებლობები და პროფესიონალიზმი თავისთავად არ ფასობს - ამისთვის მამაკაცების მიერ მათი სიყვარული ხდება განმსაზღვრელი.

[თეო ხატიაშვილის ხმა] "ალბათ, პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ მისი სიხარული ქალებსაც გადაედებოდა და მათაც ასევე ძალიან გაუხარდებოდათ. მაგრამ ეს ფრაზაც, პრეზიდენტის მიერ ნათქვამი - რომ მას უყვარს ქალები და ამიტომ უნდა, რომ რაც შეიძლება მრავლად იყვნენ ისინი წარმოდგენილნი მის პოლიტიკურ სპექტრში ისევ და ისევ დადასტურებაა იმისა, რომ, მენტალური თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ჩვენთან არაფერი შეცვლილა. თუ ქალი ადრე უნდა ყოფილიყო სუფრის მშვენება, დღეს ის იქნება, ვთქვათ, მინისტრთა კაბინეტის ან პარლამენტის მშვენება."

ამდენად, ხელისუფლებაში წარმოდგენილი ქალების რიცხობრივი მაჩვენებლის ზრდის ეს ფორმა ნაკლებად უკავშირდება პატრიარქალური ნორმების შესუსტებას. ალბათ, სქესთა შორის თანასწორუფლებიანობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც ქალები თავისთავად იქნებიან ფასეულები და მათ პოლიტიკაში თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე მოსვლას აღარ დასჭირდება ვრცელი და მგრძნობიარე კომენტარები მამაკაცი კოლეგების მხრიდან. თანასწორობის იდეის კიდევ უფრო თამამი ვერსია კი არსებული სცენარის წარმოდგენაა გენდერული როლების შეცვლის შემდეგ. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა ჩვენს საზოგადოებას, პრეზიდენტ ქალს რომ მთავრობის მამაკაცებით დაკომპლექტება იმით აეხსნა, "კაცები მიყვარსო" და იმედი გამოეთქვა, რომ ეს ორმხრივი სიყვარულია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG