Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სასამართლოს მიერ გათავისუფლებული ორი ჩეჩენი მებრძოლი დააკავეს


თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 6 თებერვალს გათავისუფლებული 3 ჩეჩენი მეომრიდან 2 პიროვნება, ჰუსეინ ალხანოვი და რუსლან ელიხაჯიევი, იგივე მულკოევი,

16 თებერვალს თბილისიდან გაუჩინარდა. ეს საქართველოში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს დელეგაციის ჩამოსვლამდე 1 კვირით ადრე მოხდა. არადა, ევროსასამართლოს წარმომადგენლებს ისინიც უნდა დაეკითხათ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორსა და ჩეჩენ მეომართა ექსტრადიციის საქმესთან დაკავშირებულ სხვა ჩინოვნიკებთან ერთად. ახლა კი ირკვევა, რომ ალხანოვი და მულკოევი რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დელეგაციის მიერ ჩეჩენ ბოევიკთა ექსტრადიციის საქმეზე ჩატარებულმა დაკითხვამ, რუსეთის წარმომადგენლის მკაცრი მოთხოვნის გამო, კონფიდენციალურად ჩაიარა. თუმცა ერთი რამ კი ცნობილი გახდა: 6 თებერვალს გათავისუფლებულმა ჩეჩენმა რუსლან გელოგაევმა ჩვენება მისცა და ისიც განაცხადა, რომ არ შეუშინდება ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლას. ანალოგიური განწყობა ჰქონდათ ალხანოვსა და მულკოევს, რომლებიც ევროსასამართლოს დელეგაციის ვიზიტამდე თბილისის დატოვებას არ აპირებდნენ. ეს ჩემთან ინტერვიუში დაადასტურა "კავკასიური სახლის" ჩეჩნური განყოფილების ხელმძღვანელმა მექა ხანგოშვილმა, რომელიც 16 თებერვალს 2 ჩეჩენის გაუჩინარების ამბავს ასეთ კომენტარს უკეთებს:

[მექა ხანგოშვილის ხმა] "ეს არის აბსურდი. როგორ შეიძლება თბილისის ცენტრიდან გაქრნენ და ლარსთან დააკავონ, მით უმეტეს, მათ არც პასპორტები ჰქონდათ ხელთ, აბსოლუტურად არანაირი თანხა არ ჰქონდათ, გამოვიდნენ სახლიდან გზის ფულის გარეშე და გამორიცხულია, რომ ისინი ლარსთან აღმოჩენილიყვნენ. მათ სულ იმის შიში ჰქონდათ, რომ ლარსთან არ აღმოჩენილიყვნენ. მთელი 2 წელი იმისთვის ვიბრძოდით ჩვენ, რომ ისინი ლარსის საზღვართან არ აღმოჩენილყვნენ."

როგორც ცნობილია, რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოსგან ალხანოვისა და ალიხაჯიევის (იმავე მულკოევის) ექსტრადიციას 2002 წლიდან ითხოვდა. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ძებნილი ჩეჩნები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 2004 წლის 19 თებერვალს საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს. მე შევეცადე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელ შალვა ლონდარიძესთან გამერკვია, მართლაც გადაკვეთეს თუ არა საქართველოს საზღვარი რუსეთის მიერ ტერორისტებად გამოცხადებულმა ჩეჩნებმა.

[შალვა ლონდარიძის ხმა] "შემიძლია დავადასტურო, რომ ოფიციალურად ამ ორ ადამიანს სახელმწიფო საზღვარი ჩვენი მხრიდან არ გადაუკვეთიათ. მაგრამ კონკრეტულად როგორ მოხვდნენ საზღვარზე და რა მისიით უნდოდათ შესულიყვნენ რუსეთში, ამ კითხვებს რუსეთის მხარემ უნდა გასცეს პასუხი."

ამ ინფორმაციის სისწორეში დარწმუნება უჭირს ადვოკატ ლია მუხაშავრიას, რომელიც ექსტრადიციისთვის გამზადებულ ჩეჩენ მეომრებს თითქმის 2 წლის მანძილზე იცავს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] "ხელისუფლებას მე შევუქმენი გადაულახავი დაბრკოლება ოფიციალურად გადასცეს ეს პირები რუსეთს, ამიტომ ეს კეთდება ჩუმად, სადაც მე ვარ უძლური. ეს არის, უბრალოდ, ადამიანებით ვაჭრობა და ამით ვაჭრობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში." (სტილი დაცულია)

ისიც აღსანიშნავია, რომ, ჩეჩენი მეომრებისა და მათი ადვოკატების მიერ ევროსასამართლოში პროცესის მოგების შემთხვევაში, რუსეთთან ერთად საქართველოს მთავრობასაც მნიშვნელოვანი ფინანსური კომპენსაციების გადახდა მოუწევს. მოწმეების დაკავებითა და რუსეთის ციხეებში გადამალვით კი ფინანსური სანქციების საშიშროება მცირდება.
XS
SM
MD
LG