Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობა საეჭვო მშენებლობას პროტესტს უცხადებს


თბილისში ბოლო დროს ასე მომრავლებულ მშენებლობებს, სამწუხაროდ, მრავალი ეჭვი, კითხვის ნიშანი და უკმაყოფილება უკავშირდება. ამჯერად მწვავე პროტესტს გამოთქვამს ატენის ქუჩის მოსახლეობა,

რომელიც მისთვის არასასურველი მშენებლობის თაობაზე მაინცდამაინც ინფორმირებული არ არის. აქ მცხოვრები ადამიანები მიიჩნევენ, რომ მავანი ჩანაფიქრს მათ ზურგს უკან, მალულად ახორციელებს. ატენის ქუჩელებს პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი დანაპირების იმედი აქვთ.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა ვაკეში, ატენის ქუჩაზე, მცხოვრები ადამიანები ერთხელ უკვე დაამშვიდა და არასასურველი მშენებლობებისგან ხსნის პირობა მისცა. მართალია, ამგვარმა მფარველობამ მათი უბანი რამდენიმე მაღალი კორპუსის აშენებისგან, მართლაც, იხსნა, მაგრამ ამჯერად ატენის ქუჩის მოსახლეობა თავს კვლავაც დაუცველად გრძნობს.

ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან (მიწისქვეშა გადასასვლელის გასწვრივ) ერთ მშვენიერ დღეს წამომართული ღობე მათ ძალიან ცუდად ენიშნათ. ატენელები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ღობის მიღმა ვიღაც-ვიღაცები უზარმაზარი სახლის აშენებას მალულად გეგმავენ. დამკვეთთა და მშენებელთა ზუსტი ვინაობა მოსახლეობისთვის უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ტერიტორია მეტად გავლენიანთა ინტერესებში შედის. ერთ-ერთი ვერსიით, მშენებლობას რჩეულიშვილების ბიზნესკომპანია - "ცენტრ პოინტი" უნდა აწარმოებდეს, თუმცა ხსენებულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს კომპანიის წარმომადგენელი ნიკო თოფურიძე:

(ნიკო თოფურიძის ხმა) "არა, ეს ჩვენი ობიექტი არ არის. მე არ ვარ საქმის კურსში და ვიქნებოდი აუცილებლად - ჩვენი რომ იყოს."

კონკრეტულ მშენებლობასთან დაკავშირებულ გვარებს ვერც მანუჩარ მაჩაიძე ასახელებს. თუმცა საკრებულოს ურბანიზაციისა და მშენებლობის საკითხთა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ატენის ქუჩაზე ასაშენებელი სახლი მითი არ არის და პროექტი, მართლაც, არსებობს:

(მანუჩარ მაჩაიძის ხმა) "არსებობს პროექტი. ეს მიწის ნაკვეთი, როგორც ჩემთვის ცნობილია, შესყიდულია და მეპატრონეები აპირებენ 6 თუ 7-სართულიანი სახლის აშენებას. სხვათა შორის, ეს საკითხი ჩვენ ახლა შესწავლის პროცესში გვაქვს."

არავინ იცის, რით დასრულდება შესწავლის პროცესი და ამიტომ მოსახლეობამ თადარიგის დაჭერა და პროტესტის დროულად გამოხატვა არჩია:

(ატენის ქუჩის მცხოვრების ხმა) "შეწყდეს ამ ქუჩის ეკოლოგიური, კომუნალური და სანიტარული გაპარტახება ."

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ატენის ქუჩა უნიკალური ადგილმდებარეობის გამო ვაკის რაიონის უმთავრეს გამანიავებელ, ანუ ჰაერის გამტარ, არტერიად ითვლება. მოსახლეობა შიშობს, რომ სადავო მშენებლობა ამ სასუნთქ არხს უმოწყალოდ გადაკეტავს. სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ადამიანები სთხოვენ პრეზიდენტ სააკაშვილს, გაიხსენოს ატენის ქუჩის მფარველობის პირობა და თავიდან ააშოროს მათ ეს საეჭვო მშენებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი... :

(ატენის ქუჩის მცხოვრების ხმა) "ჩვენი უბანი კატეგორიულად აცხადებს - თუ ბატონი მიშა ამ საკითხში არ დაგვიდგება მხარში, შეიძლება ჩვენმა უბანმა, პროტესტის ნიშნად, ხმა არ მისცეს არჩევნებში ."

მოსახლეობას აქვს იმედი, რომ ერთ დროს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვაკელებს არ დაივიწყებს. თანაც - არჩევნები ახლოვდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG