Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუანტანამოს სამხედრო ბანაკიდან გათავისუფლებული პატიმრები აშშ-ს აკრიტიკებენ


ბოლო ერთი კვირაა, საგრძნობლად იმატა ინტერესმა გუანტანამოს ბაზისა და მისი ტყვეების მიმართ. შეგახსენებთ, რომ გუანტანამოს ბაზა კუბაში მდებარეობს, მაგრამ აშშ-ს ეკუთვნის.

ამ ბაზის სამხედრო საპატიმროში კი, ე.წ. "დელტას ბაზაზე" ტერორიზმში ეჭვმიტანილები ჰყავთ დაკავებული.

გუნტანამოს ბაზაზე დაკავებულთა რიცხვი, ამჟამად 600-ს აღემატება, მაშინ როცა 120 - გაათავისუფლეს. მათ შორის 26 კაცი, ავღანელები და პაკისტანელები, ორიოდე დღის წინ, ორშაბათს. გასულ კვირაში კი ბრიტანეთის პოლიციამ გაუშვა 5 მოქალაქე, რომელიც მანამდე გუანტანამოში იმყოფებოდა. სწორედ ამ გათავისუფლებებმა გამოიწვია გუანტანამოს ბაზისადმი ინტერესის მატება: ყოფილი ტყვეები (აქამდე იზოლირებული გარე სამყაროდან) პრესას ელაპარაკებიან და, ზოგ შემთხვევაში, მძიმე ბრალდებებს უყენებენ თავიანთ ამერკელ ზედამხედველებს.

37 წლის ჯამალ უდინი ერთ-ერთია გასულ კვირაში გათავისუფლებული 5 ბრიტანელი მოქალაქიდან. ის, როგორც დანარჩენი 4, ირწმუნება, რომ ავღანეთში ჩავიდა პაკისტანიდან, ჰუმანიტარული ორგანიზაციების დასახმარებლად, მაგრამ შეიპყრეს, ჯერ ტყვეთა ბანაკში ავღანეთში ამყოფეს, შემდეგ კი გუანტანამოში გადაყვანეს. იქ მან თითქმის 2,5 წელი დაჰყო, როგორც ბრიტანეთის პრესას ეუბნება, მძიმე პირობებში: დაკითხვების დროს 12 საათი იატაკზე იყო მიჯაჭვული, გარდა ამისა მას აიძულებდნენ გაურკვეველი ნარკოტიკის მიღებას.

ყოფილი პატიმრის ვექილმა, რობერტ ლიზარმა განმარტა, რას მოითხოვს მისი კლიენტი: [რობერტ ლიზარის ხმა] "ის მოითხოვს, რომ ამერიკის ხელისუფლებამ პასუხი აგოს უსამართლობისათვის. ის, უდანაშაულო ადამიანი, ორ წელიწადზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული. მას სასტიკად, არაჰუმანურად და დამამცირებლად ეპყრობოდნენ".

აქ უნდა ითქვას, რომ გუანტანამოს ყოფილი ავღანელი ტყვეები ნაკლებად კრიტიკულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. ერთმა მათგანმა, ჰაჯი მოჰამად ვაზირმა ჩვენს ავღანელ კორესპონდენტთან საუბარში ისიც კი თქვა: არა, ტყვეობის დროს ძალადობა არ ყოფილა, ჩვეულებრივ დაკითხვებს მიწყობდნენო. [ვაზირის ხმა].

რაც შეეხება გამოხმაურებას გათავისუფლებული ტყვეების განცხადებებზე: აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ტყუილს უწოდებს ბრალდებებს, თითქოს გუანტანამოში დაკავებულ ტყვეებს სასტიკად ეპყრობოდნენ. ეს ბრალდებები უარყო სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმაც. მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებაც: სამოქალაქო უფლებათა ბრიტანეთის ეროვნული საბჭოს პრეს-მდივნის, ბერი ჰაგელის თქმით, ძნელი დასადგენია სინამდვილეში რა მოხდა. [ბერი ჰაგელის ხმა] "ვფიქრობ, ბრიტანელების დიდი უმრავლესობა დაკავებულებს უფრო დაუჯერებს, ვიდრე სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს. მაგრამ, მე არ ვიცი რა მოხდა - გუანტანამოში არ ვყოფილვარ. თუ ის, რასაც ყოფილი ტყვეები ამბობენ, მართალია (და არა მაქვს საფუძველი, მათ არ დავუჯერო) - საქმე გვაქვს ძალიან უსიამოვნო ამბავთან, აღმაშფოთებელ ამბავთან!"

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის განმარტებით, გუანტანამოს ბაზიდან ათავისუფლებენ იმათ, ვისაც არ მოეპოვება დაზვერვისათვის საინტერესო ინფორმაცია და არც ტერორიზმის საფრთხეს ქმნის.
XS
SM
MD
LG