Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი თეატრალები თითქმის არ გამოეხმაურნენ თეატრის საერთაშორისო დღეს


ქართველი თეატრალები თითქმის არ გამოეხმაურნენ თეატრის საერთაშორისო დღეს,

რომელიც 27 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნა. თეატრის მოღვაწეთა პასიურობა არავის გაჰკვირვებია - შარშანწინ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა თეატრის მოღვაწეებს, რომელთაც დიდი სურვილი ჰქონდათ, აღენიშნათ ქართული პროფესიული თეატრის დაარსების 150 წლისთავი. ეტყობა, თეატრალებმა ხელი ჩაიქნიეს - დედაქალაქის აკადემიური თეატრები მაყურებელს გრანდიოზული პრემიერებით აღარ ანებივრებენ. და არა იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან ერთად, მათ "თეატრალური მუზაც" არ სწყალობთ... იდეები ბევრია, მაგრამ არ არის ფული... ხოლო როცა იდეები ბევრია და არ არის ფული, თეატრალები თავიანთი უცხოელი კოლეგების გამოცდილებას ეცნობიან: მსოფლიო თეატრის ისტორიას ახსოვს გაჭირვებული, ფინანსურად გაპარტახებული თეატრალური კოლექტივებიც, რომლის წარმომადგენლები შედევრებს დგამდნენ. "თეატრი - სანახაობაა", მაგრამ თუ "ცხოვრება თეატრია", ე.ი. თეატრიც - "ცხოვრებაა". ხოლო, როცა ცხოვრება "აღარ არის" სანახაობა, თეატრალებმა რაღაც ადეკვატური უნდა შექმნან - ნაკლებად ფერადოვანი, ნაკლებად სანახაობრივი, მინიმალისტური.

მონოსპექტაკლი ყველგან და ყოველთვის ყველაზე მინიმალისტურ თეატრალურ ფორმად იყო მიჩნეული. საქართველოში მონოსპექტაკლებს მაშინაც დგამდნენ, როცა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა თეატრალურ კოლექტივებთან, როცა სახელმწიფო არ ზოგავდა ფულს აკადემიური თეატრებისთვის. თუმცა მონოსპექტაკლების პოპულარობა მაშინ გაიზარდა, როცა თბილისში დაარსდა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი. თავდაპირველად "ვერიკოდ" წოდებული თეატრის სპექტაკლები კოტე მახარაძისა და სოფიკო ჭიაურელის ბენეფისებს თუ შემოქმედებით საღამოებს ჰგავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში თეატრთან თანამშრომლობა დაიწყეს სხვა მსახიობებმა, რეჟისორებმა. რეპერტუარი უფრო მრავალფეროვანი გახდა - 2002 წელს აქ გაიმართა პრემიერა ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მონოსპექტაკლისა, პატრიკ ზიუსკინდის "კონტრაბასისა", რომელიც კინორეჟისორმა ნინო ახვლედიანმა დადგა. ამ წარმოდგენამ დროს გაუძლო. მსახიობი გია გოგიშვილი "კონტრაბასს" დღესაც ხალხით გადაჭედილ დარბაზში თამაშობს.

ცხადია, "ფიქრის გორაზე", მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახლ-მუზეუმში გახსნილ თეატრს დარბაზის გავსების პრობლემა არც უნდა ჰქონდეს - სცენა და, შესაბამისად, მაყურებლისთვის განკუთვნილი დარბაზი ძალიან პატარაა. მაგრამ სპექტაკლის დაწყებამდე გაირკვა, რომ ზოგიერთი მაყურებელი მეორედ, მესამედაც მოვიდა "კონტრაბასის" სანახავად. და არა იმიტომ, რომ იმპროვიზაციის ხარისხი აქ განსაკუთრებით მაღალია... უბრალოდ, ტექსტითა და მუსიკით მდიდარი წარმოდგენა საკმაოდ ღრმაა იმისთვის, რომ ერთი ნახვით შესაძლებელი გახდეს "კონტრაბასის" სრულფასოვანი აღქმა. 1984 წლის შემდეგ, როცა მიუნჰენში პატრიკ ზიუსკინდის პიესის პრემიერა გაიმართა, რეჟისორები და მსახიობები აბსოლუტურად განსხვავებულად "კითხულობენ" ამ ნაწარმოებს მუსიკოსზე, რომელსაც ისე უყვარს თავისი ინსტრუმენტი და იმდენად განიცდის კონტრაბასის "შეუმჩნევლობას", რომ უარს ამბობს ორკესტრში დაკვრაზე. ვიღაცისთვის ესაა პიესა მარტოობაზე, აქტიური ქმედების სურვილზე და ქმედების შეუძლებლობაზე, ვიღაცისთვის პიესა ისტორიისგან განდევნილ ადამიანებზეა, რომლებიც უარს ამბობენ იცხოვრონ საზოგადოების თამაშის წესებით, ვიღაცისთვის მორიგი "ფსიქოანალიტიკური ოპუსია" ადამიანზე, რომელსაც ერთდროულად უყვარს და სძულს თავისი ინსტრუმენტი, ვიღაცისთვის კი მუსიკალურ-ეგზისტენციალური დრამაა, შეიძლება ითქვას, "გახმოვანებული მუსიკის ფილოსოფიაა". ზიუსკინდი ხომ ოდესღაც პროფესიონალი მუსიკოსი იყო. იგი იძულებული იყო უარი ეთქვა თავის პროფესიაზე ხელის ტრავმის გამო, მაგრამ მუსიკის გენიალური ცოდნა მან თავის პიესაში გამოხატა. შუბერტი, ბრამსი, გლიუკი, ჰაიდნი, ბახი, მოცარტი, მენდელსონი - "კონტრაბასის" გმირი მათზე საუბრობს, თანაც მისი შეფასებები ძალიან სუბიექტურია, იგი კომპოზიტორებს მხოლოდ კონტრაბასის როლის მიხედვით აფასებს. შეიძლება არც დავეთანხმოთ მას - მაგრამ პერსონაჟი ფიქრისა და მსჯელობის პროცესში რომ "ჩაგვითრევს", ეს ფაქტია.

[ხმა: კონტრაბასი"]

ნინო ახვლედიანმა სწორედ "ფიქრის პროცესი" გაამძაფრა ამ წარმოდგენაში. თითქმის უარი ითქვა სიტყვების თამაშზე, ყოფით დეტალებზე, რათა მაყურებლის ყურადღება მხოლოდ ამ პატარა კაცს მიეპყრო, "პატარა კაცს დიდი ინსტრუმენტით". კარგად გამოჩნდა ნინო ახვლედიანის კინემატოგრაფიული გამოცდილებაც - მოგონებების ეპიზოდები დაემსგავსა ეგრეთ წოდებულ "წაფენას" კინოში.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ პიესის გმირი ამტკიცებს, მუსიკა პოლიტიკის მიღმააო, თავად ნინო ახლედიანი ამ ნაწარმოებში სწორედ პოლიტიკურ-სოციალურ პლასტს გამოყოფს. "ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ცდილობს თავისი ადგილი მოიპოვოს "მსოფლიო ორკესტრში", - აცხადებს რეჟისორი.

[ხმა: "კონტრაბასი"]

გასულ კვირას თბილისში კიდევ ერთი მონოსპექტაკლის პრემიერა გაიმართა - გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის წამყვანმა მსახიობმა (შეიძლება ითქვას, ამ თეატრის "ვარსკვლავმა") ირინე მეღვინეთუხუცესმა "თავისუფალ თეატრში" წარმოადგინა ნოსტალგიური რომანსის საღამო "ყვითელი ანგელოზი", რომელიც ალექსანდრ ვერტინსკის ხსოვნას მიეძღვნა.

ესაა ერთსაათიანი წარმოდგენა, რომლის ტექსტი, მთლიანად აგებული ქალის მოგონებებზე, ავთანდილ ვარსიმაშვილმა და თავად ირინე მეღვინეთუხუცესმა დაწერეს. მონოლოგებში ჩართულია ვერტინსკის სიმღერები. სიმღერის ტექსტი პირდაპირ კავშირში არაა ტექსტთან, ამიტომ არ აღიქმება როგორც ილუსტრაცია. სიმღერა ან, თუ გნებავთ, "ზონგი", მხოლოდ ჩადგმული კადრია დრამატურგიაში. მეღვინეთუხუცესი იყენებს ცნობილ ხერხს (რომელიც, სხვათა შორის, კონსტანტინ რაიკინმა აირჩია "კონტრაბასში", რომელიც თეატრ "სატირიკონში" დაიდგა და რომლითაც, როგორც ამბობენ, აღფრთოვანდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი) - დრამა ცოცხლდება ესტრადის ხერხებით, ე.ი. დრამა და ესტრადა ერთიანდება.

1956 წელს ალექსანდრ ვერტინსკი წერდა: "დარწმუნებული ვარ, რომ 30, 40 წლის შემდეგ აუცილებლად გაიხსენებენ ჩემს შემოქმედებას და "ქექვასაც" დაიწყებენ მასში". მისი წინასწარმეტყველება ახდა. ვერტინსკი დღეს საქართველოში გააცოცხლეს. თანაც, ეს ქალმა გააკეთა, უფრო მეტიც, ვერტინსკის შემოქმედებაში სწორედ "ფემინური მხარე" გაძლიერდა.

[ხმა: ""ყვითელი ანგელოზი"]

თავად ვერტინსკი, როგორც ცნობილია, ხშირად გამოდიოდა სცენაზე პიეროს კოსტიუმში, იმიტომ რომ ძალიან მორცხვი იყო. თუმცა მისი ეს "უსქესო პერსონაჟი" მშვენიერი მასალა გახდა ირინე მეღვინეთუხუცესისთვის, რომელმაც გარდასახვის ნიჭით, პლასტიკით, მაყურებელთან კონტაქტის უნარით გააკვირვა თბილისელი თეატრალები. აღმოჩნდა, რომ მონოსპექტაკლიც შეიძლება სანახაობად ვაქციოთ. ამისათვის ბევრი ფული არაა საჭირო. ამის მისაღწევად ნიჭიც საკმარისია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG