Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში განვითარებული მოვლენების გამო კოალიციის წევრებში შეშფოთება შეინიშნება


კოალიციისადმი გაწეული მზარდი წინააღმდეგობის შეჩერების მიზნით, შეერთებული შტატები ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობის

გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა 7 აპრილს პენტაგონში განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას სამხედრო შენაერთების როტაციისას დროებით მაინც გაზარდოს სამხედროთა რაოდენობა. სამხედრო ნაწილების დამატებითი კონტინგენტის შეყვანის გარდა, თქვა მან, ქვეყანაში უკვე დისლოცირებული სამხედრო ნაწილები ჩვეულებრივზე მეტი ხნით დარჩებიან. მაშინ, როცა შეერთებული შტატები საბრძოლო მზადყოფნაში არიან, კოალიციის წევრებში შეშფოთება და დაბნეულობა შეიმჩნევა. ამ თემაზე ნონა მჭედლიშვილი ისაუბრებს.

ერაყში აემრიკის შეერთებული შტატების სამხედროთა პერსონალური შემადგენლობა 135 000 ჯარისჯაცს შეადგენს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მან ჯერ არ იცის, ჯარების რაოდენობის რა მასშტაბით გაზრდაა მოსალოდნელი. მისი თქმით, სამხედრო შენაერთების პერმანენტულად გაძლიერება დღის წესრიგში არ დგას.

რამსფელდი ამბობს, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია და კოალიციის დანარჩენი წევრები შიიტთა და სუნიტთა მზარდი წინააღმდეგობის პირობებში არანაირად არ გეგმავენ ერაყიდან ჯარების გაყვანას.

[დონალდ რამსფელდის ხმა] " შეერთებული შტატები კურსს ინარჩუნებენ. ჩვენ მანამდე დავრჩებით, სანამ ამოცანა შესრულდება. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, ჩვენ ერაყის შუაგულისკენ ათასობით მილიონი იმისთვის არ დაგვიფარავს და 25 მილიონი ადამიანის გასათავისუფლებელი მწარე საფასური ჯარისკაცთა დანაკრგებით იმისთვის არ გადაგვიხდია, რომ მკვლელებისა და ყაჩაღების ბანდის წინაშე უკან დავიხიოთ."

მიმდინარე კვირაში მეამბოხეების კოალიციასთან შეტაკებების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 200 ერაყელი, 35 ამერიკელი, ერთი უკრაინელი და ერთიც სალვადორელი ჯარისკაცი, სასიკვდილოდ დაიჭრა ბულგარელი მძღოლი, დაჭრილია არაერთი იტალიელი მებრძოლი. შექმნილ ვითარებას რამსფელდმა ნებისყოფის გამოცდა უწოდა და თქვა, რომ შეერთებული შტატების კოალიცია ამ გამოცდას გაუძლებს. იმის მიუხედავადაც კი, თუ ამერიკის მოკავშირეები ერაყში წინააღმდეგობის ძალის გაზრდის გამო, ზეწოლის ქვეშ მოექცნენ.

უკრაინის ძალებმა მუყტადა ალ სადრის შიიტურ დაჯგუფებასთან ბრძოლის შედეგად ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქი ელ კუთი დატოვეს.

კარბალაში ალ სადრის ძალების წინააღმდეგ ბულგარელები იბრძოდნენ. ამავე წმინდა ქალაქში იბრძოდნენ პოლონეთის სამხედრო ნაწილებიც.ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ლეშეკ მილერმა პირობა დადო, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი განწყობილებისა, პოლონეთის ჯარები კოალიციიდან არ გავლენ.
სამაგიეროდ მიმდინარე კვირაში რომში ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ მინისტრ ბერლუსკონეს იტალიის 2500 კაციანი სამხედრო კონტინგენტის ერაყიდან დაუყოვნებელი გამოყვანის მოთხოვნით მიმართეს.

საერთოდ კი კოალიციის შედარებით მცირერიცხოვან პარტნიორებში, ერაყში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განხორციელებული მოვლენების შემდეგ, შეშფოთება შეინიშნება. კიევმა, მაგალითად, 7 აპრილს, როგორც უკვე ვთქვით, შეტაკებების შემდეგ ელ კუთიდან თავისი ნაწილები გამოიყვანა. ელ კუთი პირველი ერაყული ქალაქია, სადანაც კოალიციამ უკან დაიხია. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ამერიკელების მოთხოვნის პასუხად, უკრაინის სამხედრო და სამოქალაო კონტინგენტის გადარჩენის მიზნით იქნა მიღებული.

ტოკიომ თავის 550 კაციან კონტინგენტს, შიიტთა რელიგიურ დღესასწაულამდე, შაბათამდე, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ბაზის გარეთ ჩატარება აუკრძალა.

სოფიამ შეერთებული შტატებს, ბრიტანეთს, ესპანეთსა და პოლონეთს საკუთარი 450 კაციანი კონტინგენტის თავიანთი ძალებით გამაგრება სთხოვა.

გენერალმა ნიკოლა კოლევმა, ბულგარული შენაერთის უფროსმა ,7 აპრილს სოფიაში განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის მიიღებს ბულგარული შენაერთი დაპირებულ დახმარებას.

თავის მხრივ, 7 აპრილს საგულისხმო განცხადება გააკეთა ყაზახეთის თავდაცვის მინისტრმა მუხტარ ალტინბაევმა. განცხადება 30 კაციანი ყაზახური შენაერთის ერაყიდან გაყვანას შეეხება.

[ჩვენ ჩვენს კონტინგენტს მღელვარების პერიოდში ბანაკიდან გასვლა ავუკრძალეთ. თქვენ იცით, რომ მაისში ჩვენი მეორე ჯგუფის ერაყში ყოფნის ვადა იწურება. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ახალ კონტინგენტს აღარ გავაგზავნით."

ყოფილი საბჭოთა ბანაკიდან ყაზახეთის გარდა, კოალიციის წევრები არიან აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, მაკედონია, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, უკრაინა და საქართველო. ერაყის ჩრდილოეთ ქალაქ თიქრითში საქართველოს 159 კაციანი კონტინგენტი 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. ამ დაძაბულობის ფონზე,საქართველო იმ ქვეყანათა რიგში აღმოჩნდა, ვინც ძალების როტაციაზე უარს არ აცხადებს. ქართველი სამხედროები 7 აპრილს გაემგზავრნენ ერაყში. სამშვიდობო მისიით მყოფი პირველი ქართული ჯგუფი კი სამშობლოში თებერვალში დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG