Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა აჭარის ძალისმიერ განიარაღებას პოლიტიკური ალტერნატივა?


აჭარის ავტონომიის ლიდერის მიერ ნებაყოფლობით განიარაღებაზე უარის თქმამ უკიდურესად შეამცირა ცენტრსა და რეგიონს შორის წარმოშობილი

პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური დიალოგის გზით დარეგულირების შანსები. ცენტრალური ხელისუფლება "მუნდირის ღირსების" დასაცავად და აჭარის მოსახლეობაში დარიგებული იარაღის ამოსაღებად სპეციალური ღონისძიებების გატარებასაც არ გამორიცხავს. პოლიტიკური სპექტრისა და ბიზნესის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ ძალისმიერ ჩარევას ჯერ კიდევ აქვს პოლიტიკური ალტერნატივა და ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებას შორის შუამავლის ფუნქციის აღების ინიციატივით გამოდიან.

13 აპრილს ბათუმში გამართული უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ცენტრალური ხელისუფების წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ასლან აბაშიძეს ყველა უკანონო შეიარაღებული რაზმის დაშლასა და ყოველ ჩაბარებულ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე 500 ლარს სთავაზობდა. ოთხშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ასლან აბაშიძის მიერ ნებაყოფლობით განიარაღებაზე უარის თქმას კონფრონტაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "პრემიერ-მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნისათვის პირდაპირ კარის მოხურვა ყოველგვარი დიალოგისათვის, ეს აშკარად არის მცდელობა, რომ მოხდეს დაძაბულობის გაზრდა, მოხდეს კონფრონტაცია."

უფრო ადრე, ვიდრე ზურაბ ჟვანიას საგანგებო მისიით ბათუმში გაგზავნიდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ თუ ასლან აბაშიძე არ მიიღებდა ნებაყოფლობითი განიარაღების შესახებ შეთავაზებულ წინადადებას, იგი, ანუ ცენტრალური ხელისუფლება, ამას საკუთარი ძალით გააკეთებდა. იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, სამხედრო და პოლიციური ძალა. ბათუმში ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობას თბილისში ეჭვი აღარ ეპარება, რომ სააკაშვილი დაიწყებს დანაპირების შესრულებას. პოლიტოლოგ ირაკლი ბათიაშვილის თქმით, გამუდმებულმა ძალის დემონსტრირებამ ცენტრი ჩიხში შეიყვანა, ხოლო აჭარის ხელმძღვანელს მოუსპო კომპრომისზე წამოსვლის სურვილი:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "განიარაღება ესე არ ხდება, რა! ყველას კარგად გვესმის, რომ, აბა, მიდი, განიარაღდი და მე ხვალე შეიძლება შემოვვარდე ტანკებით. არ განიარაღდება ესე აბაშიძე. ხოდა, თითონვე იყენებენ თავის თავს ჩიხში. ისეთი კუთხით უდგებიან საქმეს, რომ იმთავითვე იძულებულს ხდიან აჭარის მხარეს, რომ კომპრომისზე არ წამოვიდნენ." (სტილი დაცულია)

აქვს თუ არა ცენტრსა და აჭარას შორის წარმოქმნილ კრიზისს პოლიტიკური, სამშვიდობო ალტერნატივა, თუ კონფრონტაცია ძალისმიერ გაგრძელებას პოვებს? დღეს ეს შეკითხვა ბევრს აწუხებს საქართველოში და პასუხს ამ შეკითხვაზე ხელისუფლებისგან ელოდებიან. ხელისუფლებამ კი ჯერჯერობით, როგორც ჩანს,უარი თქვა ძალის არათუ გამოყენებაზე, არამედ ძალის დემონსტრირებაზეც და აპრილის ბოლოსთვის გადაიტანა ფოთის აკვატორიაში კვირის ბოლოსთვის დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები. როგორც უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ხელისუფლება აჭარის დაუმორჩილებელ ლიდერზე საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას გეგმავს:

[გიგი უგულავას ხმა] " ეხლა დარჩენილია ორი მეთოდი: საერთაშორისო ზეწოლა, ანუ ამის გადატანა არა მხოლოდ ცენტრისა და რეგიონის დაპირისპირების, არამედ როგორც უკვე, ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების პრობლემა. და პარალელური ალტერნატივაა, პრეზიდენტმა დაითხოვოს აჭარის უზენაესი საბჭო და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები."(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი სამშვიდობო ინიციატივით ოთხშაბათს ქართული ბიზნესელიტა გამოვიდა. ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, ბიზნესმენთა ჯგუფთან ერთად იკისროს შუამავლობა ცენტრსა და რეგიონს შორის წამოჭრილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რათა არ დაუშვან კონფრონტაციის გადაზრდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. თუმცა მიიღებს თუ არა ამ წინადადებას ასლან აბაშიძე, უცნობია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG