Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიელ შარონის გეგმის მოწონება ვაშინგტონის პოზიციაში მომხდარ უზარმაზარ ცვლილებაზე მიგვანიშნებს


ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის გეგმას, რომელიც ღაზის სექტორში ებრაელთა დასახლებების

სრულ, ხოლო იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მათს მხოლოდ ნაწილობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. თეთრ სახლში, შარონთან შეხვედრის შემდეგ, ჯორჯ ბუშს ჟურნალისტებთან საუბარი ჯერ დამთავრებულიც არ ჰქონდა, როცა პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ მძაფრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია. საინტერესოა, რომ შარონის გეგმას, პალესტინელთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა გარდა, თავად ებრაელი მოსახლეებიც აკრიტიკებენ. მაშ რატომ მოსწონს იგი ბუშს?

თეთრ სახლში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუშმა არიელ შარონის ინიციატივას "ისტორიული" უწოდა.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ისრაელს განზრახული აქვს, გააუქმოს ღაზის სექტორში არსებული სამხედრო ობიექტების ნაწილი და ყველა დასახლება, აგრეთვე, იორდანეს ნაპირზე არსებული ობიექტებისა და დასახლებების ნაწილი. ეს ისტორიული და თამამი გადაწყვეტილებაა. თუ მხარეები ამ მომენტს გამოიყენებენ, გაჩნდება შანსი, წინ წავიწიოთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის მოგვარების გზაზე."

არიელ შარონი ამტკიცებს, რომ ღაზიდან სამხედრო ობიექტების გატანა და 7500-მდე ებრაელი მოსახლის ევაკუაცია ყველა მხარისთვის სასიკეთო იქნება.

[არიელ შარონის ხმა] "ეს განამტკიცებს ისრაელის უსაფრთხოებასა და ეკონომიკას, შეამცირებს დაძაბულობას ისრაელებსა და პალესტინელებს შორის. ჩემი გეგმა ახალსა და უკეთეს რეალობას შეუქმნის ისრაელის სახელმწიფოს. გარდა ამისა, მას ძალუძს, შექმნას აუცილებელი პირობები საიმისოდ, რათა განახლდეს მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინელებს შორის."

პალესტინელები ამ პერსპექტივას სულ სხვაგვარად უყურებენ. ისინი განსაკუთრებით შეაშფოთა და, მეტიც, აღაშფოთა ჯორჯ ბუშის თანხმობამ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შენარჩუნებულ იქნეს ებრაელთა დასახლებების ნაწილი - მას შემდეგაც კი, რაც პალესტინელებს თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ექნებათ.

ბუშისა და შარონის შეხვედრა ჯერ დაწყებულიც არ იყო, როცა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა აშშ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ყველა იმედს მოსპობს, თუ შარონის გეგმას მხარს დაუჭერს. გეგმა კატეგორიულად უარყო ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმაც:

[აჰმედ ყურეის ხმა] "ჩვენ ვართ პალესტინელები. ჩვენ ამას უარვყოფთ. ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. ჩვენ უარს ვაცხადებთ და ვცნობთ მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, საერთაშორისო დადგენილებებს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, გზამკვლევს."

აჰმედ ყურეიმ მოუწოდა "გზამკვლევად" ცნობილი სამშვიდობო გეგმის თაოსნებს - ევროპის კავშირს, გაეროს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს - მოიწვიონ საერთაშორისო კონფერენცია და განიხილონ "პალესტინელთა უფლებების უგულებელყოფის" საკითხი.

შეერთებული შტატების პოზიცია მძაფრი კრიტიკის საგნად იქცა არა მხოლოდ პალესტინელთა მხრიდან. შარონის გეგმის მიმართ ბუშის კეთილგანწყობა უარყოფითად შეაფასა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა. თავისი წარმომადგენლის პირით ანანმა განაცხადა, რომ შარონის გეგმის მხარდაჭერით ბუშმა უგულებელყო პალესტინელთა ინტერესები. "გზამკვლევის" მიხედვით, ისრაელსა და პალესტინელებს ერთად უნდა ემსჯელათ ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემებზე და საფუძვლად გაეროს შესაბამისი რეზოლუციები უნდა გამოეყენებინათო - აღნიშნა ანანის წარმომადგენელმა.

რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ენდრიუ ტალიმ კომენტარი სთხოვა რაიდ თაიეს, ერთ-ერთ ხელმძღვანელს ორგანიზაციისა "ამერიკელი მაჰმადიანები იერუსალიმისთვის". თაიე, მართალია, არაფატივით პესიმისტურად არ აფასებს სამშვიდობო პროცესის წარმატების პერსპექტივას, მაგრამ ამბობს, რომ ვაშინგტონის თანხმობა, მოხდეს ებრაელთა დასახლებათა ნაწილის სამართლებრივი დაკანონება, შეერთებული შტატების პოზიციაში მომხდარ უზარმაზარსა და დესტრუქციულ ცვლილებაზე მიგვანიშნებს.

[რაიდ თაიეს ხმა] "ეს სამშვიდობო პროცესისთვის მიყენებული უდიდესი დარტყმაა, სულ ცოტა, 2000 წლიდან მოყოლებული, როცა ის ჩიხში მოექცა. ზიანი, რომელიც მას ბუშმა დღეს მიაყენა, უფრო გამანადგურებელია, ვიდრე ბოლო სამწელიწადნახევრის მანძილზე ძალადობით გამოწვეული ზარალი. რადგან იმ ძალადობას არც ერთი მხარის პოზიციაში არ შეუტანია რაიმე ცვლილება. უმეტეს შემთხვევაში ის ემყარებოდა პრინციპს "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ."

რაიდ თაიე უკმაყოფილოა იმითაც, რომ ბუშის ადმინისტრაცია ისრაელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხში მიემხრო. ოთხშაბათს ბუშმა, ფაქტობრივად, უარყო საკუთარი სახლ-კარიდან გაძევებული პალესტინელი ლტოლვილების უფლება, სამშობლოში დაბრუნდნენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, როცა პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნება, ლტოლვილები იქ უნდა დაბრუნდნენ და არა ისრაელშიო. არადა, ლტოლვილთა სწორედ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებაა ის ალბათ ერთადერთი საკითხი, რომელშიც პალესტინელები ოდნავ კომპრომისზეც კი უარს აცხადებენ.
XS
SM
MD
LG