Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვალა თუ არა ქართული ბიუროკრატია ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ


თითქმის ერთადერთი, რასაც დღემდე ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუცია" არ შეხებია, საქართველოს სახელმწიფო მმართველობით ორგანოებში ჩამოყალიბებული ბიუროკრატიული სისტემაა.

იგი, უბრალო მოქალაქეების სამართლიან პროტესტთან ერთად, წარმატებული საქმოსნების (ბიზნესმენების) გულისწყრომასაც იწვევს. მათ შორის არიან ნავთობის იმპორტიორი ბიზნესმენებიც, რომელთა მოთმინების ფიალა ბიუროკრატიული სისტემის გართულებამ და კონტრაბანდის ზრდამ აავსო. რა ბარიერების გადალახვა უწევთ ყოველდღიურად ნავთობის ლეგალურ იმპორტიორებს?

[ისმის ნავთობის იმპორტიორთა შეკრების ხმა] "მომხმარებელმა ქვითარი არ აიღო და 600 ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს. ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს."

ეს არაა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ნავთობის მომგებიანი ბიზნესით დაკავებულ საქმოსნებს აწუხებთ. მათ მთავარ წინააღმდეგობას სახელმწიფო ბიუროკრატიული სისტემა წარმოადგენს - აი, ის წინააღმდეგობები, რომელთა გადალახვა თითქმის ყოველკვირეულად უწევთ ნავთობის იმპორტიორებს.

ნავთობის იმპორტიორმა ბიზნესმენმა, მაგალითად, ბენზინი აზერბაიჯანიდან საქართველოში სარკინიგზო საშუალებებით უნდა შემოიტანოს. ამის შემდეგ, აზერბაიჯანელ პარტნიორთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ეგრეთ წოდებული ინვოისის საფუძველზე, ორხევში განთავსებულ საბაჟო დეპარტამენტში ბიზნესმენი საბაჟო დეკლარაციას იღებს.
დეკლარაციის საფუძველზე კი, ახდენს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ეკოლოგიის, აქციზის, დამატებული ღირებულების გადასახადებისა და საბაჟო მოსაკრებლების გადარიცხვას. ეს ოპერაცია ხორციელდება ფირმის ადგილმდებარეობის შესაბამისი ბანკის მეშვეობით. მიღებულ საბაჟო გადარიცხვების ბლანკს იმპორტიორი წარადგენს რკინიგზის საბაჟოში, რის შემდეგაც იღებს თანხის გადახდის ცნობას. ორხევში განთავსებული საბაჟო დეპარტამენტი ამ ცნობას გადაუგზავნის გარდაბნის საბაჟოს. ეს ორი უწყება კი ერთმანეთისგან 70 კილომეტრითაა დაშორებული. ნუ გეგონებათ, რომ ყველაფერი აქ მთავრდება - ჩვენ ბიუროკრატიული სისტემის ლაბირინთების მხოლოდ ნახევარი გავიარეთ.

[ვანო მთვრალაშვილის ხმა] "საერთო ჯამში, მოძრაობა აღწევს 150 -200 კილომეტრს. ამასობაში იმპორტიორებს 23 ბიუროკრატთან შეხება უწევთ. ზოგი ხელს აწერს, ზოგი ბეჭედს ურტყამს და ზოგი ჰოლოგრამას აკრავს."

ეს იყო ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. მთვრალაშვილის ორგანიზაციის გაანგარიშებით, 1 თვის მანძილზე თბილისი 20 ათას ტონა ბენზინის საწვავს მოიხმარს. მაშინ როდესაც მთელ საქართველოში ლეგალურად მხოლოდ 18-დან 22 ათას ტონამდე ბენზინი შემოდის.

მე ნავთობის იმპორტიორთა ლობისტს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და პარლამენტარს ბესო ჯუღელს ვკითხე, რა შეიძლება შეიცვალოს, თუ ნავთობის დაბეგვრის რეჟიმი გამარტივდა და კონტრაბანდა შემცირდა.

[ბესო ჯუღელის ხმა] "კონტრაბანდის შემცირება საწვავის ფასს ზრდის. მაგრამ ამ 8 საკითხის მოგვარება, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, საწვავის სარეალიზაციო ფასს შეამცირებს. ახლა რა მოხდება? - ფასი დარჩება, ალბათ, მაინც თავის დონეზე..."

ამ არცთუ კარგად გათვლილი შედეგების მიუხედავად, ნავთობის იმპორტიორები და მათი ლობისტები მაინც ბიუროკრატიული სისტემისა და გადასახადების გამარტივებას მოითხოვენ. გამარტივების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა ეკონომიკის ექსპერტები საერთო საგადასახადო სივრციდან ამოვარდნილი შეღავათების დამტკიცებას გაუმართლებლად მიიჩნევენ და ერთიანი საგადასახადო კონცეფციის შემუშავებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG