Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სოხუმის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ოფიციალურ თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობებს. 28 აპრილს სოხუმის ხელისუფლების ვიცე-სპიკერმა ასტამურ თარბამ უარყო ქართული

მედიით გავრცელებული ცნობები, თითქოს აჭარის ხელისუფლება აფხაზ მებრძოლთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. "არავითარი მოლაპარაკება სოხუმსა და ბათუმს შორის არ გამართულა შეიარაღების ან შეიარაღებული პირების აჭარის ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით," - განუცხადა თარბამ სააგენტო "აფსნი-პრესს" და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი თბილისსა და ბათუმს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით განიმუხტება.
რა თემებს ეხება აფხაზური ელექტრონული მედია?

ამ ეტაპზე აფხაზეთში ყველაზე ცხელ თემად მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქცა. დაახლოებით 3 კვირაში უნდა დაიწყოს პრეზიდენტობის კანდიდატთა დასახელება. შესაბამისად, აფხაზეთის პოლიტიკურ კულუარებში მოვლენები მეტად საინტერესოდ ვითარდება. ინტერნეტ-გამოცემა "აბხაზიას" ცნობით, ხელისუფლებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. კერძოდ, აფხაზეთის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდა ახალი ძალა, რომელიც თავის რიგებში პრეზიდენტობის რამდენიმე პოტენციურ კანდიდატს აერთიანებს. გამოცემის ცნობით:

რამდენიმე დღის წინ სოხუმში ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა, სახელწოდებით "ერთიანი აფხაზეთი." ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაღალჩინოსანი ნოდარ ხაშბა და ექს-პრემიერი სერგეი ბაგაფში. მათ გარდა, ორგანიზაციაში, რომელსაც დამფუძნებლები ცენტრისტულს უწოდებენ, შევიდა პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა, ფრაქცია "ერთიანობის" რამდენიმე წევრი, ყოფილი დეპუტატები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები - ბესლან ბუტბა და ზაურ მიქვაბია. იუსტიციის ყოფილი მინისტრის ბატალ ტაბაღუას განმარტებით, ორგანიზაციის მიზანია სხვადასხვა პარტიის კონსოლიდაცია და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატის წამოყენება."


გამოცემის შენიშვნით, სწორედ ეს არის ყველაზე დამაინტრიგებელი მომენტი - პრეზიდენტობის კანდიდატობის სურვილი შესაძლოა ჰქონდეს როგორც სერგეი შამბას, ისე სერგეი ბაგაფშს ან ნუგზარ აშუბას. მეტიც - ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე გამოსვლისას მოსკოვში მოღვაწე ნოდარ ხაშბას თქმით, უნდა გაუქმდეს საარჩევნო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის აუცილებელია აფხაზეთში ცხოვრების 5 წლიანი ვადა. ნოდარ ხაშბას განცხადებით:

" მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე მოსკოვში ვცხოვრობ, თავს მოსკოველად არ აღვიქვამ და მუდმივად აფხაზ ხალხზე ვფიქრობ". ნოდარ ხაშბას აზრით, საჭიროა გაერთიანება და არა აფხაზების დაყოფა ადგილობრივ მოსახლეებად და დიასპორად. თუმცა, ყრილობის მონაწილეთა აზრით, ჯერჯერობით ნაადრევია 5 წლიანი ცენზის გაუქმება, რადგან ეს არჩევნებისკენ გზას გაუხსნის იმ ადამიანებს, ვისი ხილვაც ხელისუფლებაში სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდად არ ხიბლავთ.
უკვე დასახელებულ პირთა გარდა, გამოცემა "აბხაზიას" ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა ვიხილოთ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჟიმბა და არძინბას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი გაგულია, რომელმაც ბოლო დროს შერყეული პოზიციები აღიდგინა. ბუნებრივია, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზეც, ვის დატოვებს თავის მემკვიდრედ ვლადისლავ არძინბა. ჯერჯერობით სოხუმის ხელისუფლების ლიდერი დუმს.
XS
SM
MD
LG