Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ესტაფეტა: "ჰელსინკიდან ათენამდე" [გადაცემა მეხუთე]


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი მე-19 ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება

მეხიკომ 1963 წელს მოიპოვა: ბადენ-ბადენში გამართულ კონგრესზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა უპირატესობა სწორედ მაღალმთიანი მექსიკის დედაქალაქს მიანიჭეს და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეტად სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს. ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია, თამაშების გახსნამდე 10 დღით ადრე კი მეხიკოში სისხლიანი შეტაკება მოხდა: მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებმა და რეგულარული არმიის ნაწილებმა. ამ ბრძოლას 300-მდე ადამიანი შეეწირა - უმთავრესად, სტუდენტები და მათი პედაგოგები. მექსიკის პრეზიდენტმა დიას ორდასმა საქვეყნოდ გამოაცხადა: დიდი უბედურება შეგვემთხვა, მაგრამ ოლიმპიადის გამართვას ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებსო. ასეთი რთული და ტრაგიკული ვითარების მიუხედავად, მეხიკოში 111 ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს ამერიკელებმა. მათ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს მძლეოსნობაში: ბადროს მტყორცნელმა ალფრედ ორტერმა მეხიკოში მეოთხე ოლიმპიური "ოქრო" მოიპოვა, რიჩარდ ფოსბერიმ ორიგინალური სტილით მოიგო სიმაღლეზე ხტომა, მაგრამ ბობ ბიმონის ფენომენალურმა ნახტომმა ყველა შედეგი დაჩრდილა. მანამდე სრულიად უცნობმა სპორტსმენმა ერთბაშად 55 სანტიმეტრით გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი სიგრძეზე ხტომაში. 8 მეტრი და 90 სანტიმეტრი-ასეთი გამოდგა ბიმონის გადამწყვეტი ოლიმპიური ნახტომი, რომელიც საუკუნის რეკორდად მოინათლა.

დრამატულად წარიმართა სამმხტომელთა შეჯიბრებაც, სადაც ზედიზედ ოთხჯერ გაუმჯობესდა მსოფლიო რეკორდი და ორის ავტორად სოხუმელი ვიქტორ სანეევი მოგვევლინა. მეხიკოს ოლიმპიადაზე აკრედიტებული ცნობილი ჟურნალისტი ნოდარ გუგუშვილი წერს: "შეჯიბრებას ტონი მისცა იტალიელმა ჯუზეპე ჯენტილემ. მან სტარტზევე მოხსნა მსოფლიო რეკორდი, როცა 17 მეტრსა და 22 სანტიმეტრზე გადახტა და სათავეში ჩაუდგა უძლიერესთა ბრძოლას. მესამე ცდაზე იტალიელს ერთი სანტიმეტრით აჯობა ჩვენმა ვიქტორ სანეევმა. შემდეგ საქმეში ჩაერთო ბრაზილიელი ნელსონ პრუდენსიო. მან სანეევის შედეგს კიდევ 4 სანტიმეტრი წაუმატა და თითქოს გაინაღდა კიდეც ოქროს მედალი. უზომოდ გახარებული და ბედნიერი პრუდენსიო უკვე იღებდა ნაჩქარევ მილოცვებს, თან პირველ ინტერვიუსაც აძლევდა ჟურნალისტებს. მაგრამ უკანასკნელ, მეექვსე ცდაზე მოხდა წარმოუდგენელი რამ: ვიქტორ სანეევმა ბოლო ძალები მოიკრიბა, შურდულივით გამოქანდა და შორს გადაუფრინა სახტომ სექტორს. მსაჯები თვალებს არ უჯერებდნენ და უკვე მერამდენედ ზომავდნენ საუკეთესო ნახტომს. 17 მეტრი და 39 სანტიმეტრი-კიდევ ერთი რეკორდი და პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი. ეს იყო ნამდვილი სპორტული გმირობა."

აი, ასეთი გამოდგა XX საუკუნის უდიდესი სპორტსმენის ოლიმპიური დებიუტი, პირველი ღონიერი ნაბიჯი ხანგრძლივ და წარმატებულ სპორტულ კარიერაში. სანეევის სხვა ოლიმპიურ გამარჯვებათა შესახებ მომდევნო გადაცემებში ვისაუბრებთ, ახლა კი დროა გავიხსენოთ დანარჩენ ქართველ სპორტსმენთა მექსიკური შედეგები. კლასიკურ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა რომან რურუა, ვერცხლის მედლები მიიღეს ძალოსანმა დიტო შანიძემ და თავისუფალი სტილის მოჭიდავემ შოთა ლომიძემ, საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედლები ერგოთ ზურაბ საკანდელიძეს და სერგეი კოვალენკოს. მეოთხე ადგილები დაიკავეს მოცურავე თინათინ ლეკვეიშვილმა, ტყვიის მსროლელმა შოთა ქველიაშვილმა და ველოსიპედისტმა ომარ ფხაკაძემ. თავისუფალ ჭიდაობაში მეხუთე იყო ზარბეგ ბერიაშვილი. მათ გარდა, მეხიკოში გამოდიოდნენ წყალში მხტომელი ბორის პოლულიახი და კიდევ სამი მძლეოსანი-ლუდმილა იევლევა, გურამ გუდაშვილი და იგორ დელა-როსა.

მეხიკოს ოლიმპიური თამაშები კლასიკური სტილის მოჭიდავეთა შეჯიბრებით დასრულდა, ყველაზე გვიან კი ქვემსუბუქ წონაში გამოვლინდა გამარჯვებული. ამ წონაში ფავორიტად რომან რურუა ითვლებოდა: იმ დროისთვის უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და წინა თამაშების ვერცხლის მედალოსანი - მსაჯების უსინდისო გადაწყვეტილების მსხვერპლი. ტოკიოში მსაჯებმა ყველაფერი იღონეს, რომ რურუას არ მოეგო ოლიმპიადა. მეხიკოში რურუამ ყველაფერი გააკეთა, რომ არ წაეგო ოლიმპიადა. ფინალამდე ექვს მეტოქეს ეჭიდავა და ექვსივეს აშკარა უპირატესობით აჯობა. ბოლო და გადამწყვეტი ბრძოლა იაპონელ ფუძიმოტოსთან ჰქონდა. იაპონელს ხელს აძლევდა მხოლოდ გამარჯვება, ჩვენს ფალავანს კი პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნიდა. რომან რურუა იხსენებს:

[რომან რურუას ხმა] " რაკი ასე იყო, ტაქტიკაც შესაბამისი შევარჩიე-ყოველგვარი რისკი გამოვრიცხე. ფუძიმოტოს ადრე ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი და იოლად გავუმკლავდი. ოლიმპიადა მაინც სხვა შეჯიბრებაა და აქ ყოველგვარ გართულებას უნდა მოერიდო. მით უმეტეს, წინა ოლიმპიადიდან მწარე გამოცდილება გამომყვა. აქ, მეხიკოში, ფრე ჩემთვის სასურველი შედეგი გამოდგა."

თითოეულ ოლიმპიადას თავისი გმირები ჰყავს. მეხიკოს ოლიმპიური თამაშები ისტორიაში ბიბ ბიმონის სახელით შევიდა, მაგრამ მეხიკოში თავისი გმირები საქართველოსაც ჰყავდა - ვიქტორ სანეევი და რომან რურუა.
XS
SM
MD
LG