Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ქუჩებში ბიოლოგიური ტუალეტები დაიდგმება


არის პრობლემა, რომელიც თბილისელებთან ერთად, დედაქალაქის სტუმრებსაც აწუხებთ. ვგულისხმობ, ერთი შეხედვით, თითქოსდა, საჩოთირო საკითხს

- საზოგადოებრივ ტუალეტებს, უფრო სწორად კი, საზოგადოებრივი ტუალეტების სიმცირეს. პრობლემის აქტუალობაზე თუნდაც შემდეგი ფაქტი მიუთითებს: დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ასიათასობით ადამიანის განკარგულებაში სულ რაღაც 2 თუ 3 ფასიანი საპირფარეშოა. როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა და არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის რა გზას მიაგნეს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა?

არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 1991 წლიდან მოყოლებული, თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტების რაოდენობა 30-დან 2-მდე შემცირდა. საპირფარეშოები, რომლებიც, ძირითადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იყო აშენებული, განუკითხაობის პერიოდში მოხერხებულმა ბიზნესმენებმა მაღაზიებად, საპარიკმახეროებად და სახინკლეებადაც კი გადააკეთეს. შედეგად, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად თბილისელებმა ბუჩქებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებს მიაშურეს.

[მამაკაცის ხმა] “არ არის. თუ არის, ისიც ფასიანია და ის მოქალაქე ამჯობინებს, რომ ასეთი მიმართულებით ისა ქნას, ვიდრე 20 კაპიკი და რაღაცა გადაიხადოს. ჩადიან და როგორც ტუალეტს, ისე იყენებენ.” (სტილი დაცულია)

ჩასასვლელი კი, მართლაც, ბევრია. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში 56 მიწისქვეშა გადასასვლელი მოქმედებს და ღამის საათებში თითქმის ყველა მათგანი ტუალეტის მაგივრობას სწევს. დამლაგებელ ქალბატონს მოუსმინეთ:

[დამლაგებელი ქალბატონის ხმა] “აქაც და რედაქციასთან ორივე ჩემებია. ესე ყველაფერს აკეთებენ აქა. ყოველდღე სავსე ნაგავია... ოცი წელია, რაც აქა ვარ...”

საზოგადოებრივი ტუალეტების სიმცირე განსაკუთრებულად მიწისქვეშა გადასასვლელებში მომუშავე ადამიანებს აწუხებთ. ქალბატონი, რომელსაც მე ვესაუბრე, იძულებულია სამსახურში რამდენიმე საათით ადრე მივიდეს და ღამით დაბინძურებული ტერიტორია წესრიგში მოიყვანოს.

[მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ლუდის ბარის გამყიდველის ხმა] “აქ არ გაისვლება, ისეთი ამბავია და მე მოვდივარ ორი საათით ადრე, რომ დავასუფთავო. მე კაფე მაქვს და საზკვების ობიექტია და... ნუ, საშინელებაა. ისე, ხალხმაც უნდა შეიგნოს, რომ არ შეიძლება ეს, რა თქმა უნდა.”

ცხადია, თბილისში შეგნებული ადამიანებიც ცხოვრობენ, თუმცა ბევრ მათგანს, როგორც ჩემთან საუბარში ვერის პარკთან მდებარე საზოგადოებრივი ტუალეტის თანამშრომელი ამბობს, ფიზიოლოგიურის გარდა, ფინანსური პრობლემებიც აწუხებს.

[ქალბატონის ხმა] “რომ მოდის ადამიანი და ადამიანურად მეუბნება, არ მაქვს ფული და გამიშვიო, ვუშვებ. ძალიან ბევრი მსურველია, რომ მეუბნება არა მაქვს საშუალება და გამიშვიო და ვუშვებ ისე, უფასოდ. ბევრი არის ისეთი, რომელსაც არ ვუშვებ, იმიტომ რომ ვიცი, მას აქვს, მაგრამ მაინც უნდა, რომ შეღავათი გააკეთოს თავის ჯიბისთვის.”

თუმცა მარტო ფინანსურ შეჭირვებაში როდია საქმე. ჯეროვანი სისუფთავით მოქმედი საზოგადოებრივი ტუალეტებიც ვერ გამოირჩევიან.

[მამაკაცის ხმა] “ძალიან დიდი პრობლემაა. აი, ამ ტუალეტზე ვიტყვი. 30 თეთრს იღებენ, მაგრამ სუნიც არის და ჭუჭყიც. ქალაქში მარტო ერთი ტუალეტი ვიცი, სადაც სისუფთავეა - ალექსანდრეს ბაღთან რომ ტუალეტია. სუფთა, კოხტა ტუალეტია...”

შექმნილი მდგომარეობიდან ორიგინალურ გამოსავალს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა შალვა ბებოშვილმა მიაგნო. მისი თქმით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება დედაქალაქში ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური, ანუ კანალიზაციის ცენტრალურ სისტემასთან დაუკავშირებელი ტუალეტების დადგმის შესახებ. ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარიც კი გამოიყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ბევრი რამ მაინც გაურკვეველია:

[შალვა ბებოშვილის ხმა] “მომგებიანი იქნება, წამგებიანი იქნება. ეს მეურნეობა თავს თვითონ შეინახავს, თუ დოტაციაზე უნდა იყოს - ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. თვითონ გათვლა, სიხშირეები შესვლის და ასე შემდეგ... ძალიან რთულია, რა, იმიტომ რომ მართლა დარგი იყო კომუნისტების დროს. ახლა კი, ფაქტობრივად, თავიდან იწყება ეს ყველაფერი და არ ვიცით, ვერ გიპასუხებთ. ვიცით, რომ უნდა გავაკეთოთ.” (სტილი დაცულია)

სირთულის მიუხედავად, იმედი ვიქონიოთ, რომ კეთილმოწყობის სამსახურის წამოწყებას ბოლოც კეთილი ექნება და ქუჩაში დაყოვნებულ თბილისელსა თუ გზააბნეულ ტურისტს განსაცდელის ჟამს არც მიწისქვეშა გადასასვლელის ძებნა მოუწევს და არც გაუსხლავი ბუჩქების.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG