Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის ნაკრძალი - გადარჩენილი სამოთხე


ლაგოდეხში - უფრო სწორად კი, ლაგოდეხის ულამაზეს ხეობაში -გასული საუკუნის დასაწყისში რუსმა მეცნიერებმა გამყინვარებამდე კავკასიაში მობინადრე ცხოველებისა და

მცენარეების ასეულობით გადარჩენილი ენდემური სახეობა აღმოაჩინეს. მეფის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ სიახლე იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ 1912 წელს ლაგოდეხის ხეობის 3 ათას 500 ჰექტარი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე პირველ სახელმწიფო ნაკრძალად გამოაცხადა. მერე იყო რევოლუცია, მეორე მსოფლიო ომი და შემდგომი მძიმე პერიოდი, როცა საქართველოში, ერთის გარდა, ყველა ნაკრძალი გააუქმეს. საერთაშორისო ორგანიზაციების - განსაკუთრებით კი იუნესკოს - ზეწოლით, ლაგოდეხის ხეობამ სტატუსის შენარჩუნება შეძლო. ნაკრძალის თანამშრომლებმა ბოლო თხუთმეტწლიან უმძიმეს პერიოდსაც გაუძლეს და 21-ე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს პირველყოფილი, ხელუხლებელი ბუნება შემოუნახეს.

ლაგოდეხის ნაკრძალი, რომელიც ამჟამად 22 ათას ჰექტარ ფართობზეა გაშილი, თბილისიდან ორი-სამი საათის სავალზე მდებარეობს. ნაკრძალს ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაციის დაღესტნის მხარე, ხოლო აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკა ესაზღვრება. ხეობა ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ნახევრადსუბტროპიკულიდან, ალპურის ჩათვლით, ყველა ზონას მოიცავს.

[გიორგი მამუკელაშვილის ხმა] “გამყინვარების პერიოდში კავკასიაში სამი ადგილი გადარჩა, რომელმაც ნაკლებად განიცადა დაზიანება. ეს არის: კასპიის ზღვაზე თალიში, შავი ზღვის პირზე კოლხეთის დაბლობი და შიდა კახეთში ლაგოდეხის რაიონი. აი, ეს ერთადერთი ხეობა შემორჩა დღემდე...”

სამოცდაათ წელს მიტანებული გიორგი მამუკელაშვილი თითქმის ნახევარი საუკუნეა ნაკრძალში მუშაობს. მისი თქმით, ხეობაში წარმოდგენილია საქართველოში მობინადრე ცხოველების თითქმის ერთი მესამედი. აქვე ხარობს მცენარეთა 1200-მდე სახეობა, მათ შორის, 15 საკუთრივ ლაგოდეხის ენდემი, ანუ ისეთი, რომელიც დედამიწის ზურგზე სხვაგან არ გვხვდება. ბატონ გიორგის დაუსრულებლად შეუძლია ისაუბროს ნაკრძალში მობინადრე ფრინველების, ცხოველების, ქვეწარმავლებისა და თევზების შესახებ, თუმცა მის მეხსიერებაში, მეცნიერული ცოდნის გარდა, სხვა სახის ინფორმაციაც უხვად მოიძებნება:

[გიორგი მამუკელაშვილის ხმა] “ხრუშჩოვმა გაყიდა ორი ჯიხვი ოქროზე: ირანის პრინცი იყო და იმან მოკლა, 1965 წელს ინადირა, კარგი მონადირე იყო. რომ მიიყვანეს, ფარაში 100 სულამდე იყო, ჰოდა, ესროლე, რომელსაც გინდა, ამოირჩიეო, უთქვამთ მისთვის. ახლავეო, ჯერ მაღლა ისროლა; რო დამფრთხალან და წასულან კილომეტრზე, მერე უსროლია და ორივე დაუგდია. ინგლისური თოფი ჰქონდა... კარგი მონადირე იყო.”(სტილი დაცულია)

მონადირეები - უფრო სწორად კი, ბრაკონიერები - ლაგოდეხის ნაკრძალს დღემდე ეძალებიან, მათი მოგერიება და განეიტრალება კი 14 მეტყევეს ევალება. იმის გათვალისწინებით, რომ ტყის მცველის ხელფასი 30 ლარია, ხოლო მისი არსენალი ერთადერთი ჩამოწერილი შაშხანით ამოიწურება, ადვილი წარმოსადგენია, როგორ უთანაბრო მდგომარეობაში იმყოფებიან დაპირისპირებული მხარეები. სოსო მერებაშვილიც - ლაგოდეხის სატყეო მეურნეობის უფროსის თანაშემწე - მეტყევეთა მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს:

[სოსო მერებაშვილის ხმა] “ პრინციპში, ეს არის, რომ ხელფასები იყოს ნორმალური, იმიტომ რომ როგორ გინდა კაცი დაავალდებულო, რომ შენ უნდა წახვიდე და ტყეში იჯდეო. იმას მინდორში წასასვლელი აღარ უნდა ჰქონდეს. ახლა ის მინდიორში მიდის იმიტომ, რომ მოიყვანოს მოსავალი, რომ ოჯახი არჩინოს. ფაქტიურად, ტყიდან მოტანილი 30 ლარით ოჯახი როგორ უნდა არჩინოს? აბსოლუტურად ყოველდღე აქ ტყეში ყოველთვის არის ერთი ტყის მცველი მაინც. შაბათი, კვირა ტყეში ვზივართ...” (სტილი დაცულია)

თუმცა ბრაკონიერობა ლაგოდეხის ნაკრძალისთვის ერთადერთი საფრთხე როდია. საქართველოში მოიძებნა ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელმაც ელექტროენერგიის მისაღებად ლაგოდეხის ხევის წყლის გამოყენება განიზრახა.

[გიორგი მამუკელაშვილის ხმა] “აქ უნდა მაინცდამაინც შესვლა და ჰესის აშენება, არადა, სხვა ხეობებში უფრო დიდი წყალი მოდის, უფრო უხვია, დებეტი უფრო მეტი აქვს, უფრო შეიძლება მშენებლობა, მაგრამ მაინც ამ ხელშეუხებელ ადგილებში უნდათ. სამი წელია ბრძოლა მიდის.”(სტილი დაცულია)

ბიზნესპროექტის თანახმად, ხეობის წყალი ერთ მეტრამდე დიამეტრის მილში უნდა მოექცეს, ანუ მილსადენის გარეთ წყლის მხოლოდ 25 პროცენტი დარჩება, რაც, გიორგი მამუკელაშვილის თქმით, გრუნტის წყლებისა და ტენიანობის დაცემის პარალელურად, ნიადაგის ფაუნისა და მცენარეების ზოგიერთი სახეობის მოსპობას გამოიწვევს. თუმცა, როგორც ჩემთან საუბარში კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, დღესდღეობით ნაკრძალში ჰესის გამართვის საფრთხე სრულად არის მოხსნილი:

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] “ვიღაცები აპირებენ, ეგრე არ არის. ვიღაცებს შეიძლება აქვთ სურვილი, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტრომ შეისწავლა ეს საკითხი და ნებართვა არ მისცა. და მეც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და იქ არაფერს არ ვაკეთებინებთ.”

ხელუხლებელი ტყეების გარდა, თავის დროზე ლაგოდეხის ნაკრძალი ჯიხვების, ირმებისა და დათვების სიმრავლითაც იყო განთქმული. თანამშრომლები სპეციალურად ირმებისთვის მარილის ლოდებსაც კი აწყობდნენ ხოლმე. დღეისათვის ცხოველთა ამგვარი სიმრავლე აღარ შეინიშნება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ნაკრძალის ბინადარი ცხოველები ბრაკონიერებმა გაწყვიტეს:

[ვაჟა პავლიაშვილის ხმა] “ამ ცხოველებს განსახლების საშუალება მიეცათ, გადავიდნენ აზერბაიჯანში, გადავიდნენ დაღესტანში, აღარ არიან ისე შევიწროებული, არეალი გაეხსნათ, იმდენად აღარ არის ეს მთები დაკავებული, იმიტომ რომ მთელი ერთი თვის მანძილზე ზამთრის საძოვრებიდან - კასპიისპირეთიდან - მოედინებოდნენ და მოედინებოდნენ, მერე ერთი თვე ისევ უკან დაბრუნებას სჭირდებოდა. ხმაური იყო, რაღაც იყო და ცხოველებს კი თავისი გარკვეული ტერიტორია ჰქონდათ და ამის შემდეგ გაეხსნათ და მეტი წილი გავიდა, იმიტომ რომ ყოველა ცხოველს გარკვეული ტერიტორია, თავისი არეალი სჭირდება.” (სტილი დაცულია)

ეს იყო ვაჟა პავლიაშვილი, ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორი. მისი თქმით, ბიუჯეტს ნაკრძალის შენახვა წელიწადში 9 ათასი ლარი უჯდება. თუმცა თავად სახელმწიფო ხაზინა ამ ენით აღუწერელი სიმდიდრისაგან ერთი თეთრის მატერიალურ ხეირსაც კი ვერ ნახულობს. ანუ, სხვა სიტყვებით, სახელმწიფო ნაკრძალი ზარალზე მომუშავე დაწესებულებაა. ვაჟა პავლიაშვილს ერთადერთ და სწორ გამოსავლად ლაგოდეხში ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება მიაჩნია. მისი თქმით, ლაგოდეხის ნაკრძალი, თავისი ხელუხლებელი ბუნებით, საუკუნოვანი ცათამბჯენი ხეებითა და ხმაურიანი ჩანჩქერებით, ადგილობრივთა გარდა, უცხოელ ტურისტებსაც მიიზიდავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG