Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასახელისუფლო პარტიის ლიდერები სამხრეთ ოსეთის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი მართალია, ხელისუფლების ოპოზიციას საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ძალინ სუსტი გავლენა აქვს, მისი წარმომადგენლები მაინც ეხმაურებიან ხელისუფლების

ბოლოდროინდელ ნაბიჯებს. 12 ივლისს, მაგალითად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკა უკიდურესად კრიტიკულად შეაფასა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. რას ამბობენ ამ საკითხზე ხელისუფლებაში არმყოფი სხვა პოლიტიკური ლიდერები?

ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანა ტერიტორიული მსხვრევის კარიბჭესთან დააყენა. მტკიცებას ნათელაშვილი ორი ფაქტით ამაგრებს. პირველი: სააკაშვილი ხშირად იყენებს შესიტყვებას “სამხრეთი ოსეთი”, რითაც ცნებას ლეგიტიმურ შინაარსს სძენს და, მეორე: ხელისუფლების პოლიტიკურმა ცელქობამ (ნათელაშვილის სიტყვებია) გამოიწვია რუსეთის დუმის ცნობილი განცხადება, სადაც ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი ერთიანად არის მოხსენიებული, ხოლო ოსი ხალხი - ასევე ერთ ხალხად. ნათელაშვილის აზრით, რუსეთის დუმის ეს განცხადება საფუძველს უყრის საქართველოს პოზიციების შესუსტებას საერთაშორისო სისტემაში, სადაც სამხრეთ ოსეთს თანდათანობით აღიარება ელოდება, დაახლოებით ისე, როგორც ამას პალესტინამ მიაღწია.

ლეიბორისტების ლიდერი არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ გამოსავალსაც მონიშნავს:

[ნათელაშვილის ხმა] “გამოსავალი 2 წელია დევს პარლამენტში. საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ შეაგროვა საქართველოს 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა: ისინი მოითხოვენ ცხინვალის რეგიონის შექმნას საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. არა სამხრეთ ოსეთის რეგიონის, ოლქის, რესპუბლიკის ან რაღაცის, არამედ ცხინვალის რეგიონის, სადაც თანაბრად დაცული იქნება ქართველი, ოსი, რუსი, ებრაელი და სომეხი ხალხის ინტერესები.”

მოკლედ, ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთის ნაცვლად, და, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, საქართველო გაცილებით დაცული იქნება, ვიდრე ახლაა.

ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს რეგიონის ცნებას და ნათელაშვილის მიერ შეთავაზებული შესწორების შეტანა უმაღლეს კანონში შეუძლებლად მიაჩნია. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებას ყოფილ ავტონომიურ ოლქში, გამყრელიძე თავს იკავებს:

[გამყრელიძის ხმა] “ამ სიტუაციაში სრულიად შეგნებულად ვიკავებ თავს რაიმე შეფასებისა ან კომენტარისაგან. ახლა ამის დრო არ არის. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, ერთიანი პოზიცია წარმოჩნდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოდან. ამიტომაც თავს შევიკავებ იმისგან, რომ რაიმე შეფასება გითხრათ ან ანალიზი ჩავატარო ამასთან დაკავშირებით.”

კარგია, როცა კონტრაბანდის აღსაკვეთად კეტავ ერგნეთის ბაზრობას, მაგრამ მოსახლეობას ალტერნატიული გზები უნდა შესთავაზო, შიმშილი რომ არ დაემუქროს, - მითხრა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა. ხალხი რაც უფრო გასაცოდავებულია, მით უფრო იოლად დარაზმავს მათ კოკოითი საქართველოს წინააღმდეგ:

[ბერძენიშვილის ხმა] “მთლად აწონილ-დაწონილი არ იყო ის ნაბიჯები, რითიც ქართულმა ხელისუფლებამ ურთიერთობა დაიწყო სამხრეთ ოსეთთან, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პრაგმატულად მიუდგა საკითხს, ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ საომარ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო გამძაფრებული ქართულ-ოსური პრობლემა. არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული მოვიგეთ ამ დღეებით, მაგრამ თუ დავიწყებთ კონცეფციებით ლაპარაკს და ეკონომიკური ბერკეტებით თანამშრომლობის ფორმატით დავიწყებთ ურთიერთობას სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან, ქართველებთანაც და ოსებთანაც, ჩვენი შანსები გაიზრდება.”

დავით ბერძენიშვილის თქმით, საქართველო არ არის იმდენად ძლიერი სახელმწიფო, რომ განკერძოებულ რეგიონებთან იარაღის ჟღარუნით უპირატესობა მოიპოვოს. რესპუბლიკელთა ლიდერს სწორად მიაჩნია, რომ სააკაშვილის მხრიდან იკლო პუტინის ქებამ და აქცენტებმა გადაინაცვლა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაზე.
XS
SM
MD
LG