Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათს მოსკოვში დაბრუნდა რუსეთის დელეგაცია, საგანგებო დავალებათა ელჩების იგორ სავოლსკისა და ლევ მორონოვის ხელმძღვანელობით. რუსეთის საგარეო უწყების

წარმომადგენლები თავიანთ ქართველ კოლეგებთან რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ პუნქტებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას ცდილობდნენ. ამ დროისთვის გავრცელებული ცნობებით, კონსენსუსის მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდა.

მოლაპარაკების შედეგთან დაკავშირებით რუსი და ქართველი დიპლომატები დიპლომატიური ფრაზებით იფარგლებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე აცხადებს, რომ კონსულტაციები კონსტრუქციულ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და რომ მხარეები მიესალმებიან მოლაპარაკების პროცესის განახლებას. უფრო კონკრეტულია რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ სავოლსკი. იგი არ მალავს, რომ მხარეები კვლავაც ვერ ათანხმებენ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროებში.
როგორც იცით, 1994 წელს რუსეთისა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება რუსეთის დუმამ სწორედ იმის გამო დაიწუნა, რომ საქართველოში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი გაურკვეველი იყო. ახლა, იმ მოვლენებიდან 10 წლის თავზე, სამხედრო ბაზების საკითხი კვლავ აქტუალურია, ოღონდ აქ საუბარია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებზე, არამედ იმ ქვეყნების სამხედრო ბაზებზე, რომლებიც, თეორიულად მაინც შესაძლებელია, ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდნენ.
გაზეთი „კომერსანტი“, კარგად ინფორმირებულ პირზე დაყრდნობით, აკონკრეტებს, თუ რაში ვერ თანხმდებიან რუსული და ქართული მხარეები: რუსეთი მოითხოვს ჩარჩო ხელშეკრულებაში შეტანილ იქნეს ვალდებულება, რომ მხარეები, ანუ საქართველო და რუსეთი, არასოდეს განალაგებენ საკუთარ ტერიტორიაზე მესამე მხარის სამხედრო ბაზებს. საქართველოსთვის ასეთი ვალდებულება სრულიად მიუღებელია და, გასაგებია, რატომაც: საქართველოს არც ადრინდელი და არც დღევანდელი ხელისუფალნი არ მალავენ, რომ საქართველოს ნატოში შესვლის სურვილი ამოძრავებს. ეს კი, თავისთავად, ნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანებისას ქვეყანა იღებს ვალდებულებას, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი ტერიტორია ნატოს სამხედრო ბაზებს დაუთმოს. ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებში არჩილ გეგეშიძე
[არჩილ გეგეშიძის ხმა] „ალბათ, უნდა აიღო ეს ვალდებულება. მე მგონია, რომ რაღაც საჭიროების შემთხვევაში - გააჩნია, რა ვითარებაა და რა როგორ იქნება - ჩვენ ყველა რესურსი - იქნება სამხედრო თუ ტერიტორიული - უნდა ნატოს უსაფრთხოებას მოვახმაროთ.“
შესაბამისად, საუბრები, რომ საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ბაზების გამოჩენა გამორიცხულია - სრულიად უადგილოა იმ პირობებში, როცა ქვეყანას ნატოს წევრობა სურს. დავით სიხარულიძე, რომელიც რამდენიმე წელი ნატოში საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობდა, დღეს კი საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომელია, ამბობს, რომ საქართველოს პოზიცია მარტივი და მკაფიოა:
[დავით სიხარულიძის ხმა] „ ჩვენი პოზიცია არის მარტივი და მკაფიო ამასთან დაკავშირებით: მესამე ქვეყნის ბაზების განლაგება ჩვენს ქვეყანაში არის ქვეყნის სუვერენული უფლება. ამიტომ ეს არ არის ის საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ რუსეთთან, საერთოდ, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.“
შესაბამისად, საეჭვოა, მხარეებმა ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის შემუშავებისას კონსენსუსს მიაღწიონ. ანუ ჯერ ძნელია დანამდვილებით იმის თქმა, ჩამოვა თუ არა შემოდგომაზე თბილისში პრეზიდენტი პუტინი - მისი ვიზიტი სწორედ ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის ხელმოწერას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG