Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური სამხედრო კონფლიქტის გაკვეთილები


ზუსტად 12 წლის წინ, დასრულდა საბრძოლო მოქმედებები ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიის ტერიტორიაზე

ზუსტად 12 წლის წინ, 1992 წლის 14 ივლისს დაგომისში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა საბრძოლო მოქმედებები ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიის ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის წელიწადნახევარი გრძელდებოდა.
სამხედრო დაპირისპირებას, ორივე მხრიდან რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი ემსხვერპლა. დღეს, როდესაც ვითარება კონფლიქტის ზონაში საშიშ ზღვარს მიუახლოვდა, გავიხსენებტ 12 წლის წინანდელ ზოგიერთ მივიწყებულ მოვლენას იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მაშინ ქართულ-ოსური სამხედრო დაპირისპირების უშუალო მონაწილე იყო.

დაგომისის შეთანხმება, რომლის ძალითაც ცხინვალის ზონაში მე-12 წელია მოქმედებენ ოთხმხრივი სამშვიდობო ძალები, თავის დროზე საქართველოში კინაღამ კიდევ ერთი სამხედრო გადატრილების მიზეზად იქცა. საქმე ისაა, რომ ვიდრე შეთანხმება გაფორმდებოდა, საქართველოს ეროვნული გვარდიის დანაყოფებმა, მიიღეს დავალება, ჩაეტარებინათ სამხედრო ოპერაცია იმ გაბატონებული სიმაღლეების დასაკავებლად, რომელიც სეპარატისტების სამხედრო ფორმირებებმა 1992 წლის ზამთარში, თბილისში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს დაიკავეს. ოპერაციის იმდროინდელი სარდალი, გენერალი გია ყარყარაშვილი იხსენებს, გვარდიულმა ნაწილებმა დასახული ამოცანა წარმატებით და თითქმის წინააღდეგობის გარეშე დაიკავეს. მაგრამ სულ მალე გაიცა ბრძანება შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ, რუსეთის გარანტიის ქვეშ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, სასწრაფო წესით მოაწერა ხელი. ხოლო გია ყარყარაშვილი, ვინც სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას უჭერდა მხარს, თანამდებობიდან გადააყენეს.

[გია ყარყარაშვილის ხმა] "იმის გამო, რომ მე შევეცადე, რომ მოწინააღმდეგის სტრატეგიული უპირატესობა შემომებრუნებინა ჩვენს სასარგებლოდ და ქართული ქვედანაყოფები გამემაგრებინა იმ პოზიციბზე, საიდაინაც ქართული სოფლების დაცვა უკეთ მოხერხდებოდა."

თუმცა, ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც, დაგომისის ხელშეკრულების წინარე პერიოდს, სავარაუდოდ, საკუთარ მემუარებში უფრო დაწვრილებით გაიხსენებს, ამ ნაბიჯის გადადგმა, ზედიზედ მომხდარმა რამდენიმე სისხლიანმა პროვოკაციამ აიძულა. გია ყარყარაშვილის თქმით, 1992 წლის ივნისის თვეში გორში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გენერალ ბესიკ ქუთათელაძის მეთაურობით ქართველ სამხედროთა ჯგუფი შევიდა იარაღის გამოსატანად. ამის შესახებ, თითქოს, არსებობდა წინასწარი შეთანხმება. მაგრამ, მოულოდნელად ატეხილი სროლების დროს გენერალი და მისი თანმხლები რამდენიმე პირი სიცოცხლეს გამოასალმეს. სროლებში დაიღუპა რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრი, რომლებიც იქვე სამხედრო დასახლებაში ცხოვრობდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე ფაქტი მოხდა ცხინვალი-კეხვის შემოვლით გზაზე. გია ყარყარაშვილის თქმით, დაუდგენელ სამხედრო ფორმირებასთან შეტაკების შედეგად 32 ოსი ეროვნების ქალი და ბავშვი დაიღუპა.

[გია ყარყარაშვილის ხმა] "მოხდა შეტაკება გარკვეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსხლეობას შორის. რაც ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდა: გარდაიცვალა 32 ქალი და ბავშივი."

იმ პერიოდის თავდაცვით ოპერაციაში ღებულობდა მონაწილეობას გადამდგარი გენერალ კობა კობალაძეც. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ვანდალური აქტები სწორედ მესამე ძალის მიერ ყოფილიყო ჩადენილი, რათა ოსებსა და ქართველებს შორის სიძულვილი კიდევ უფრო გაძლიერებულიყო. კობა კობალაძე ასახელებს სპეცრაზმს, რომელიც მაშინ ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სამხედრო დაზვერვას ემორჩილებოდა და რომლის მომსახურებითაც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყო, ორივე მხარე სარგებლობდა.

[კობა კობალაძის ხმა] " პირველად მაშინ გამოჩნდნენ რუსების "მფრინავი თაგვები", არის ასეთი სპეციალური დანაყოფი, იქითა მხრიდანაც და აქედანაც. და პირველი შეხებები და მსხვერპლიც უფრო მესამე მხარის დამსახურებაა იყო ვიდრე ერთმანეთის."

არადა, თავდაპირველად ყველაფერი ომობანას თამაშს გავდა, იხსენებს კობა კობალაძე. ვიღაცეები თავს იწონებდენ იარაღით, შემდეგ ამ იარაღმა გაისროლა, გაჩნდა მსხვერპლი ორივე მხრიდან, რომლის რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. ამას დაემთხვა თბილისის ცენტრში ბრძოლა ძალუფლებისათვის, რომლის დროსაც პროცესები საერთოდ გამოვიდა კონტროლის ქვეშ. ამიტომ, როგორი დიდიც არ უნდა იყოს სურვილი ისტორიის რევიზიისა, შესაძლოა, 12 წლის წინ დადებული დაგომისის ხელშეკრულება მართლაც იყო ერთადერთი საშუალება, რამაც ქართული და ოსური მოსახლეობა უფრო დიდ მსხვერპლს გადაარჩინა.

მაგრამ შეიძლება, თუ არა პარალელების გავლება დღევანდელსა და 12 წლის წინანდელ პროცესებს შორის? რამდენად არის დაზღვეული საქართველო იმისაგან, რომ რაღაც შეიარაღებული ჯგუფმა არ მოაწყოს დივერსიული აქტი კონფლიქტის გასაღვივებლად? პირველი დამაიმედებელი სიმპტომი, რომ ეს არ განმეორდება საქართველოს სამხედრო სივრცის ინტეგრაციია. ფაქტია, რომ ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე უკევ აღარ არსებობენ პარამილიტარისტული დაჯგუფებები - "მხედრიონის", "იმედის", "მერაბ კოსტავას საზოგადოებისა" თუ სხვადასხვა პარტიების დაქვემდებარებაში მყოფი რაზმების სახით. ამიტომაც შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ აეცილებინა თავიდან საშიში პროვოკაცია, რაც ქართველი სამხედროების დატყვევების დროს იყო ჩაფიქრებული.

შესაბამისად, თუ დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზაონში სამხედრო მოქმედებები დაიწყება, ეს უკვე თბილისის მითიტებით, გადაუდებელი აუცილებლობის გამო იქნება ნაკარნახევი. მაგრამ საქართველოს 12 წლის წინანდელი შეცდომის განმეორებას აღარ აპირებს, რასაც ცენტრალური ტელევიზიის საშულებით ქვეყნის პრეზიდენტი ხშირად უმეორებს ქართველ და ოს მოსახლეობას, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა 12 წლის წინანდელი კონფლიქტის შედეგად.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თქვენ ხართ ჩვენთვის ძალიან საყვარელი მოქალაქეები, რომელიც უნდა დავიცვათ, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რომელსაც ყველაფერი უნდა გავუკეთოთ. არის ნამდვილი სირცხვილი, ის, რაც მოხდა ოსებსა და ქართველებს შორის. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს დარჩა წარსულში. მე და ჩემი მეგობრები არაოდეს დავიშვებთ, რომ ოსებს ვინმემ აწყენინოს, როგორც ეს მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში."
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG