Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აკავშირებს რუსეთის ახალი გენერალური შტაბის უფროსს საქართველოსთან?


გენერალმა იური ბალუევსკიმ ქარული ენა საქრთველოში ყოფნის დროს, 1994-99 წლებში შეისწავლა

ორშაბათს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ ანატოლი კვაშნინის განთავისუფლებისა და მის ნაცვლად გენერალ იური ბალუევსკის დანიშვნის შესახებ. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამ საკადრო ცვლილებით პრეზიდენტმა პუტინმა მნიშვნელოვნად გაიმყარა საკუთარი პოზიციები შეიარაღებულ ძალებში და გზა გაუხსნა საერთაშორისო ურთიერთობათა მცოდნე გენრალიტეტს. სხვათა შორის, დიპლომატიური ალღოთი რუსეთის გენშტაბის ახალი უფროსი საქართველოში მოღვაწეობის დროსაც გამოირჩეოდა, სადაც 90-იანი წლების ბოლოს გენერალი ბალუევსკი რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის უფროსად მუშაობდა. საქმეში ჩახედულ ხალხს თუ დავუჯერებთ, რომ ქართული ენის მცოდნე ბალუევსკის კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს სამხედრო წრეებთან და ხშირად იმეორებდა ქართულ გამოთქმას: "არც მწვადი დავწვათ და არც შამფურიო." გენერალ იური ბალუევსკის ბიოგრაფიის სხვა შტრიხებზე კობა ლიკლიკაძე ისაუბრებს.


ჩეჩენი პარტიზანების ამასწინანდელი საბრძოლო რეიდი ინგუშეთში რუსეთის სამხედრო იერარქიაში მომხდარი ცვლილებების საბაბად იქცა. თავდაპირველად პოსტი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალ გენერალ ვიაჩესლავ ტიხომიროვს დაატოვებინეს. ორშაბათს კი იგივე ბედი გაიზიარა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ანატოლი კვაშნინმა, რომელიც ამ პოსტს 7 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. თუმცა, ამ გადაადგილებების დროს სამხედროების წარუმატებლობები არავის უხსენებია. მეტიც, თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვნმა გენერალი კვაშნინი კარგი მუშაობისათვის შეაქო და პრეზიდენტმა კი "სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის" ორდენითაც შეუმკო მკერდი.

[სერგეი ივანოვის ხმა] " "ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა განვითარების რთული ეტაპი განვლო და ახლა იგი უწინდელზე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება. გენერალურმა შტაბმა, ჩემი აზრით და უმაღლესი მთავარსარდლის აზრით, ყურადღება უნდა გადაიტანოს შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტივებზე, უნდა იფიქროს მომავლის მებრძოლებზე."


"მომავლის მებრძოლებზე" ფიქრისათვის კი ღრმა წარსულში დარჩენილი გენერალიტეტსა და მის უფროსს, გენერალ ანატოლი კვაშნინს არ ეცალათ. ჟურნალ "მოსკოუ ტაიმის" მიმომხილველის პაველ ფელგენჰაუერის თქმით, ანატოლი კვაშნინის 7 წლიანი მმართველობა - ეს იყო სამხედრო მარცხის, არმიაში კორუფციის აღზევებისა და არაკომპეტენტური მმართველობის ხანა. გარდა ამისა, პაველ ფელგენჰაუერმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში გამოთქვა ვარაუდი, რომ ანატოლი კვაშნინის ნაცვლად გენერალ იური ბალუევსკის დანიშვნა რუსეთ-დასავლეთის, უწინარესად კი ნატოსთან ურთიერთობაზეც კარგად აისახებაო.

[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ალბათ შეიცვლება ურთიერთობები რუსეთსა და ბრიუსელს შორის, და, საერთოდ ნატოსთან და დასავლეთთან სამხედრო ურთიერთობები უფრო უმტკივნეულოდ განვითარდება, რადგან ბალუევსკი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ამის გაკეთება საჭიროა. ყოველ შემთხვევაში, გენერალური შტაბის მხრიდან აღარ იქნება, ისეთი მძაფრი წინააღდეგობა, როგორიც ადრე იყო. რაც შეეხება კავკასიას, არა მგონია, რომ ამ მიმართულებით რაიმე განსაკუთრებულად შეიცვალოს. თუმცა, მე ვიცი, რომ ბალუევსკი ცოტას ქართულადაც კი ლაპარაკობს."

გენერალმა იური ბალუევსკიმ ქარული ენა საქრთველოში ყოფნის დროს, 1994-99 წლებში შეისწავლა, სადაც ის ჯერ რუსეთის ჯარების დაჯგუფების ოპერატიული სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი სარდლის მოადგილე და შტაბის უფროსი იყო. ამ წლებში მასთან მჭიდრო ურთიერტობა ჰქონდა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძეს, რომელიც თავის დროზე ასევე იყოს რუსეთის სარდლის მოადგილე ამიერკავკასიაში. ჩვენთან სატელეფონო საუბარში ვარდიკო ნადიბაიძემ აღნიშნა, რომ იგი სწორედ შაბათს, ახალ თანამდებობაზე დანიშვნნამდე ესაუბრა იური ბალუევსკის, რომელიც მოწადინებულია, რომ საქართველოში იყოს სიწყნარე და სტაბილურობა.

[ვარდიკო ნადიბაიძის ხმა] "მე შაბათს ველაპარაკე ტელეფონით ბალუევსკის, და როგორც მე მითხრა, ძალიან უნდა, რომ საქართველოში იყოს წესრიგი, და მართლაც ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში მშვიდობა და წესრიგი იყოსო."

ვარდიკო ნადიბაიძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთის ახალი გენერალური შტაბის უფროსი თავსი დროზე გარკვეულ დონეზე მართლაც ფლობდა ქართულ ენას და უყვარდა ცნობილი ანდაზის განმეორება: "არც მწვადი დაიწვას და არც შამფური." ამ პრინციპის მიმდევარი ბალუევსკი, როცა საჭირო იყო, მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთანაც და ბოლომდე იცავდა რუსეთის სამხედრო ინტერესებსაც კავკასიაში, როცა საქართველოს მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. მაგრამ ახლა ის დროა, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში კვლავ დამწვრის სუნი ტრიალებს და გენერლებსაც ბევრს არაფერს ეკითხებიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG