Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწყალების მთხოვნელი - პოეზიის მოყვარული


ის, რომ თანამედროვე საქართველოში პენსიონერები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ, ყველასათვის ცნობილია.

ქუჩებში გამოსული, მოწყალების მომლოდინე და ხელგაწვდილი მოხუცებიც უკვე კარგა ხანია რაც თბილისის მაცხოვრებლებისთვის ჩვეულ სურათად იქცა. ამ ადამიანებზე ძირითადად ერთიანი, კრებითი სახელით საუბრობენ ხოლმე – უწოდებენ გაჭირვებულ ან უპატრონო მოხუცებს, მათხოვრებს, სოციალურად დაუცველ ფენას. მაგრამ ცხადია, რომ თითოეული ასეთი მოხუცის მიღმა ინდივიდუალური ცხოვრებისეული ისტორია, ბედი და ინტერესები დგას. სალომე ასათიანის რუბრიკა ‘სხვა სახე’ დღეს თბილისში მოწყალების სათხოვნელად გამოსული უამრავი მოხუციდან ერთ-ერთს გაგაცნობთ – ადამიანს, რომელიც 10 წელიწადზე მეტია მათხოვრობს და რომელსაც პოეზია უყვარს.

[რეზო გაბუნიას ხმა]: "პატარა ლექსს ვიტყვი მაშინ. ეს ლექსი მე ვთქვი მეტროში; ვიღაცა ქალი მოვიდა, არც ვიცი ვინ იყო. და მითხრა, ეგაო შექსპირის სონეტებს გავსო. ‘სასოება’:
ჩემს ოცნებათა სასოებას, უნაზეს გრძნობებს
ბოლო არ უჩანს, იგი ცამდეა.
მაგრამ ჩემს თრთოლვას, გულისძგერას,
ჰიმნი ტრფიალის ვხედავ გასცლია.
ვამჩნევ სუნთქვასა მწუხრისა ცრემლნი
გააფთრებულნი თავს რომ დასხმიან
ნეტავ ვიცოდე, ვან რეინ რემბრანტს
რით დაუტყვევა გული სასკიამ
ან ფორნარინამ, ჩემსავით ნაზმა,
რითი აამა ფუნჯების მეფეს
ალბათ ქარგავდა რაფაელი ლამაზი სახის უნაზეს ფერებს
და უცდომელად შექმნილ ხატებას გულში ეკვროდა მის შთამგონებელს
მეც სასკია ვარ, თქვით ფორნარინა, ნუთუ ეს ვაჟი არ დამიჯერებს."

ეს იყო ბატონი რეზო, რომელიც თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე გავიცანი. ის ერთადერთი იყო იმ რამდენიმე მოწყალების სათხოვნელად გამოსული მოხუციდან, ვინც ინტერვიუს ჩაწერაზე დამთანხმდა. სხვებმა ფრთხილი უარი მითხრეს სხვადასხვა მიზეზის გამო - არ ქონდათ თავიანთი ცხოვრების სიძნელეებზე საუბრის განწყობა; არ უყვარდათ მას-მედიის წარმომადგენლები; ერთმა მოხუცმა ქალმა მითხრა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა უცხოელმა რეპორტიორებმა და ტურისტებმა მოაბეზრეს, რომლებმაც ბევრჯერ გადაუღეს ფოტოები და რამდენჯერმე გადაადგილებაც აიძულეს შესაფერისი ფონის საპოვნელად.

მოხუცების ეს განწყობა ალბათ არც მოულოდნელია და არც გასაკვირი. მართლაც რთულია უკიდურესი დაუცველობის და გაჭირვების გამუდმებული განცდით ცხოვრობდე და პარალელურად წამიერი, სენტიმენტალური და ეგზოტიკური ინტერესის ობიექტად ყოფნას გთხოვდნენ. მაგრამ ალბათ არც იმ უცხოელი ჟურნალისტების ინტერესის უნდა გაგვიკვირდეს, ვინც თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოწყალების მომლოდინე მოხუცებს უღებს ფოტოებს. მათხოვრები ევროპის თითქმის ყველა დიდ და მდიდარ ქალაქში – ლონდონში, ამსტერდამში თუ პარიზში – გვხვდება; მაგრამ იქ ყველაზე ხშირად ხურდა ფულის გაღებას ძირითადად უმუშევარი და უსახლკარო ახალგაზრდები ითხოვენ. ამ ქალაქებში ვერსად შეხვდებით თბილისისთვის უკვე ჩვეულებრივ მოვლენად გადაქცეულ სურათს – სამათხოვროდ გამოსულ უამრავ ბავშვს, ინვალიდს და მოხუცს. ასეთი სურათი მხოლოდ მესამე მსოფლიოდ მიჩნეული ქვეყნების ‘პრეროგატივაა’.

საქართველოში ალბათ ისიც ყველასათვის ნათელია, რომ უკლებლივ ყველა პენსიონერის ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსვლას მხოლოდ შვილების, ნათესავების ან ახლობლების ზრუნვა აჩერებს. რევოლუციამდელ ათწლეულში ბანალურ რეალობად იყო ქცეული ფაქტი, რომ პენსიონერებს თვეში 14 ლარი ერგებოდათ, მაგრამ ხშირად ესეც არ რიგდებოდა ხოლმე. რევოლუციის შემდეგ კი პენსია რამოდენიმე ლარით გაიზარდა და, როგორც ამბობენ, მისი გაცემის რეგულარობაც გამოსწორდა; მაგრამ ქვეყანაში კვლავაც ბევრი მოხუცია, ვინც ცხოვრებამ ოჯახის და ახლობლების ზრუნვის გარეშე დატოვა და ვისაც მომატებული რამდენიმე ლარის მიუხედავად თავის გასატანად ქუჩაში სამათხოვროდ დგომა უწევს. ერთ-ერთი მათგანი ბატონი რეზოა – სწორედ ის პიროვნება, ვინც ინტერვიუს ჩაწერაზე დამთანხმდა. მას ოჯახური სიტუაციის გამო 20-ლარიანი პენსიის მეტი არანაირი შემოსავალი არ გააჩნია:

[რეზო გაბუნიას ხმა]: "ვმათხოვრობ ქუჩაში. ოცი ლარი; ოცი ლარი რა არი? ცოლი მყავდა და მერე გავცილდი და დავრჩი ისე რა. არა მყავს შვილები. ნათესავები... დეიდა მყავს და დეიდაშვილი მყავს. ისიც გაჭირვებულია, საწყალი. კბილის ექიმია. დეიდაშვილი გოგოა, 63 წლის. ის კიდე ის არის, რა ქვია... იურისტია. მაგრამ არ მუშაობს. რა უნდა შევაგროვო? ოთხი ლარი, ხუთი ლარი... ოთხი ლარი ერთ ჭამაზე მინდა მე. მაგრამ რა ვქნა, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდეს."

რეზო გაბუნიას თხუთმეტიოდე წუთი ვესაუბრებოდი. ვუსვამდი შეკითხვებს მისი წარსულის შესახებ; მინდოდა გამეგო როგორი ცხოვრება გამოიარა და როგორ აღმოჩნდა ამ უკიდურეს გაჭირვებაში. მაგრამ ის საკუთარ თავზე საუბარს მაქსიმალურად ერიდებოდა. მითხრა, რომ ახალგაზრდობაში სპორტი უყვარდა და ნორმალური შემოსავლის მქონე ოჯახში ცხოვრობდა. ძირითადად მიყვებოდა მამაზე, რომელიც პროფესიით ეკონომისტი ყოფილა მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე წერდა ლექსებს. ამ თხუთმეტი წუთის განმავლობაში ბატონმა რეზომ სამი ლექსი მითხრა ზეპირად და დამპირდა, რომ თუ დავინტერესდებოდი, მამამისის მიერ დაწერილ პოემებსაც მომაწვდიდა:

[რეზო გაბუნიას ხმა]: "საუკუნეთა მრუმეებში ეს დედამიწა
იმ შუა ჟამთა სქოლასტიკურ ორომტრიალში
და მოზუზუნე ბებერ ქართა შრიალ-შრიალში
იქ მიილტვოდა, ცის დასავალს, უფსკრულთ წიაღში.
მრავალთა მრავალ კაცურ კაცთა აზრთა სიმრავლე
თეოლოგიურ დოგმატებით იყო პირსავსე
რომ არა სჩანდა სისხამ დილით მზეი მხურვალე
და ცაზე პირქვე დაცურავდა მთვარე მწუხარე.
ლექსი შოთა აკაკის ძე გაბუნიასი."

რეზო გაბუნიასთვის უცხოა სამთავრობო ან საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარება. მას არც ქუჩაში გამვლელები აქცევენ ყურადღებას:

[რეზო გაბუნიას ხმა]: "არ მაქცევენ მაინცდამაინც დიდ ყურადღებას. ჩვეულებრივად მეპყრობიან, გონიათ რომ მე ვიღაცა ვიგინდარას შვილი ვარ [იცინის]. რა იციან ახლა იმათმა. აქ თურმე ძნელია გატანა პოეზიის."

საუბრის ბოლოს, მას საქართველოში მომხდარ მთავრობის ცვლილებაზე შევეკითხე – მინდოდა გამეგო, მისთვის რას ნიშნავდა ვარდების რევოლუცია. როგორც აღმოჩნდა, იგი დღევანდელობას იმედით უყურებს:

[რეზო გაბუნიას ხმა]: "ჟურნალში წავიკითხე – გამოდის ‘სარკე’ ჟურნალი – იქ ეწერა, რომ შვეიცარიის მთავრობამ გამოყოო პენსიონერებისთვის ერთჯერადი დახმარება – ასი ლარიო. ფულია ეგეც. ჟურნალი მაქვს სახლში, სხვებმაც მითხრეს. რახან ეხლა გამოყო, ალბათ დაურიგებენ, მე მგონია, რა ვიცი... ასი ლარი. მაგრამ ეს ერთჯერადი დახმარება იქნება და ორმოცდათოთხმეტმა ქვეყანამ განაცხადა, რომ საქართველოს დაეხმარება, ხომ? შევარდნაძე რომ გადმოაგდეს, მაშინ გამოაცხადეს, არა? შეიძლება იყოს ეგ ამბავი... სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ და დაეხმარებიან საქართველოს, ამ გაჭირვებულ ხალხს, მე მგონი."

იქნებ შესაძლებელია ეს იმედი არ გაცრუვდეს, და საქართველომ მართლა შესძლოს მარტოხელა პენსიონერების დაუცველი და გარიყული მდგომარეობის შემსუბუქება. მოხუცებულ ასაკში ხომ ყველას სჭირდება დაცვა და სიმშვიდე – თუნდაც, როგორც ეს რეზო გაბუნიას შემთხვევაში იყო, პოეზიაზე საფიქრელად...

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG