Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკულ სიახლეთა შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი 22 ივლისს საქართველოში აქტუალობა შეემატა ენერგეტიკულ საკითხებს: თბილისში ჩამოვიდა რაო-თელასის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

და რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი რაპოპორტი, რომელმაც მომავალ ინვესტიციებსა და საქართველოში შესაძლო შესყიდვებზე გააკეთა განცხადება; გარდა ამისა, საქართველომ პირველად დაიწყო ელექტროენერგიის ექსპორტი.

რაო-თელასის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თბილისში მხოლოდ თელასის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსასმენად არ ჩასულა. პირველი შეხვედრა მას საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრთან ჰქონდა. კახა ბენდუქიძის მიერ გამოცხადებული პრივატიზაცია, ჩანს, მიმზიდველი აღმოჩნდა რუსული ენერგოგიგანტისათვის. ესეც არ იყოს, საქართველოს საბიუჯეტო სექტორს რაო-თელასის 28 მილიონი ლარი მართებს და იგი გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მთავრობის ურთიერთობის გარკვევას მოითხოვდა. საამისოდ რაო-თელასი და საქართველოს მთავრობა ორმხრივ კომისიას შექმნიან.

რაც შეეხება პრივატიზაციას, რაო-თელასის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ანდრეი რაპოპორტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია გულისხმობს მზადყოფნას, გაიყიდოს ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტი.

[რაპოპორტის ხმა] “რაო ეეს”-ს აინტერესებს ენეგეტიკული ობიექტები. მოდი, ჩამოვთვალოთ, რა დარჩა საქართველოში: ენგურჰესი. გვაინტერესებს! ჩვენ ვამბობთ, რომ გვაინტერესებს პრატიკულად ყველა ობიექტი, ზოგიერთის გარდა. გვაინტერესებს ენგურჰესი და ნებისმიერი გენერაცია.”

თუ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის გაყიდვით, მაშინ მათ ნუსხაში ენგურჰესიც უნდა შედიოდეს. არადა, ენგურჰესის წყალობით, საქართველომ, პირველად ბოლო წლების მანძილზე, ელექტროენერგიის ექსპორტი შეძლო. 22 ივლისის საღამოს 7 საათიდან ჩაირთო ენგურჰესის მეოთხე აგრეგატი, რომელიც საექსპორტო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ეგ არის, რომ ექსპორტს ჯერ ვალის დასაბრუნებლად გამოიყენებენ. საქართველოს რუსეთისა და აზერბაიჯანის დაახლოებით 40 მილიონი კილოვატ-საათი მართებს და ორი-სამი კვირა ამ დავალიანების დაფარვას დასჭირდება. მხოლოდ ვალის გასტუმრების შემდეგ შეძლებს ქვეყანა, ელექტროენერგია თურქეთში გაყიდოს. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი აქვს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელიც უახლოეს ორ დღეში თურქეთის დელეგაციასთან მოლაპარაკების შედეგად ამ ქვეყანაში 100 მეგავატი ენერგიის ექსპორტს გეგმავს.

საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სახელმწიფოს ასეთი ქცევა გაუგებარია, რადგან ზაფხულშიც კი - არათუ რეგიონებში, არამედ თბილისშიც - ელექტროენერგიის მიწოდება წყდება. 22 ივლისს ეს შეიძლება წვიმას დაბრალდეს. მაგრამ მშრალ ამინდშიც რომ ბნელა?
XS
SM
MD
LG