Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქის სანიაღვრე მეურნეობა რეაბილიტაციას საჭიროებს - წვიმის შემდეგ თბილისში მოძრაობა ჭირს


მესტიის რაიონის შემდეგ, ღვარცოფმა და ძლიერმა წვიმამ ამჯერად უკვე თბილისელებს დაურღვია მყუდროება. წვიმამ, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა,

ძირითადად, ქალაქის ძველი უბნები და ისტორიულ ზონაში მდებარე შენობები დააზიანა. ჩამოინგრა ანჩისხატის ეკლესიასთან მშენებარე სახლის კედელი. სამწუხაროდ, წვიმამ ზიანი ეროვნული ბიბლიოთეკის ამორტიზებულ შენობასაც მიაყენა. წინასწარი მონაცემებით, წყალმა ქართველოლოგიის საკატალოგოში შეაღწია.

[ისმის წვიმის ხმა]

თავსხმა წვიმა თბილისში 22 ივლისს, გამთენიისას, დაიწყო და, იშვიათი წუთების გარდა, მთელი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, ძირითადად, ძველი უბნები დააზიანა, სადაც პირველ სართულზე მცხოვრებ ადამიანებს წყალი ოთახებში შეუვარდა.

[ქალბატონის ხმა] “აქ ვინ მოვა, დაგვეხმარეთ, შვილო, რა არის, ასეთი უსაშველო რა არის, ჰა...”

[ქალბატონის ხმა] “რა გავაკეთო... გუშინ ტრასაზე ვიჯექი და ვტიროდი: წვიმა რომ წამოვა, რა მეშველება-მეთქი... დილით მაღლა ავედი, ორ-ორი ბავშვი მაღლა მყავს...”

წვიმამ, საცხოვრებელი ბინების გარდა, სხვა ძველი შენობა-ნაგებობებიც დააზიანა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის ლევან თაქთაქიშვილის თქმით, დაზიანებული სახურავიდან ჩასულმა წვიმის წყალმა ქართველოლოგიის საკატალოგოში შეაღწია:

[ლევან თაქთაქიშვილის ხმა] “ჭერიდან ბათქაში ჩამოიყარა და წყალი ჩამოვიდა, კატალოგები დაგვისველდა. ეს მოხდა ქართველოლოგიის საკატალოგოში და შემდგომ ეს წყალი შევიდა ფრანგულ მედიოთეკაში, დიუმას სახელობის მედიოთეკაში, და იქაც რაღაც დაზიანებები არის. პატარა დაზიანებაც არის - სამეცნიერო დარბაზშიც ჩამოვიდა წყალი, მაგრამ ისე არა, როგორც იქ.” (სტილი დაცულია)

ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ღირებული ნივთები სხვა ოთახებში გაიტანეს, მაგრამ ისინი შიშობენ, რომ ამორტიზებული სახურავი, რომელიც დაუყოვნებლივ შეკეთებას საჭიროებს, სტიქიის შემოტევას დიდხანს ვერ გაუძლებს. თუმცა რემონტისთვის საჭირო თანხა, როგორც ამას ლევან თაქთაქიშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. უსახსრობას მერიის კეთილმოწყობის სამსახურიც უჩივის. საუბარია სანიაღვრე ჭების სიმცირესა და მათი მოვლის დაფინანსებაზე.

[შალვა ბებოშვილის ხმა] “პრობლემა ის კი არ არის, რომ წყალი მოდის, პრობლემა ის არის, რომ თბილისში არის 11 ათასი და ზევიდან როგორც კი ფოთლები ან პატარა ტალახი დაეფარება, - წვიმა მოდის, მოჰყვება მთელი ეს ჭუჭყი ფერდობებიდან, - როგორც კი დაეფარება, წყალგამტარიანობა იკლებს, რა.” (სტილი დაცულია)

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი შალვა ბებოშვილი ამბობს, რომ 11 ათას სანიაღვრე ჭას 300 ადამიანი უვლის, რაც, მისივე თქმით, საკმარისი არ არის, თანაც სამსახური დაუყოვნებლივ ტექნიკურ გადაიარაღებას საჭიროებს, რაც, ასევე უსახსრობის გამო, ვერ ხერხდება. შედეგად კი, ისევ და ისევ რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან.

[მამაკაცის ხმა] “ხომ გითხარით, კუტუზოვის ქუჩაზე არ შეიძლება გასვლა, სანაპიროზე საშიში იქნება, იმიტომ რომ არის შესაძლებლობა, რომ ჩარჩე იქა, მერე ვაკე-საბურთალოზე, იპოდრომთან.”(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] “სუფთა წყალი რომ იყოს, კიდევ ჯანდაბას. სხვისი განავალის წყალი ჩვენ რატომ უნდა ვწმინდოთ, მთავრობა რისთვისა გვყავს.”

რისთვის არის მთავრობა და რას აკეთებენ მისი წევრები? ამ კითხვას თავად თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი ბიძინა ბრეგაძე პასუხობს:

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] “თითქმის ყველა რაიონი დაზარალდა, გლდან- ნაძალადევში არის მძიმე სიტუაცია ერთ-ერთ ქუჩაზე; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, საბურთალოზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი გუბე იყო, მაგრამ გზა უკვე გაწმენდილი არის ამ ეტაპისთვის და მიმდინარეობს იმ სამუშაოების ჩატარება და ამჟამად შემოვლაზე ვართ, ვარკვევთ, თუ როგორი ვითარებაა სხვადასხვა უბნებში.” (სტილი დაცულია)

დაბოლოს, მერიისგან განსხვავებით, ჰიდრომეტეოროლიგიური სამსახურის თანამშრომლები გაცილებით ოპტიმისტურ ინფორმაციას ავრცელებენ: თბილისში მალე გამოიდარებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG