Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან მოლაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივეს


თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი წინასწარ პატიმრობაში 23 ოქტომბრამდე დარჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და, გამოძიების სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, მისი გათავისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია. წინასწარი პატიმრობის გასაჩივრების ერთადერთ ინსტანციად ეჭვმიტანილი მოლაშვილისთვის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო რჩება. ადვოკატები სტრასბურგში სარჩელს აგვისტოს დასაწყისში წარადგენენ.

პროკურატურის შუამდგომლობაში სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების აუცილებლობა ორი ძირითადი არგუმენტით საბუთდებოდა - კერძოდ, თავისუფლებაში მყოფი მოლაშვილის მიერ მოწმეებზე ზეწოლის მოხდენისა და ამით გამოძიებისთვის ხელის შეშლის საშიშროებით და საქმის სირთულით:

[თამარ პაპავას ხმა] ”რთული საქმეა, კონტროლის პალატის თავმჯდომარეზეა ლაპარაკი, ყოფილ თავმჯდომარეზე. აქედან გამომდინარე, მოწმდება ყველა მათ მიერ შედგენილი შემოწმების აქტები და დანართები და, საერთოდ, ეს ყველაფერი.”

პროკურორ თამარ პაპავას განმარტებით, საქმის სირთულეს განაპირობებს ბრალდების სიმძიმეც. თუმცა ფაქტია, რომ საგამოძიებო მოქმედება კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ პრაქტიკულად არც კი დაწყებულა. იგი ჯერ არ დაუკითხავთ. მასთან პროკურატურა ჯერ მხოლოდ სადავო თანხის გადახდაზე ვაჭრობს. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახმა ბიუჯეტის სასარგებლოდ 135 000 ლარი გადაიხადა და წავკისში მდებარე აგარაკი სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა. სახელმწიფოსადმი სულხან მოლაშვილის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა ამჯერად, წინა მონაცემთან შედარებით, საკმაოდ გაიზარდა და 2 900 000 ლარი შეადგინა. მოლაშვილის დაცვის მხარის მტკიცებით, თვალსაჩინოა კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების ტენდენცია, რაც გულისხმობს როგორც ბრალდების დამძიმებას, ისე სადავო თანხის ეტაპობრივ გაზრდას. სულხან მოლაშვილის დევნის მთავარი მიზეზი, დაცვის მოსაზრებით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ხელთ არსებული ისეთი მაკომპრომეტირებელი მასალებია, რომელიც ზოგიერთ მოქმედ მაღალჩინოსანს ხელს არ აძლევს.

დავუბრუნდეთ პროკურატურის შუამდგომლობის თემას. როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განმარტა, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში რატომღაც სულხან მოლაშვილის გათავისუფლების საწინააღმდეგო ისეთი მოსაზრებაც კი აისახა, რომელიც პროკურატურას საერთოდ არ დაუყენებია:

[სოსო ბარათაშვილის ხმა] ”მაგალითად, პროკურატურა არ აყენებდა სასამართლოს წინაშე მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გაგრძელებას იმ მოტივით, თითქოს ის დაემალებოდა მართლმსაჯულებას, რაც რატომღაც აისახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს კანონით დაუშვებელია.” (სტილი დაცულია)

[ ნანა კაკაბაძის ხმა]”გაქცევას ეს კაცი, არც ერთი ინფორმაციით არ დასტურდება, რომ აპირებდა. პირიქით, გაიგო თუ არა თავისი დაკავების შესახებ ინფორმაცია, იყო ეკლესიაში და თავისი ფეხით მივიდა და ჩაბარდა პროკურატურას. ანუ დამალვის საფრთხე არ იყო.” (სტილი დაცულია)

ადამიანის უფლებათდამცავი ნანა კაკაბაძე პირველი იყო, ვინც სულხან მოლაშვილის წამების ფაქტზე საჯაროდ ალაპარაკდა. მისთვის ეჭვგარეშეა, რომ სულხან მოლაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის მიმართ დანდობა მოსალოდნელი არ არის, განსხვავებით ბევრი ისეთი პირისაგან, რომელთაც წინასწარი დაკავების საკნებიდან პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ათავისუფლებენ. ერთ-ერთი მათ შორის ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანია. მას, ხუთთვიანი ურჩობის შემდეგ, ქონების დიდი ნაწილიც ჩამოართვეს და სოლიდური ფულადი გადასახადიც დააკისრეს.

შალიკიანი და მოლაშვილი ერთ დღეს, მიმდინარე წლის 5 მარტს, დააკავეს. ერთის მიმართ ახალი კანონმდებლობა ამოქმედდა, მეორის მიმართ კი სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საეჭვო რეალობა, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დამკვიდრდა საქართველოში და რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის. სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ სასამართლოები ყველა დონეზე პროკურატურის შუამდგომლობას უპირობოდ აკმაყოფილებენ.
XS
SM
MD
LG