Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაითვალისწინებს თუ არა ვაშინგტონის ადმინისტრაცია საგანგებო კომისიის დასკვნებს?


ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა კომისიამ, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტს შეისწავლიდა,

ხუთშაბათს ახალი რეკომენდაციები წარმოადგინა. ეს არ არის პირველი მიმართვა, რომელიც ამერიკელ ხალხსა და ამ ქვეყნის მთავრობას ტერორიზმის საშინელ საფრთხეს შეახსენებს. თუმცა მსგავსი რეკომენდაციები 11 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებამდე მეტწილად უყურადღებოდ რჩებოდა.

11 სექტემბრის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრს სჯერა, რომ ხალხის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას კომისიის რეკომენდაციათა გარკვეული პაკეტის აღიარება მოუწევს.

ჯეიმი გორელიკი – ბილ კლინტონის მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს:

[ჯეიმი გორელიკის ხმა] "ვფიქრობთ, ამ საკითხი მთელი ქვეყანა დიდი ინტერესით შეხვდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ლიდერების რეაქცია - გაერთიანდებიან თუ არა ისინი მთავარი მიზნის გარშემო – ჩამოყალიბდეს ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ერთიანი მისია".

11 სექტემბრის კომისიის მეორე წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი. ყოფილი დემოკრატი სენატორი ბობ კერი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციებში მითითებული ცვლილებების მიხედვით კონგრესს, სამხედრო და სადაზვერვო უწყებებს მოუწევთ უარი თქვან ბიუჯეტის ფულზე, გავლენაზე და ძალაზე. ამ ყველაფრის დათმობის სურვილი კი მათ ნაკლებად ექნებათ:

[ბობ კერის ხმა] "ჩემი პოლიტიკური დაკვირვების მიხედვით, როდესაც ვიღაცას რაღაცის დათმობას სთხოვენ, სასწრაფოდ იწყება ხოლმე ათასგვარი მიზეზის დასახელება, თუ რატომ არ ღირს ამის გაკეთება. მაგრამ ისინი არასოდეს ამბობენ მთავარს – რომ, უბრალოდ, არ სურთ ძალაუფლების დაკარგვა. ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი გარემოებები კონგრესს სხვაგვარი მოქმედებისაკენ უბიძგებს. თუმცა მე ნაკლებად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

11 სექტემბრის ტრაგედიამდე, კომისია (რომელსაც ამერიკის ყოფილი სენატორები უორნერ რუდმანი და გერი ჰარტი ხელმძღვანელობდნენ) იტყობინებოდა, რომ "ამერიკელების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი ამერიკაში მომდევნო 25 წლის განმავლობაში იყო მოსალოდნელი". ამასთან, ექსპერტები წუხდნენ, რომ არ არსებობდა ამ საფრხის სალიკვიდაციოდ აუცილებელი ერთიანი სამთავრობო სტრუქტურა. თუმცა ამ მნიშვნელოვან გაფრთხილებას ამერიკის მთავრობის მხრიდან, სამწუხაროდ, ქმედითი ღონისძიებები არ მოჰყოლია.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავად ეწინააღმდეგებოდა 11 სექტემბრის საგამოძიებო კომისიის შექმნას, წარმოდგენილ რეკომენდაციებს მაინც კონსტრუქციული უწოდა. პაკეტში ყველაზე იმედისმოცემია ერთიანი სადაზვერვო ცენტრის შექმნა, რომლის დირექტორიც თანაბარი პატივისცემით უნდა სარგებლობდეს ყველა სადაზვერვო ჯგუფის მხრიდან. ბუნებრივია, იგულისხმება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და გამოძიების ფედერალური ბიურო.

ახალი ცენტრის დირექტორი ახლებურად მოაზროვნე უნდა იყოს და სადაზვერვო სტრუქტურათა მუშაობა უფრო მოქნილი უნდა გახადოს. საჭიროა იმის გააზრება, რომ, მაგალითად, "ალ-ყაიდა" გაცილებით სწრაფი და მოქნილია, ვიდრე ცივი ომის დროინდელი მოწინააღმდეგეები.

ვაშინგტონში კატოს კვლევითი ინსტიტუტის თავდაცვის პოლიტიკის კურსის ხელმძღვანელი ჩარლზ პენია რადიო თავისუფლების ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობას სიფრთხილე ჰმართებს. მისი აზრით, ერთიანი სადაზღვერვო ცენტრი შესაძლოა, ასე ვთქვათ, კოორდინაციის პრობლემის წინაშე დადგეს. ცენტრში შემავალ სტრუქტურათა გასაიდუმლოებული რეჟიმის გამო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა იოლი არ იქნება. ბოლოს და ბოლოს, აგენტები ხომ ინფორმაციის დამალვაში არიან გაწვრთნილი.

დაბოლოს: პენიას თქმით, ერთიანი სადაზვერვო ცენტრის შექმნის შემთხვევაში, პრეზიდენტ ბუშს წინდახედული მოქმედება ჰმართებს, რათა ეს უწყება ბიუროკრატიის კიდევ ერთ რგოლად არ იქცეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG