Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად წავიღოთ “ზედმეტი” მილიონები?


საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ხარჯზე ბიუჯეტის დღემდე არნახულმა შევსებამ ხელისუფლებას

ახალი, თუმცა სასიამოვნო თავსატეხი გაუჩინა. “სად წავიღოთ ზედმეტი მილიონები?” - ასე ჟღერს ის კითხვა, რომელზეც სასურველი პასუხის მოსმენას არაერთი მინისტრი და პარლამენტის წევრი ნატრობს. თუმცა ამ კითხვას რიგითი თბილისელებიც დიდი ხალისით უპასუხებენ.

[ქალბატონის ხმა] “პირველ რიგში, ხელფასები მისცენ, რაც ეკუთვნით და ეს ხალხი თვითონ მოუვლის თავს. აი, მე, მაგალითად, არა? ვიცოდე ნაღდად, რომ ამა და ამ რიცხვში, აი, ეს კაპიკები მექნება და შემდეგ რიცხვშიც აუცილებლად მექნება და მივხედავ ჩემს თავს. “

[მამაკაცის ხმა] “ეკონომიკაში უნდა წავიდეს, რაღაცა უნდა აშენდეს, გარემონტდეს… ან ტურიზმში - ერთი სიტყვით, საქმეში უნდა ჩაიდოს. პენსიას ამდენი ხანი არ აძლევდნენ და ერთი წელი კიდევ მოითმენს. თუ არაფერი გაკეთდა, არც არაფერი არ იქნება.”

აი, ასეთ რჩევებს აძლევენ თბილისელები ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენლებიც მიღწეული წარმატებით ამაყობენ და რომლებიც საზოგადოებას ეროვნულ ეკონომიკაში დაწყებული დადებითი პროცესების შესახებ ამცნობენ. თუმცა ცხადია, ხელისუფლება არც შტატიანი მრჩევლების ნაკლებობას განიცდის და ჭარბად მობილიზებულ მილიონებსაც სათანადო დანიშნულებით მიმართავს. ხოლო ის, თუ როგორ შეიცვლება 2004 წლის ბიუჯეტი, საბოლოოდ 29 ივლისს, ანუ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს პარლამენტი დაამტკიცებს. თუმცა მანამდე ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის გარკვევა, თუ რამდენად ლოგიკურია ზურაბ ჟვანიას მთავრობის ამგვარი წარმატება, ანუ მართლა გამოცოცხლდა თუ არა ეროვნული ეკონომიკა და რაში გამოიხატება ყოველივე ეს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სტატისტიკის დეპარტამენტის ევროვნული ანგარიშებისა და მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველოს უფროსს რევაზ წაქაძეს ვთხოვე:

[რევაზ წაქაძის ხმა] “საკმაოდ დიდი ზრდა არის მშენებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო მშენებლობაში ზრდა არ არის, იმ საერთაშორისო პროექტების წყალობით, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, 21 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მრეწველობაში არის მაღალი ზრდა - 16 პროცენტიანი რეალური ზრდა ძალიან მაღალია; გადამამუშავებელი მრეწველობა, სადაც 26 პროცენტიანი ზრდაა. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროშია თითქმის 38 პროცენტიანი ზრდა.”

მთლიანობაში, როგორც რევაზ წაქაძე განმარტავს, მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი 9,4 პროცენტით არის გაზრდილი, რაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება.
და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი:

[რევაზ წაქაძის ხმა] “მაღალი ზრდა არის ძალიან. თანაც როგორ არის, იცით, განაწილებული? მეორე კვარტალში მეტი ზრდაა, ვიდრე პირველში, ანუ ზრდის ტენდენცია არის. პირველში ზრდა იყო 8,8 პროცენტი, მეორეში კი - 10 პროცენტი.”



რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ჟვანიას მთავრობის წარმატება, თუ ცნობილ ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს დავესესხებით, გარკვეულ წილად ვარსკვლავების განლაგებამაც განაპირობა. ცაგარელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ზეციდან სრული კარტ ბლანში აქვს მიცემული. თუმცა

[მიხეილ ცაგარელის ხმა] “ერთია უფულობა, მეორე, როცა გაქვს ბევრი ფული, მაგრამ გყავს არაკვალიფიციური კადრები. ბევრი ფული შეიძლება არასწორად გადანაწილდეს, რისი ტენდენციისა და ხიფათის წინაშე ვდგავართ. არა აუცილებლობის, არამედ მაღალი ალბათობის წინაშე.”(სტილი დაცულია)

მაგრამ უმჯობესია ისევ მიწაზე დავეშვათ და ისევ თბილისელებს მოვუსმინოთ. ზოგიერთი მათგანი არც ხელისუფლების წარმატებამ აღაფრთოვანა დიდად და არც ჭარბი შემოსავლებიდან ელის რაიმენაირ სარგებელს:

[მამაკაცის ხმა] “დღევანდელ ხელისუფლებას მე არ ვცნობ როგორც კანონიერ ხელისუფლებას. სადაც უნდა, იქ წაიღოს ეს თავისი ბიუჯეტი - მე მხოლოდ ეროვნული ბიუჯეტი შემიქმნას.”

თუმცა საფიქრებელია, რომ, ამ რესპონდენტისაგან განსხვავებით, ბევრი მოქალაქე, თუკი მთავრობამ რამე უწილადა, მცირედითაც კმაყოფილი დარჩება.

[ისმის მოქალაქეთა ხმები]:

- “დამეხმარენით, შვილო.”

- “როგორ დავეხმარო მე ამას, როცა მე თვითონ ვარ ამ წუთში დასახმარებელი?”



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG