Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიულმა პარტიამ ბუშის ადმინისტრაციაზე შეტევა გაააქტიურა


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ბუშის ადმინისტრაციას უფრო აქტიურად შეუტიეს. დემოკრატები ხელისუფლებას ამერიკელთა გაწბილებასა და საერთაშორისო საზოგადოების გახლეჩაში ადანაშაულებენ.

სამაგიეროდ, დემოკრატიული პარტიის ყრილობის მეორე დღეს ბოსტონში საქებარი სიტყვები არ დაჰკლებია ჯონ კერის. დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი გამომსვლელებმა პრინციპულ და მამაც ადამიანად დაახასიათეს. მისმა მეუღლემ კი საჯარო გამოსვლისას აღნიშნა, რომ კერი ამერიკას დაკარგულ ავტორიტეტს დაუბრუნებს.

დემოკრატიული პარტიის წარსულისა და აწმყოს შესახებ საუბრისას ყრილობაზე გამომსვლელი პოლიტიკოსები იყენებენ ყველა შანსს, რათა შეუტიონ ბუშის ხელისუფლებას. ისინი ერაყის ომს კვლავაც და კვლავაც სერიოზულ წინდაუხედაობად მიიჩნევენ. სამშაბათს დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს ტერორთან ბრძოლის ჯორჯ ბუშისეული მოქმედებები, ხოლო ჯონ კერი წარმოადგინეს სწორედ იმ კანდიდატად, რომელიც ძლიერია ეროვნული უშიშროების საკითხებში და რომელიც ღირსეულად შეძლებს ამ საქმის წარმართვას.

72 წლის სენატორი მასაჩუსეტიდან, დემოკრატი და ქვეყნის ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური დინასტიის ლიდერი ედუარდ კენედი ყრილობაზე გამოსვლისას აღნიშნავს, რომ რესპუბლიკელებმა 11 სექტემბრის შემდეგ გაჩენილი კეთილი ნება გაფლანგეს:

(ედუარდ კენედის ხმა) "ხელისუფლებამ დიდი ხნის მოკავშირეები ჩამოიშორა. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის უსაფრთხოება განმტკიცებულიყო, პირიქით – დასუსტდა. მათ გააძნელეს ტერორიზმთან ნამდვილი ომის, ალ-ყაიდასთან ომის მოგება. აქედან არც ერთი არ უნდა მომხდარიყო."

კანონმდებელი ილინოისის შტატიდან, 42 წლის ბარაკ ობამა ხაზს უსვამს ჯონ კერის არჩევის აუცილებლობას იმისათვის, რომ მან ამერიკის შეერთებული შტატები "ხანგრძლივი პოლიტიკური სიბნელიდან ამოიყვანოს". სხვათა შორის, ობამას ნოემბერში სენატორად არჩევის ძალიან დიდი შანსი აქვს და თუკი ეს ასე მოხდა, ის ამ პოსტზე არჩეული ერთადერთი აფრიკელ-ამერიკელი იქნება.

დემოკრატთა ყრილობაზე გამოსვლისას ბარაკ ობამამ ბუშის ადმინისტრაციას ერაყის ომის წარმოების ხერხიც დაუწუნა:

(ბარაკ ობამას ხმა) "როდესაც ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს ამ სასტიკ გზაზე ვაგზავნით, ჩვენ მოვალენი ვართ არ დავამახინჯოთ ციფრები და არ დავუმალოთ მათ, თუ რისთვის მიდიან; ვიზრუნოთ ჯარისკაცებზე, მათ ოჯახებზე და არასოდეს, არასოდეს წამოვიწყოთ ომი, თუკი არ გვექნება გამარჯვებისათვის, მშვიდობის დაცვისთვის აუცილებელი ძალა და არ დავიმსახურებთ მსოფლიოს პატივისცემას."

პრეზიდენტობის კანდიდატის მეუღლე ტერესა ჰაინც კერი დარწმუნებულია, რომ ჯონ კერი ამერიკას მორალურ წონასწორობას დაუბრუნებს. მისი აზრით, ამას დასჭირდება დიდი ძალისხმევა. ის გარემოს დაცვის საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას.

მულტიმილიონერი ტერესა ჰაინც კერი ცნობილია თავისი სპონტანურობითა და რეპლიკებით, რამაც შეიძლება მისი მეუღლის საარჩევნო კამპანიას ზიანიც კი მოუტანოს. არადა, მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გამოთქვას საკუთარი აზრი. და ეს სიტყვებიც მან, ალბათ, სწორედ თავისი უფლების დასაცავად წარმოთქვა:

(ტერესა კერის ხმა) "ჩემი ერთადერთი იმედია, რომ ერთხელაც, მალე, ქალს, რომელსაც საკუთარი აზრის გამოთქმის სრული უფლება აქვს, თვითკმაყოფილის ნაცვლად, ჭკვიანსა და კარგად ინფორმირებულს უწოდებენ. ზუსტად ისევე, როგორც მამაკაცს."

დემოკრატიული პარტიის ყრილობა ბოსტონში ხუთშაბათს დასრულდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG